15
Jul
2019

როცა ლიდერს არ სძინავს, ამის საზღაურს მთელი გუნდი იხდის

15 Jul 2019

ბევრმა  ჩვენგანმა იცის, რომ ზრდასრულ ასაკში, დღეში 8 საათი ძილია რეკომენდებული, თუმცა სამსახური, ოჯახი, სოციალური ვალდებულებები ხშირად ჩვენგან დარჩენილ 16 საათზე მეტ დროს მოითხოვს და ჩვენც ვეგუებით, რომ 4-5 საათი უნდა ვიკმაროთ. მეტიც, ძილის დეპრივაცია, ანუ დარღვევა, პატივსაცემ იარლიყადაც კი შეიძლება ვაქციოთ და ეს არასწორია. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამერიკის ეროვნული ჯანმრთელობის მონაცემების მიხედვით, იმ ამერიკელების პროცენტული რიცხვი, რომლებსაც ღამით სძინავთ არაუმეტეს 6 საათისა, 1985-2012 წლებში 22%-დან 29%-მდე გაიზარდა. 2017 წელს კი, საერთაშორისო კვლევამ აღმოაჩინა, რომ პრობლემა კიდევ უფრო საგანგაშოა – ხელმძღვანელების 42% 6 საათს ან კიდევ უფრო ნაკლებ დროს ატარებდა ძილში.

როგორ გგონიათ, სწორად იაზრებთ ჯანმრთელი ძილის მნიშვნელობას? – კარგი ძილი საშუალებას გვაძლევს, რომ ინფორმაცია მარტივად დავიმახსოვროთ, ასევე, ემოციები ვმართოთ… რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძილი ხელს უწყობს გლუკოზის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ, სისხლში შეიწოვება და ენერგიის წყაროს წარმოადგენს, ასევე, აქრობს ბეტა ამილოიდებს – ნაგავს, რომელიც ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასა და ზიანს აყენებს ჩვენს კოგნიტურ აქტივობას.

კონტრასტისთვის, არასაკმარისი ძილი და გადაღლა, ხელს უწყობს განსჯის უნარის დაქვეითებას, თვითკონტროლის შესაძლებლობის შესუსტებასა და შემოქმედებითი აზროვნების დარღვევას. ძილის დეპრივაცია მხოლოდ დისკომფორტსა და კონკრეტული ინდივიდის პირად თუ კარიერულ ცხოვრებას არ ცვლის უარესობიკენ: როცა მენეჯერებს ცუდად სძინავთ, ეს ნეგატიური ენერგია თანამშრომლებზეც აისახება.

როგორ შეგვიძლია ეს ცოდნა პრაქტიკულად გამოვიყენოთ და მეტიც, მივეჩვიოთ ასე ქცევას? პირველი ნაბიჯი ძილდარღვეული ლიდერებისთვის არის იმის გააზრება, რომ უძილობით მხოლოდ საკუთარ თავს არ აყენებენ ზიანს. შემდეგი ნაბიჯები კი რამდენიმე მარტივ, პრაქტიკულ, კვლევით გამყარებულ რჩევას მიდევნება იქნება. 

საშიშროება
ზოგიერთი ხელმძღვანელი, უბრალოდ, საშინელია, ზოგს კი, გარკვეული ფაქტორები უწყობს ხელს, რომ ცუდ უფროსად იქცეს. კვლევებითაა გამყარებული მოსაზრება, რომ მუდმივ უძილობას, ინდივიდის ქცევის შეცვლა დრამატულად შეუძლია. შედეგად, როცა ლიდერები კარგად გამოძინებას ვერასდროს ახერხებენ, ასეთ დროს, შანსი იზრდება, რომ თანამშრომლებს უხეშად მიმართონ, შეურაცხყოფა მიაყენონ… ასევე, მათი ასეთი ქცევით, დაქვემდებარებულებიც არაეთიკურად იწყებენ მოქცევას.

მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა 40 მენეჯერის ძილი გაზომეს და პირველი სამი თვის განმავლობაში 120 პირდაპირი ანგარიში ჩაიბარეს, რომელიც უფროს-თანამშრომლის ურთიერთობას ასახავდა, აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელები, რომლებსაც ძილის რეჟიმი დარღვეული ჰქონდათ, იყვნენ მოუთმენლები, გაღიზიანებულები და ანტაგონისტად ქცეულები, რაც ნეგატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. მკვლევარებში არსებობდა მოლოდინები, რომ ეს ეფექტი ნელ-ნელა შემცირდებოდა, რადგან ეს ადამიანები ერთმანეთს ურთიერთობის გაუარესებამდეც იცნობდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ის ნეგატიური ეფექტი ურთიერთობებზე, რომელიც ძილის დარღვევას მოჰყვება, ისეთივე საშიში იყო დასაწყისში, როგორიც სამი თვის ბოლოს. რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ლიდერებმა ამ ნეგატიური დინამიკის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

მკვლევარებმა მსგავსი შედეგები მიიღეს, როცა 88 ლიდერსა და მათს დაქვემდებარებულებს სთხოვეს, რომ ყოველდღიური გამოკითხვები ორი კვირის განმავლობაში შეევსოთ: როცა ხელმძღვანელებს ცუდად სძინავთ, ისინი მომდევნო დღეს თანამშრომლებს შეურაცხყოფდნენ, რაც თანამშრომლების საქმეში დაბალ ჩართულობას უძღვებოდა წინ. მოკლედ რომ ვთქვათ, როცა ლიდერს არ სძინავს, ამის საზღაურს მთელი გუნდი იხდის. 

ძილი, ასევე, გავლენას ახდენს მენეჯერების უნარზე, შთააგონონ და მოტივაცია მისცენ ადამიანებს მათ გარშემო. 2016 წელს, სტუდენტებს ასეთ ექსპერიმენტში მიაღებინეს მონაწილეობა: ზოგიერთს შეეძლო, ღამის განმავლობაში, ნორმალური რეჟიმით ძილი, როცა სხვებს, შემთხვევით მიცემული დროის განმავლობაში, 2 საათით მეტი ძილის უფლება ჰქონდათ. ექსპერიმენტის თითოეულ მონაწილეს სთხოვეს, რომ ლიდერის ენაზე ესაუბრათ, რომელსაც ჩაიწერდნენ. საბოლოოდ კი, გამომსვლელების ქარიზმას შეაფასებდნენ. აღმოჩნდა, რომ ვისაც ძილის დარღვევა ჰქონდა, 13%-ით უფრო დაბალ შეფასებას იმსახურებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ძილის რეჟიმს აკონტროლებდნენ. რატომ?- კვლევამ აჩვენა, რომ როცა ლიდერები პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენენ თანამშრომლების მიმართ, დაქვემდებარებულები თავს კარგად გრძნობენ და  ხელმძღვანელს, როგორც ქარიზმატულს, ისე აღიქვამენ. შესაბამისად, თუ ხელმძღვანელებს საკარისად არ სძინავთ, ნაკლები შანსია, რომ თავი კარგად იგრძნონ და სწორად მართონ განწყობა. 

როცა ლიდერები ვერ აცნობიერებენ ძილის მნიშვნელობას, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ თანამშრომლებსაც, ნებით თუ უნებლიეთ, მათნაირი ქცევისკენ მოუწოდონ. მკვლევარებმა კვლევის სერიები აწარმოეს, რომელსაც „ძილის დევალვაცია“ დარქვეს, სადაც ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ძილი დროის კარგვაა. მაგალითად, უნებლიეთ, მაგალითის მიცემა 4 საათი ძილის გამო ტრაბახს შეიძლება დავარქვათ, შედარებით გაცნობიერებული ქმედება კი ელექტრონული ფოსტის ღამის 3-ზე გაგზავნა იქნება. შეგნებული ქმედება კი, მაგალითად, იმ თანამშრომელთა ქცევის წახალისებაა, რომლებიც გვიან ღამით, რეგულარულად, მუშაობენ. როგორც წესი, თანამშრომლები ასეთ რეპლიკებს დიდ ყურადღებას აქცევენ და შესაბამისადაც იქცევიან.

აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებს, რომელთა ლიდერებიც ძილის მნიშვნელობას სწორად ვერ იაზრებენ, 25 წუთით უფრო ნაკლები დრო აქვთ ღამით დასვენებისთვის გამოყოფილი, ვიდრე მათ, რომელთა ხელმძღვანელებმაც ძილის ფასი იციან. 

რაც ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო
საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს და ბევრი მათგანი ჩვენთვის უკვე ცნობილია: ძილის რეჟიმის მოწესრიგება, ერთსა და იმავე დროს დაძინება-გაღვიძება, კოფეინის 7 საათით ადრე მიღება, ალკოჰოლის, მინიმუმ, 3 საათით ადრე, ნიკოტინის კი – ძილამდე 3-4 საათით ადრე… ვარჯიში, ოღონდ უშუალოდ, დაძინებამდე არა. რელაქსაცია და მედიტაცია, რომელიც ჩაძინებას ამარტივებს. 

შესაძლოა, ვერ ვიაზრებდეთ, თუმცა, ძილის დარღვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს სმარტფონი და რეჟიმის მოსაწესრიგებლად საჭიროა სმარტფონთან ქცევის შეცვლაც. მელატონინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოქიმიური პროცესია, რომელსაც სმარტფონის ლურჯი ნათება ახშობს. გამოსავალი არის, რომ 9 საათის შემდეგ, სმარტფონზე უარი ვთქვათ. თუმცა, თუ სამსახურიდან გამომდინარე, ეს რჩევა არაპრაქტიკულია, დამხმარე სათვალის გამოყენება გიშველით, რომელიც ნათების ეფექტს ასუსტებს.

30%-ზე მეტ ამერიკელს, ცხოვრების განმავლობაში, გამოუცდია ინსომნია და 5%-ზე მეტი იტანჯება ძილის აპნოესგან – სუნთქვის უკმარისობა. მიუხედავად ამისა, ამ დაავადებებზე დიაგნოზს იშვიათად სვამენ და შესაბამისად, იშვიათადვე მკურნალობენ. თუ  დიდი წონა გაქვთ, ყელი გტკივათ, ხვრინავთ და საწოლში, ძილისთვის ადეკვატურ დროს ატარებთ, თუმცა მაინც დაღლილები ხართ, დიდი ალბათობაა, რომ ძილის აპნოე გაწუხებდეთ. მშობლები ან მეუღლეები ხშირად პირველები ამჩნევენ სიმპტომებს, მაგრამ ოფიციალური დიაგნოზი, როგორც წესი, მაშინ ისმება, როცა გამოკვლევა ჟანგბადის დონესა და ტვინის ტალღებს ზომავს. მკურნალობის ქვეშ, შესაძლოა, საჰაერო ნიღაბი დაგინიშნონ, რომელსაც ღამით, ძილის დროს გაიკეთებთ. 

მათ, ვინც ინსომნიით იტანჯება, პრობლემის შესახებ იციან, მაგრამ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ მას. მკვლევართა ჯგუფმა გამოცადა პროგრამა, რომელიც კოგნიტური ქცევის თერაპიის გამოყენებით ცდილობს დაავადებასთან შებრძოლებას. მონაწილეები, რომლებიც შემთხვევით ჩაერთნენ პროგრამაში, გაუუმჯობესდათ ძილი, თვითკონტროლი, განწყობა და სამსახურით კმაყოფილება და შესაბამისად, ისინი უფრო კოლეგიალურები გახდნენ.

ძალიან ხშირად, ლიდერები თვლემას სამუშაო გარემოში, უსაქმურობას მიაწერენ, თუმცა აშშ-ის გარეთ, ძალიან ბევრი ქვეყნის სამუშაო კულტურაში მიღებულია შესვენებაზე 20 წუთით წაძინება. მეტიც, არათუ მიღებული, არამედ სასურველ ქცევადაც კი აღიქმება რიგ შემთხვევებში. მაგალითად, იაპონიაში ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა. შუადღის სიესტას საკმაო დრო ეთმობა სამუშაო გარემოში ესპანეთში. ნელ-ნელა, მსოფლიოში ლიდერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ შუადღის 20 წუთი ძილი, დღის განმავლობაში, ბევრად უფრო ნაყოფიერ მუშაობას უზრუნველყოფს. ჩაძინება აჩქარებს კოგნიტურ პროცესებს, შეცდომების დაშვების შესაძლებლობას ამცირებს, ამტანობას ზრდის და რთულ დავალებებზე, დღის განმავლობაში კონცენტრირების უნარს აუმჯობესებს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი ცოტა დროით ჩაძინებაც კი, როგორიც 8 წუთია, საკმარისი იყო მეხსიერების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისთვის. 

ხელმძღვანელები უნდა მიხვდნენ, რომ კარგი ძილი წაახალისონ კორპორატიულ კულტურაში. და თუ მაინც არ შეგიძლიათ ღამის 3-ზე ელექტრონული ფოსტის გაგზავნის გარეშე, გადადეთ რეციპიენტთან მისვლის დრო, მაგალითად, დილის 8-მდე რომ არ მივიდეს მასთან თქვენი გზავნილი. ასევე, პროექტი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მოიაზრებს მუშაობას, თქვით, რომ გამონაკლისია. შეხედეთ აღმასრულებელ დირექტორებს, მაგალითად, რაიან ჰოლმსს, რომელიც ამბობს, რომ ძილის დარღვევა, რთული პროექტის მიუხედავად, არ ღირს. „ამაზონის“ ბეზოს: „8 საათი ძილი დიდ განსხვავებას ახდენს ჩემში და ვცდილობ, რომ ეს პრიორიტეტი იყოს ჩემთვის“ და ჰაფინგტონს, Thrive Global-ის აღმასრულებელ დირექტორს, რომელმაც მთლიანი წიგნი მიუძღვნა ამ თემაზე. 

ძალიან მარტივია თითქოს ხომ?! – ძილის შემცირებით, სამუშაო დროს გაზრდი. როგორც ბეზოსი ამბობს, ძილს შეამცირებ და დამატებით, „ნაყოფიერ“ საათებს მიიღებ, მაგრამ პროდუქტიულობა ილუზია იქნება… უფრო უარესიც, როგორც ბევრი კვლევა მოწმობს, თანამშრომლებზეც ნეგატიურად იმოქმედებს თქვენი ძილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

თუკი, ნაცვლად ამისა, ძილს პრიორიტეტად მიიჩნევთ, უფრო წარმატებული ლიდერები იქნებით, რა თქმა უნდა, გარშემომყოფების აღიარებითაც. 

წყარო: HBR



განხილვა