13
Dec
2018

„ჩემი ნამუშევრები შიშს მგვრიან“, Slimesunday – სიურრეალიზმის ყოველდღიური რიტუალი

13 Dec 2018

ამერიკელი ვიზუალური არტისტის – მაიკ პარისელას (Slimesunday) აკვიატებული და ყოველდღიური სიურრეალიზმი 2014 წლიდან იწყება. უფრო კონკრეტულად კი, მომენტიდან, როდესაც მან მუსიკოს Skrillex’s-ს თრექს – First Of the Year (Equinox)-ს მოუსმინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მაიკმა გაიფიქრა: „ჯანდაბა, კომპიუტერი ფსიქიკურად ავადმყოფია“. ამის შემდეგ, მან რამდენიმე პროგრამა იყიდა. უნდოდა გაერკვია, როგორ იქმნებოდა ეს ხმა. თუმცა, „არასდროს მინდოდა საკუთარი მუსიკის შექმნა, უბრალოდ, მაინტერესებდა, რა პროცესს გადიოდა ის, ჩემამდე მოსასვლელად“.

მიზანი, რის გამოც მაიკმა ვიზუალურ ხელოვნებას მიჰყო ხელი იყო „ცარიელი ქაღალდის რამე იდეით მოთხვრა“, ყოველ დღე, სანამ დაიძინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, მაიკმა ასე პერსონალური რუტინა შექმნა, ამბობს, რომ ამ აკვიატებას ნეგატიური კონოტაცია არ აქვს…

ხელოვნების შექმნის ყოველდღიური რიტუალი გახდა ეფექტური გზა იმისათვის, რომ დამეკმაყოფილებინა ჩემი ამკვიატებლური ბუნება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ემი ნამუშევრები შიშს მგვრიან და დიდ შფოთს იწვევენ ჩემში, ეს მაინც პოზიტიური მოვლენაა“, – წერს Slimesunday.

ფსევდონიმი Slimesunday სპონტანურად, რეპერ ემინემის ერთ-ერთი ინტერვიუს მოსმენისას შეარჩია, ასე გადაარჩინა თავი დიდხნიან „თავის ჭყლეტას“, თუ როგორ ეწოდებინა საკუთარი შემოქმედი თავისთვის. მის შემოქმედებითობას ლამაზი ფოტოები და ის ბნელი კუთხეები ასაზრდოებენ, რომლისთვისაც, მაიკის აზრით, აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება.

თვითნასწავლი არტისტი ხშირად ეხება სოციალურ თემატიკას, თუმცა, ეს ერთადერთი მიმართულება არ არის, რასაც მის ნამუშევრებში აღმოჩენთ. მისი ნამუშევრები – ეს არის დისორიენტაციული ალტერნატიული რეალობა, რომელიც ხელოვანის გონების ნაყოფია. მის ნამუშევრებს ინსტაგრამზე 273 000-ზე მეტი მიმდევარი ნახულობს.

Slimesunday-ს კმაყოფილება უფრო შედეგს უკავშირდება, ვიდრე ნამუშევრის შექმნის პროცესს, რადგან ამ უკანასკნელს, ხშირად, ბრძოლასთან აიგივებს. მისი ღამის კოშმარი შემოქმედებითი კრიზისია და ნებისმიერ ფასად ცდილობს მისთვის გვერდის ავლას.

Slimesunday-სთვის ხელოვნება კომფორტია, რომლის თვითონ შექმნაც, როგორც ჩანს, შეუძლია და არამხოლოდ; ის ფიქრობს, რომ ეს სასარგებლოა სხვებისთვისაც.

„ვფიქრობ, სამედიცინო სფეროში ყოველთვის იქნება ადგილი ხელოვნებისთვის. ისევე, როგორც მუსიკა გამოიყენება ალცჰაიმერით დაავადებულთა სტრესის შესამცირებლად, მომავალში, ეს შეიძლება ვიზუალურმა არტმაც შეძლოს“, – ამბობს ის და იმედოვნებს, რომ საკუთარი შემოქმედებით სხვა ადამიანების შთაგონება შეუძლია.

ისევე, როგორც მაიკი მიიყვანა ვიზუალურ ხელოვნებამდე მუსიკამ, ვინ იცის, იქნებ მაიკის სიურრეალიზმმაც მიიყვანოს ვინმე საკუთარი შემოქმედებითობის მოსინჯვამდე.

განხილვა