სლოგანი ის უმნიშვნელოვანესი გზავნილია, რომლითაც ბრენდი პოზიციონირებს. ის ქმნის განწყობას, რომელსაც შემდგომ მრავალი კამპანია, კომუნიკაცია და აქტივობა, ზოგადად, ამ ბრენდის არსებობა ეფუძნება. მისი მოფიქრება მარტივი საქმე როდია, მაგრამ თუ სლოგანმა გაამართლა, ეს ნამდვილად აისახება კომპანიის წარმატებაზე.
ამ სტატიაში გვსურს, თავი მოვუყაროთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს და მათ სლოგანებს, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს, საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს და ერთგვარ, ცხოვრებისეული დევიზის მაგალითადაც არაერთხელ გამოგვდგომია.
The happiest place on Earth – Disneyland
ამ ჯადოსნური სამყაროს სლოგანი სხვანაირი ალბათ არც უნდა ყოფილიყო. „ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე” დისნეილენდის სლოგანია, რომელიც იმ დღიდან არსებობს, რაც პირველი პარკი გაიხსნა კალიფორნიაში. სამწუხაროდ, დაკარგულია ზუსტი წყარო, თუ ვინ მოიფიქრა ეს სლოგანი, თუმცა აგერ უკვე მრავალი ათეული წელია, დისნეილენდის ბრენდინგის თანმიმდევრულ ნაწილად გვევლინება.
Just do it – Nike
1988 წელს შექმნილი ეს სლოგანი Nike-ის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე მარკეტინგის ლექტორები მას ყოველთვის პირველ მაგალითად ახსენებენ, როცა სლოგანებზე საუბარს იწყებენ.
ეს სლოგანი ორიენტირებულია მოქმედებაზე და შესანიშნავ საქმეს აკეთებს Nike-ის ბრენდის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილის გადმოცემაში.
There are some things money can’t buy. For everything else, there’s MasterCard – MasterCard
ეს სლოგანი პირველად 1997 წელს გაჟღერდა, როცა ბრენდმა დაიწყო მასშტაბური სარეკლამო კამპანია. ის გამოიყენებოდა როგორც სატელევიზიო, ისე რადიო და ბეჭდურ მედიაში. სლოგანმა მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და ვირუსულად გავრცელდა.
Do what you can’t – Samsung
ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით, ეს სლოგანი ახალია, ის 2017 წელს შემუშავდა. იგი ასახავს ბრენდის მისიას, დაეხმაროს მომხმარებლებს, გააკეთონ ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად ეჩვენებოდათ. სლოგანთან ერთად თავდაპირველად გამოვიდა ვიდეოც, რომელიც Samsung-ის ძირითად კონკურენტულ უპირატესობებს უსვამდა ხაზს. ესენი იყო: ვერტიკალური ინტეგრაცია, პროდუქციის ღრმა პორტფოლიო, ის ფაქტი, რომ ბრენდის ტექნიკა შეუფერხებლად მუშაობს და ა.შ.
Finger lickin’ good – KFC
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ ეს სლოგანი 1950-იან წლებში რესტორნის მენეჯერმა შექმნა. სიუჟეტის მიხედვით, KFC-ის დამფუძნებელი ჰარლანდ სანდერსი ხშირად ჩნდებოდა კომპანიის ადრეულ რეკლამებში და სცენის ფონზე ჭამდა შემწვარ ქათამს. ერთ-ერთი რეკლამის გაშვების შემდეგ, ტელეკომპანიას დაურეკა ქალმა და ჩიოდა, რომ მისტერ სანდერსი თითებს ილოკავდა, რაზეც მენეჯერმა უპასუხა, რომ დიახ, მათი პროდუქტით თითებს ჩაიკვნეტ. ამის შემდეგ, ეს ფრაზა ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა.
Belong anywhere – Airbnb
ეს სლოგანი 2014 წელს გაჩნდა. მას შემდეგ, რაც მილიარდი დოლარის, მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმამ გააცნობიერა, რომ მისი მომხმარებლები იყენებდნენ ბრენდის მომსახურებას, როგორც არა მხოლოდ ინსტრუმენტს მოგზაურობის გასაადვილებლად. ამ სლოგანამდე Airbnb-ის სლოგანი იყო “travel like a human”.
ახალი სლოგანი გამოხატავს ბრენდის მისიას, იყოს ნებისმიერი მოგზაურის სანდო პარტნიორი ნებისმიერ ადგილას. ის ასევე ასახავს კომპანიის ვალდებულებას, უზრუნველყოს მომხმარებლის კომფორტული მოგზაურობა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი