ადამიანების გარკვეულ ნაწილს აქვს ფსიქოზური ეპიზოდები ცხოვრებაში. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ამერიკელების დაახლოებით 3%-ს ჰქონია, აქვს ან ექნება ასეთი შემთხვევები. აქამდე ამ ადამიანებისა და ქრონიკული ფსიქოზით დაავადებულთა მკურნალობა ანტიფსიქოზური საშუალებები იყო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი გვერდითი მოვლენა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, დადასტურებულია, რომ ზოგიერთი სახის შემეცნებითი ქცევითი თერაპია ამსუბუქებს ფსიქოზურ დაავადებებთან დაკავშირებულ სიმპტომებს.
ერთ-ერთი ასეთი თერაპია ცნობილია როგორც SlowMo. ლონდონის კინგს კოლეჯის ინტერდისციპლინარული ჯგუფის მიერ შემუშავებული მკურნალობა იყენებს საგანმანათლებლო ვიდეოებს, ინტერაქციულ აქტივობებსა და „პროგრესის საგზაო რუკას“, რომელიც ეხმარება ფსიქოზის მქონე ადამიანებს, შეანელონ თავიანთი წუხილი და უკეთ იმოქმედონ საზოგადოებაში. ჯგუფი თერაპიას 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან ავითარებდა. მათი კვლევა ახლახან დასრულდა ახალი აპლიკაციით, რომელიც მზადდებოდა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. ის ეხმარება პაციენტებს, შეამჩნიონ და წარმოაჩინონ თავიანთი ჩვევები და საზრუნავი, შემდეგ კი ყურადღება გადაიტანონ უსაფრთხო ფიქრებზე.
დიდ ბრიტანეთში აპლიკაციის ძირითადი ვერსია დაახლოებით 361 ადამიანმა გამოცადა შემთხვევითობის პრინციპით. აპლიკაცია უკვე ჩაშვებულია და შექმნილია ფსიქოზის მქონე ადამიანებისთვის, რომელიც უნდა გამოიყენონ თერაპევტთან, მართვადი თერაპიის სესიების დროს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოუკიდებლად გამოყენება შეუძლებელია, ეს არის მასტერკლასი ინკლუზიურ დიზაინში ყველასთვის, ვინც ცდილობს შექმნას მოსახერხებელი ინტერფეისი.
ემი ჰარდის, SlowMo-ს თანადამფუძნებლისა და ლონდონის კინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგის ლექტორის თქმით, ფსიქოზი ხასიათდება აღქმისა და აზროვნების ცვლილებებით, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს საერთო რეალობას. სიმპტომებში შედის სენსორული ჰალუცინაციები, პარანოია, კოგნიტიური დარღვევები, მოტივაციის ნაკლებობა, ფოკუსირების დაკარგვა და სასიამოვნო საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაქრობა.
ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად, SlowMo ცდილობს დაეხმაროს პაციენტებს, შეამჩნიონ თავიანთი ფიქრები და საზრუნავი, რომელთა უმეტესობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ისინი ძალიან სწრაფად ფიქრობენ. შემდეგ კი აპლიკაცია ცდილობს მიაწოდოს ხელშესახები რჩევები და ინსტრუმენტები, რათა დაეხმაროს მათ ამ აზრების შენელებაში. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ დიზაინი და ტექნოლოგია, რათა ადამიანებს თავიანთ შინაგან სამყაროზე მუშაობაში დახმარებოდნენ.
აპლიკაცია მომგებიანია როგორც პაციენტებისთვის, ასევე თერაპევტებისთვის. ერთი მხრივ, მას შეუძლია დაეხმაროს პაციენტს, გამოხატოს თავისი წუხილის ბუნება და ინტენსივობა, აუცილებელი სიტყვების პოვნის გარეშე. მეორე მხრივ, მას შეუძლია დაეხმაროს თერაპევტებს თერაპიის უფრო მარტივად განხორციელებაში, რადგან ის ხსნის პაციენტებთან კომუნიკაციის არხს.
აპლიკაცია იწყება „მოგზაურობის“ სქემით, რომელიც ასახავს თერაპიის სხვადასხვა საფეხურს. შესაძლებელია, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი თერაპევტმა გადააკეთოს იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება უდგას პაციენტთან. ეკრანზე გამოსახულ ბუშტებში პაციენტს თავისი წუხილის ჩაწერა შეუძლია, შემდეგ კი ამ ბუშტს ანიჭებენ ზომას, რათა წარმოადგინონ გრძნობის ინტენსივობა.
აპი, იმავდროულად, შექმნილია ისე, რომ ყველას შეუძლია გამოიყენოს იგი, მიუხედავად მათი ციფრული წიგნიერებისა. პაციენტებს შეუძლიათ დააჭირონ ღილაკს ბუშტის ზედაპირზე ან დააწკაპუნონ მასზე კურსორით და გადაიტანონ იგი ეკრანზე, ბუშტის ზომის გასაკონტროლებლად. იმავდროულად, ღილაკზე ორჯერ დაჭერის ნაცვლად, რაც შეიძლება ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი ტრემორის მქონე ადამიანებისთვის, პაციენტებს შეუძლიათ დააჭირონ ღილაკს ჩვეულებრივზე ცოტა ხანს, სანამ არ იგრძნობენ მცირე ვიბრაციას. ერთი სიტყვით, აპლიკაციის მოქნილობა მაქსიმალურად არის გათვალისწინებული იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ის მომზადდა.
აპლიკაციის შემქმნელები ამბობენ, რომ მის დახვეწაზე მუშაობას გააგრძელებენ და ის ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ფსიქოზის, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.