in

NASA-მ SLS-Orion-ის ტესტირება წარმატებით დაიწყო

NASA-მ 10 წელზე მეტი დახარჯა მთვარეზე დასაბრუნებლად, რისთვისაც სპეციალური მეგა-რაკეტა შექმნა. ეს კი 1972 წლის შემდეგ პირველად დააბრუნებს ასტრონავტებს მთვარეზე და ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე კვლევების წარმოებაში დაგვეხმარება.

როგორც ვიცით, კოსმოსური სააგენტო მთვარის ზედაპირზე ბაზის შექმნას გეგმავს. რა თქმა უნდა, ამას, პირველ რიგში, იმის დამტკიცება სჭირდებოდა, რომ SLS-ს ნამდვილად შეუძლია სრულყოფილი ფუნქციონირება. ამისათვის, გუშინ ნასამ მისი ტესტირების დემონსტრირება მოაწყო და გამშვებ პადზე მოათავსა. თავის მხრივ, ეს ტესტირების ბოლო ეტაპის გავლას ემსახურება, რათა დადგინდეს, რამდენად მალე შეძლებს რაკეტა კოსმოსური ფრენის განხორციელებას.

„ქალბატონებო და ბატონებო, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა სწორედ აქ არის. კაცობრიობა მალე შევა ძიების ახალ ეპოქაში“, – განაცხადა ნასას ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა  და კოსმოსური ხომალდისკენ მიუთითა.

მისიის ფარგლებში, რომელსაც Artemis-1 ეწოდება, SLS მთვარეზე Orion-ს გადაიტანს. სწორედ ეს მისია გვამცნობს, რამდენად არის შესაძლებელი 2023 წლისთვის ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნება… პილოტირებულ მისიამდე კი ყველანაირი დეტალი წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული.

SLS გიგანტური ძირითადი პლატფორმისგან შედგება, რომელშიც განთავსებულია საწვავის ავზები და ოთხი მძლავრი ძრავა. მათ გვერდით კი ორი 54 მეტრის სიგრძის მყარი სარაკეტო გამაძლიერებელია (SRB) განთავსებული. ეს ორი გამაძლიერებელი უზრუნველყოფს SLS-ის აფრენას დედამიწიდან პირველი ორი წუთის განმავლობაში. ამასთან, SLS-ის მთავარი პლატფორმა და SRB უფრო მაღალია, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება საყრდენის გარეშე.

SLS-Orion-ის შემდგომი ტესტირება 3 აპრილს დაიწყება და, დაახლოებით, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ინჟინრები გეგმავენ სრულად დატვირთონ SLS-ის ძირითადი საწვავის ავზები თხევადი წყალბადით და თხევადი ჟანგბადის საწვავით ჩაატარონ გაშვების იმიტაცია.

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ძველი მუმია აღმოაჩინეს

“Horridus” — ტრიცერატოფსის ყველაზე სრულყოფილი ნამარხი ისტორიაში