პროფესიული თვითგამორკვევის პრობლემის მოგვარება თანდათანობით მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სწორი კარიერული არჩევანი მთლიანად ცვლის ჩვენი ცხოვრების ხარისხს.
ახალგაზრდები ხშირად პროფესიას არასაკმარისი ინფორმაციის საფუძველზე ირჩევენ, რაც აფერხებს მათ კარიერულ განვითარებას. მათ არ აქვთ სრულყოფილი წარმოდგენა განათლების სფეროს ალტერნატივებსა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე, რის გამოც გადაწყვეტილებებს ხშირად ახლობელი ადამიანების რჩევებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე დაყრდნობით იღებენ.
პროფორიენტაციის როლი სწორედ აქ ჩნდება – ის ეხმარება ახალგაზრდებს, აირჩიონ მათი ინტერესებისა და უნარების შესაბამისი პროფესია, რომელიც ბაზარზე აქტუალურია. ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი უფრო წარმატებული კარიერული გზის საფუძველს ქმნის.
ამ გამოწვევას, ჯერ კიდევ 2020 წელს წავაწყდით და საპასუხოდ სმარტ აკადემიის გუნდმა მოამზადა პროფესიების გზამკვლევის პირველი ვერსია. ახლა კი, „თანამედროვე პროფესიების გზამკვლევი“, მუშავდება HR პროფესიონალებთან ერთად და მასში თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება 50-მდე თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესია, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება უკეთ გაეცნონ კარიერულ შესაძლებლობებს და აირჩიონ მათთვის შესაფერისი სფერო.
გზამკვლევი საინფორმაციო ხასიათისაა და განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და ასევე იმ პირებისთვისაც, ვინც დიდი ხანია არჩეულ სფეროში ვითარდება, თუმცა სურს დამატებითი პროფესიის დაუფლება ან ახლით ჩანაცვლება. გზამკვლევი მოიცავს ზოგად ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობები, რბილი და ტექნიკური უნარები, ანაზღაურება და კარიერული შესაძლებლობები, რაც ახალგაზრდებს ეხმარება უკეთ გაიგონ, თუ რა მოლოდინები ჰქონდეთ სხვადასხვა სფეროში მუშაობისას.
„ორბელიანი მეტის“ იდეების კონკურსში გამარჯვებამ შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენი ინიციატივა ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო. ამ წარმატების შედეგად, „თანამედროვე პროფესიების გზამკვლევს“ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, ახალგაზრდებსა და მოტივირებულ პირებს, მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების შესახებ და გააზრებული არჩევანი გააკეთონ კარიერული მიმართულებით.
მათი მხარდაჭერით, გზამკვლევის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მულტიფუნქციურ სივრცეებსა თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, ვქმნით ვიდეო პლატფორმას – პროფესიების საინფორმაციო ვებგვერდს, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში გაეცნონ პროფესიასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას.
ამ პლატფორმის მიზანია, დაეხმაროს პროფესიის მაძიებლებს საკუთარი რესურსების მობილიზებაში, მიზნების იდენტიფიცირებაში, ცოდნის და კომპეტენციების გამოყენებით კომპლექსურ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან გამკლავებაში როგორც შრომის ბაზარზე, ასევე – ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე, ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება მაფიის ალტერნატიული სამაგიდო თამაში – „პროფესია“ ახალი წესებით, სადაც ტრადიციული როლები ჩანაცვლდება თანამედროვე ციფრული პროფესიებით, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ცნობადობას თითოეულ პროფესიაზე. თამაში იქნება შემეცნებითი ინსტრუმენტი, რომელიც პროფესიული არჩევანის პროცესს უფრო საინტერესოს გახდის.
პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნებისმიერ მსურველს აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია თავისი ინტერესების, შესაძლებლობების, შრომითი ბაზრის მოთხოვნების, განვითარების პერსპექტივების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ჩვენი ინიციატივა ხელს შეუწყობს ინფორმირებული და გააზრებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროფესიული განვითარების პროცესს და გახდის მას უფრო მიზანმიმართულს და პერსპექტიულს.
თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ პროფესიების გზამკვლევი გავხადოთ ხელმისაწვდომი და სასარგებლო თითოეული ახალგაზრდისთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ თავიანთი შესაძლებლობები და ინტერესები, და განავითარონ თავიანთი უნარები სწორად შერჩეულ სფეროში.
ორბელიანი მეტის პლატფორმაზე სახალხო დაფინანსების კამპანიები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლია მხარი დაუჭირო ჩვენს ინიციატივას!
შენი მხარდაჭერით, თანხის მინიმალური დონაციით თუ იდეის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაგვეხმარები ამ ინიციატივის განხორციელებაში.
როგორ უნდა ჩაერთო კამპანიაში?
- გადადი ორბელიანის ვებგვერდზე
- გაეცანი ინიციატივას და ჯილდოებს
- დაგვიჭირე მხარი
- გახდი ცვლილებების თანამონაწილე!
[R]