in

მეტი ვიდრე კომპანია – თბილისის საუკეთესო ოფისები

სმარტ კაპიტალ ჯგუფის ახალი სიცოცხლე ისტორიულ შენობაში

თბილისში არაერთი საინტერესო უბანია, თავისი განუმეორებელი ხიბლით, განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი ძველი უბნები, რომლებიც ისტორიული და ულამაზესი შენობებით, თბილისური აივნებით, სადარბაზოებით, მოხატული კედლებითა და ეზოებით თავის უნიკალურ იდენტობას და ერთგვარ სურათს ქმნიან, თუ როგორი იყო მაშინდელი ევროპული მოდერნის ესთეტიკა ჩვენი ქალაქის არქიტექტურაში.

თბილისური არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილს დღეს დავით აღმაშენებლის გამზირზე, იგივე ძველ პლეხანოვზე მდგარი შენობები წარმოადგენს. როგორც ცნობილია, აღმაშენებლის გამზირი XIX საუკუნეში გაშენდა და დღემდე გამორჩეული და განსაკუთრებულია თავისი შენობა-ნაგებობებით.

ერთ-ერთი ასეთ უნიკალური შენობა აღმაშენებლის 138 ა ნომერში მდებარეობს, რომელიც 1915 წელს აშენდა. ისტორიის თანახმად, სახლი სომხური წარმოშობის თბილისელ არქიტექტორს, – გაბრიელ ტერ-მიქელოვს ეკუთვნოდა, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში თბილისს არაერთი დახვეწილი შენობა უსახსოვრა. ამბობენ, მიქელოვს ეს შენობა მდიდარი სომეხი ვაჭრისთვის, მელიქ დადიანისთვის აუგია, ნაგებობისთვის კი განსაკუთრებული წარმატებისა და ბარაქის აღსანიშნავად სახელიც კი დაურქმევიათ – “შემოსავლიანი სახლი“.

თითქმის საუკუნე გავიდა ამ შენობის აგებიდან და როგორც მრავალ, ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ნიმუშზე, დრომ და უფუნქციობამ მასზეც უარყოფითი გავლენა იქონია.

რამდენიმე წლის წინ კი, სწორედ მაშინ, როცა ერთ დიდ კომპანიას საერთო სამუშაო სივრცე სჭირდებოდა, გადაწყდა, რომ ეს “ჩამქრალი” და დროისგან დაზიანებული შენობა ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებდა. ასეც მოხდა და დღეს უკვე სრულად რესტავრირებული სახით კომპანია Smart Capital Group-ის მთავარ ოფისად განაგრძობს ფუნქციონირებას.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ კვალიფიციურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებსა და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს. ქმნის სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს შესაძლებლობებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.

ჯგუფის ახალი ოფისის ინტერიერის სტილის შერჩევაში, მოწყობასა და სრული რესტავრაციის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ჩხარტიშვილმა:

“კომპანიები, რომლებიც ე.წ ოჯახურ ბიზნეს-საქმიანობას ახორციელებენ, ძირითადად, ამ ოჯახისთვის დამახასიათებელ ხასიათს ატარებენ. სმარტ კაპიტალიც ამგვარი ოჯახური გარემოა და რადგანაც ჩვენი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის, ხელოვნება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, გადავწყვიტეთ, ეს ისტორიული შენობა ჩვენი სათავო ოფისი გამხდარიყო.

გარდა ამისა, ამ შენობის რესტავრაციით გვსურდა, ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა გამოგვეჩინა, რომელიც როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე ჩვენი ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამგვარი დამოკიდებულებით, ვცდილობთ, ჩვენი ჯგუფი თითოეული წევრისთვის და პარტნიორისთვის იყოს მეტი, ვიდრე დამსაქმებელი და კომპანია. შესაბამისად, ამ შენობის არჩევაც არგუმენტირებულად მოხდა, ზუსტად ვიცოდით, როგორი შედეგის მიღებაც გვსურდა.

შენობა მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ჩვენ კი მისი აღდგენა მოვახერხეთ. გვსურდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის უნიკალური და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა.
ასევე გვინდოდა, ეს ადგილი ერთგვარი თავშეყრის და ხელოვნების ხელშემწყობი სივრცე, ერთგვარი ჰაბი ყოფილიყო თუნდაც, კულტურის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუმცა, დღეს არსებული მდგომარეობა და პანდემია ჯერჯერობით ამაში ხელს გვიშლის, სამომავლო გეგმებში ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებთ.”

M: საკმაოდ დიდი ენერგია და დროა საჭირო იმისთვის, რომ ძველი შენობა რესტავრირდეს..

ხშირად, შესაძლოა, რაც შეიძლება ძველისგან მივიღოთ, ვერასდროს აჯობოს ახლადშექმნილმა. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, დროს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი შედეგი იყო. საბოლოო შედეგი კი მართლაც უნიკალური მივიღეთ და რომ არა პანდემია, გვექნებოდა შესაძლებლობა, ჩვენი საზოგადოებისთვის გაგვეცნო ისტორია და გვენახებინა უნიკალური შენობა, მოგვეყოლა, თუ როგორ შევინარჩუნეთ და აღვადგინეთ თითოეული დეტალი, ფერი, ჩუქურთმა რესტავრირებისას.

M: ვინ გყავდათ ჩართული რესტავრირების პროცესში და რა შეზღუდვებს წააწყდით?

როდესაც ამ შენობის რესტავრირება გადავწყვიტეთ, პირველივე ეტაპიდან ჩავრთეთ ძეგლთა დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ვასრულებდით ყველა სარემონტო სამუშაოს. როდესაც საქმე ძეგლს ეხება, ცვლილების მინიმალური შესაძლებლობა გაქვს და მართალი გითხრათ, სურვილიც, რადგან ყოველ დეტალს დიდ ყურადღებას ვუთმობ.

ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ თუნდაც ოთახები სფერი შეგვეცვალა. ფაქტობრივად, შენობის წინა ფასადი ისეთივე დავაბრუნეთ, როგორიც ეს ადრე იყო – იდენტობა აღვადგინეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა ძველი იერსახე: დავტოვეთ კარები, ფანჯრები თავის ძველებური უნიკალური ბროლის შუშებით, თუმცა ვიცოდით, ზამთარში ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა სხვა დისკომფორტიც გვქონოდა, მაინც თანახმა ვიყავით, პირველადი იერსახის შესანარჩუნებლად დათმობებზე წავსულიყავით. ხელოვნების სიყვარული იმდენად მნიშვნელოვანია, დიდი ცვლილებების სურვილიც არ გვქონია. მოფრთხილება და აღდგენა იყო ჩვენი პრიორიტეტი.

M: ინტერიერის დიზაინი სრულად თქვენ გეკუთვნით?

დიახ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიტანია შენობის რესტავრირებისას. მხოლოდ ინტერიერი და ზოგადი განწყობის შექმნა ავიღე ჩემ თავზე მინდოდა, ჩვენი პირადი კოლექცია, ფართო საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა და მისი დათვალიერება სხვებისთვისაც ყოფილიყო შესაძლებელი. ამიტომაც, ჩვენს მოსაცდელ ოთახში გამოვფინეთ ლიმიტირებული საკოლექციო წიგნები და ქართველი არტისტების ნამუშევრები. ამგვარად, ოფისში თანამშრომლებს, თუ სტუმრებს შეეძლებათ, წაიკითხონ, დაათვალიერონ, ისიამოვნონ ხელოვნებით, ლიტერატურით… ვფიქრობთ, ეს ოთახი სტანდარტულ მოსაცდელ სივრცეს არ ჰგავს, იმდენად საინტერესოა, შესძლაო ინსპირაციის წყაროდაც კი იქცეს ვინმესთვის.

გარდა ამისა, საინტერესო იდეის შემთხვევაში, ეს სივრცე ნებისმიერ არტისტს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ნამუშევრები გამოფინოს, რომლის დათვალიერებაც ყველას შეეძლება, გაზიარება მნიშვნელოვანია, მითუმეტეს როცა საქმე ხელოვნებას ეხება.

M: გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო არქიტექტურას კარგად იცნობთ, როგორ ფიქრობთ, ამ შენობას რაიმე განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დეტალი გააჩნია?

ვფიქრობ, თავის დროზე ამ შენობისთვის სპეციალურად შეიქმნა რაღაც კონკრეტული გამოსახულებები (პატერნები), რომლებიც საკმაოდ ბევრ ოთახში ჭერზეა გამოყენებული და მეორდება.
ასევე, აღსანიშნავია კარ-ფანჯრებზე ლამაზად გათლილი ბროლის შუშები. სარემონტო კომპანიები გვირჩევდნენ, შეგვეცვალა კომფორტული და თანამედროვე მასალით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მთავარი უნიკალურობა სწორედ ამ დეტალებშია. თითქოს ამ შუშებში შუქი სრულიად სხვანაირად შემოდის და მზის სხივებივით იშლება ოთახებში. უნიკალურობა ზოგადად დეტალებშია და ამიტომაც ვცდილობ დავაკვირდე და მოვუფრთხილდე.

შენობას ასევე აქვს შიდა ეზო, რომელიც სამი მხრიდან არის შემოსაზღვრული. ქართულ სტილში გადაწყვეტილი ხის აივნებით და მყუდრო სივრცით, რომელიც გვინდა, ასევე ერთგვარ შეხვედრების და ღონისძიებების ადგილად იქცეს. ჩვენი სურვილია, მთელი ეს შენობა არა მხოლოდ ჩვენი ოფისის თანამშრომლებისთვის, არამედ ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს. მოკლედ, პანდემიის შემდგომი გეგმები საინტერესო გვაქვს.

M: ისტორიულ შენობებს აქვთ ადაპტერების პრობლემები, როგორი სიტუაციაა ამ კუთხით ამ შენობაში?

ძალიან სამწუხაროა ის, რომ ამ შენობას არ აქვს პანდუსები. საქართველოში ხომ ეს პრობლემა ისედაც მწვავედ დგას და ამ შენობაში ჩვენც წავაწყდით ამ პრობლემას. ასევე, შენობაში არ არის ლიფტი, გვქონდა განხილვა, გაგვეკეთებინა თუ არა, თუმცა, რადგანაც ძველ იერსახეს და კონცეფციას ვინარჩუნებთ, გადავწყვიტეთ, რომ თავი შეგვეკავებინა.

M: როგორ ფიქრობთ, თანამშრომლებზე რა გავლენას ახდენს მსგავსი გარემო?

ყოველი დილის გათენება მიხარია, რადგან ვიცი, რომ ამ ოფისში უნდა წავიდე. გარდა შენობის არქიტექტურისა, მნიშვნელოვანია ის კეთილგანწყობა და აურა, რაც ოფისში გვაქვს. ვფიქრობ, თანამშრომლებისთვის ეს ოფისი სასიამოვნო გარემოს წარმოადგენს, რადგან ყოველი ახალი სტუმარი ამ შენობაში შემობიჯებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს ხოლმე.

გარდა ამისა, ვფიქრობ, ეს ოფისი ჩემი გუნდის წევრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რადგან, აქამდე ჩვენ არ გვქონდა საშუალება, ერთი საერთო შენობა გვქონოდა, რომელიც ერთ დიდ გუნდად გაგვაერთიანებდა. კომპანიები დანაწილებული იყო სხვადასხვა ოფისებში. შესაბამისად, სასიამოვნო გარემოს გარდა, ვართ ერთ სივრცეში, რომელშიც უფრო სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს, ვხედავთ ერთმანეთს, მარტივად ვახერხებთ სიახლეების, პროექტების, ინიციატივების გაზიარებას.

M: როდიდან გადაწყვიტეთ ერთი ქოლგის ქვეშ, ანუ სმარტ კაპიტალის სახელის ქვეშ გაერთიანებულიყო ყველა კომპანია?

ზოგადად, სმარტ კაპიტალი ბევრ მიმართულებას მოიცავს. შესაძლოა, ვიღაცამ იცოდეს შილდა, ვიღაცამ – ეშვი, მაგრამ არ იცოდეს, რომ ეს კომპანიები ერთი ძლიერი და სტაბილური ჯგუფის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებს. ისინი სულ რამდენიმე წლის წინ გავაერთიანეთ სმარტ კაპიტალის სახელწოდებით. თუმცა, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ წარმატების ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ჰოლდინგის ზრდა და განვითარება კი, საინვესტიციო მიმართულების შექმნით დაიწყო. ახალგაზრდა, პროფესიონალი გუნდის მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების პარალელურად, სხვადასხვა დივერსიფიცირებული მიმართულებების შექმნა და მოდერნიზება მოხდა. მას შემდეგ, ჯგუფს ბევრი საინტერესო პროექტი და კომპანია შეემატა, როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და საერთაშორისო ბაზარზე.
საერთო სივრცის შექმნით კი, გვსურდა, ერთიანი სამუშაო გარემო შეგვექმნა, ერთი ვებგვერდი გაგვეკეთებინა, ერთი საკომუნიკაციო არხი გვქონოდა, დღეს კი, როცა უკვე ეს ყველაფერი არსებობს, ვფიქრობ კიდევ უფრო საინტერესო სიახლეები გვექნება როგორც არსებული პარტნიორებისთვის, ასევე დაინტერესებული ინვესტორებისთვის.

M: გვიამბეთ სმარტ კაპიტალის ბრენდინგზეც..

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ბიზნეს პლატფორმა და ათეულობით წლების ისტორიის მქონე გამოცდილი ჯგუფი, გვქონდა სურვილი, შეგვექმნა სოლიდური, სადა ბრენდი იგივე სახელით, ხოლო ლოგო უფრო მეტად კონსერვატორული, ვიდრე თანამედროვე. რებრენდინგზე იმუშავა ჩვენმა მმართველმა გუნდმა, ბრენდბუქი და ლოგო გადაწყვეტილია სადა, ლურჯ სოლიდურ ფერთა გამაში და თავში ფიგურის სიმბოლოთი გამოხატავს ჩვენი ჯგუფის დივერსიფიკაციას, მუდმივ მოძრაობას, წინსვლას და განვითარებას.

ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ლოგოსა და ბრენდინგზე ჩვენი გუნდის წევრს, ანა თოდიძეს, იგივე “კნოპკას” ემუშავა. ცდამ გაამართლა, დავალება ზუსტად შესრულდა. იყო ბევრი შეხვედრები, ლოგოს და ფერების უამრავი ვერსიები, მოსაზრებები, მაგრამ ესეც ბუნებრივად სამუშაო პროცესის ნაწილია და ყველაფერი მშვენიერი შედეგით დასრულდა.

M: და ბოლოს, პირადად თქვენთვის, ეს ოფისი ის ადგილია, სადაც თქვენს საინტერესო და მნიშვნელოვან იდეებზე მუშაობთ?

დიახ, ოფისი არის ის ადგილი, სადაც შემიძლია, ჩემი აზრებისა და იდეების გენერირება მოვახდინო, თუმცა, უფრო მეტად ამას სახლში ვაკეთებ, რადგანაც იქ ძალიან ბევრი ინსპირაციის წყარო მაქვს მოგროვილი. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ჩემი ახალი იდეები, ძირითადად, სახლში იბადება, ოფისს კი მათ განსახორციელებლად ვიყენებ. ორივე ადგილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსპირაციად და საუკეთესო შედეგების მისაღწევად. თუმცა, ყოველდღიურად ვცდილობთ, ეს მშვენიერი შენობა თითოეული თანამშრომლისთვის იყოს მეტი, ვიდრე კომპანია.

როგორ გაზარდა მომხმარებლის ქცევაზე ფოკუსირებამ ირლანდიურ თეთრ თევზზე მოთხოვნა

Mymarket-ზე მეორადი ნივთების შესაძენად სესხის მოთხოვნა გახდა შესაძლებელი