რამდენიმე წლის წინ სმარტ კაპიტალ ჯგუფის კომპანიები ერთ საერთო სივრცეში გაერთიანდა, სადაც შეიქმნა ჯგუფის სათავო ოფისი, ერთიანი სამუშაო გარემო, საინტერესო სიახლეებით და პროექტებით.
კომპანიის კორპორაციული კულტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ნათია ჩხარტიშვილი, სმარტ კაპიტალ ჯგუფის დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გვესაუბრა:
M: სმარტ კაპიტალ ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული ჯგუფია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. როგორია ამდენი განსხვავებული გაერთიანების კორპორაციული კულტურა და თქვენი ჯგუფის სტრუქტურა?

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ისტორია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. თავდაპირველად დაიწყო საინვესტიციო პროექტების განხორციელებით, შემდეგ კი ბევრი დივერსიფიცირებული მიმართულება და კომპანია შეემატა როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ და სხვა საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენმა ჯგუფმა წლების განმავლობაში შექმნა ახალი სამუშაო ადგილები ისეთი ბიზნესმიმართულებებისთვის, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობა, ტექნოლოგიები, წარმოება, ლოგისტიკა, რითეილ მიმართულება, CSR და სხვა.
ჩვენი კომპანიებია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: „მეღვინეობა შილდა“, თავის გამორჩეული ტრადიციული ქართული სასმელებით; „ეშვი“ — ლონდონში დაარსებული სამკაულების ბრენდი; „ეშვი კიდსი“ — ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილებით შექმნილი ტანსაცმლის ბრენდი პატარებისთვის; სასტუმრო „ბაზზარ“ მართლაც რომ გამორჩეული დიზაინის მქონე ბუტიკური ტიპის სასტუმრო და ჯგუფის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით განხორციელებული პირველი ინვესტიცია.
აგრეთვე, ჩვენი ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური განვითარების მიმართულებით, ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობისთვის; მომავალი თაობისთვის შექმნილი რაგბის სკოლა „ძმები“; თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულების კომპანია „აპ აიდია“ და ა. შ. ეს არის ზოგიერთი იმ ჩამონათვალიდან, რამაც უკვე შეძლო და თავის სახელი დაიმკვიდრა.

პერიოდულად განვიხილავთ ახალ საინვესტიციო იდეებს, პროექტებს და შემდეგ ვახორციელებთ. ჯგუფის სლოგანიც ასე ჟღერს „Ideas Matter“ და მართლაც, ჩვენი თუ ჩვენი თანამშრომლების საინტერესო იდეები და პროექტები მნიშვნელოვანია და აუცილებლად ეთმობა შესაბამისი დრო თუ ენერგია.
M: რატომ გაჩნდა ერთიანი სათავო ოფისის მოთხოვნა და რა აქტივობები ხორციელდება გუნდების გასაერთიანებლად?
გარდა იმისა, რომ ისტორიულ და ულამაზეს შენობაში განთავსდა ჩვენი სათავო ოფისი, ვფიქრობ, ეს სივრცე ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე ჩვენ არ გვქონდა საშუალება, ერთი საერთო შენობა გვქონოდა, რომელიც ერთ დიდ გუნდად გაგვაერთიანებდა. კომპანიები დანაწილებული იყო სხვადასხვა ოფისში. შესაბამისად, სასიამოვნო გარემოს გარდა, ვართ ერთ სივრცეში, რომელშიც უფრო სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს, ვხედავთ ერთმანეთს, მარტივად ვახერხებთ სიახლეების, პროექტების, ინიციატივების გაზიარებას.

თანაც, გარდა შენობის ისტორიული არქიტექტურისა, მნიშვნელოვანია განწყობა და მუხტი, რაც ოფისში გვაქვს. აქტივობები, რომლებსაც თანამშრომლების სამოტივაციოდ ვახორციელებთ. ვფიქრობ, თანამშრომლებისთვის ეს ოფისი სასიამოვნო გარემოა — ჩვენთან მოსული სტუმრები თუ პარტნიორეbიც ვერ მალავენ აღტაცებას.

რაც შეეხება აქტივობებს, მარკეტინგის გუნდთან ერთად ყოველდღიურად ვცდილობთ, ეს მშვენიერი შენობა თითოეული თანამშრომლისთვის იყოს მეტი, ვიდრე კომპანია. სწორედ ამიტომ, ტრადიციულად ერთად აღვნიშნავთ რამდენიმე თარიღს: ახალი წლის ღონისძიებას, ბავშვთა დაცვის დღეს — როცა ჩვენი თანამშრომლები სამსახურში მოდიან თავის შვილებით, ან შვილიშვილებით და ყველასთვის ეწყობა არაჩვეულებრივი გასართობი საღამო. შემოდგომაზე კი კახეთში რთველი გვაქვს, ჩვენს საყვარელ მეღვინეობა შილდაში: ყურძნის კრეფით, საწნახელში დაწურვით და ჩვენი ხალხური ანსამბლი „შილდას“ მრავალჟამიერის თანხლებით.
უკვე ერთი წელია, დავიწყეთ და წარმატებით ვქმნით პროექტს „Smart Talks“.
M: მოდით, ამ ბოლო პროექტის შესახებ მოგვიყევით…

ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მოვიფიქრეთ ახალი პროექტი „Smart Talks“.
ამ პროექტის მიზანია თანამშრომლებზე და მათ ემოციურ/ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვა, განვითარება, სხვადასხვა თემაზე ცნობიერების ამაღლება. ჩვენი დამფუძნებლების და მენეჯმენტის სურვილით, ამ და სხვა საინტერესო ინიციატივებით გვსურს შევძლოთ, რომ მათთვის სამსახური გახდეს მეტი, ვიდრე კომპანია.
„Smart Talks“ ყოველთვიურად ერთხელ ტარდება და წელიწადში სულ 12 შეხვედრა გვიგროვდება. მოწვეული სპიკერები არიან საუკეთესო პროფესიონალები თავიანთ სფეროებში — ისინი დამსწრეებთან ე. წ. „თოქებს“ ატარებენ. ამ ერთი წლის განმავლობაში განსხვავებული თემები შევარჩიეთ და თოქზე გვყავდნენ ისეთი სპიკერები, როგორებიც არიან: თიკა რუხაძე, ნინო მარგველაშვილი, თათია ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, დათო ტურაშვილი, ნატა მეფარიშვილი. ხოლო უკვე 2023-ში დაგეგმილია ახალი თემები და სპიკერები, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს ჩვენს გუნდებს „შესაკრავად“.

აგრეთვე, წელს, ჩვენი ჯგუფის და კომპანია „ეშვის“ ინიციატივით, გავაკეთეთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სადაც თანამშრომლების მიერ გაყიდული და ნაყიდი ნივთებით რამდენიმე საათში შეგროვდა 10 000 ლარის ოდენობის თანხა და თავადვე დაეხმარნენ რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ბედნიერი ახალი წლის მოწყობაში.

ვფიქრობ, ახალი იდეები მნიშვნელოვანია, გეგმები ბევრი გვაქვს და კორპორაციული კულტურის დანერგვა, ამაღლება კომპანიაში მნიშვნელოვანი შედეგების მოტანას უკავშირდება.
[R]











