საავტომობილო ბრენდებს, როგორც წესი მრავალწლიანი ისტორია აქვთ. უმეტესობა ისეთ მანქანებს აწარმოებს, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის სილამაზის, კომფორტის, სისწრაფისა და სიმდიდრის ასოციაციებს ქმნის და მათ ნიშას სხვებისგან ადვილად გამოვარჩევთ.
დღესდღეობით მსოფლიო ავტოინდუსტრია მიმართულია მობილურობისკენ და ისეთი ავტომობილების შექმნისკენ, რომლებიც სამომავლო ტენდენციებზე მორგებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
დღეს მოგიყვებით იმ ბრენდის ისტორიას, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანი მანქანების სიაში ყოფნას უწინასწარმეტყველებენ. ე.წ. Smart Car, რომლის ავტომობილები გამორჩეულია თავიანთი კომპაქტურობით. მათზე არაერთგვაროვან მოსაზრებებს მოისმენთ, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება – სმარტ მანქანები მოხერხებული და ჭკვიანი გამოსავალია. ასევე, მიიჩნევა, რომ ეს მომცრო ავტომობილები ეკომეგობრულებიც არის, რაც მის დაპრიორიტეტებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
დასაწყისი
ამ მანქანების გამოგონების იდეა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საათებს უკავშირდება. ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიის “Swatch” დირექტორი, ნიკოლას ჰაიეკი ფიქრობდა, რომ ავტოინდუსტრია მიზანმიმართულად აიგნორებს ადამიანებს, რომლებსაც პატარა და განსხვავებული სტილის მქონე მანქანები მოსწონთ. პატარა და ლამაზი მანქანების შექმნის იდეას კომპანიაში Swatchmobile უწოდეს. ჰაიეკს არ ჰქონდა ინტერესი, კონკურენცია გაეწია სხვა ავტომწარმოებლებისთვის, პირიქით, მას სურდა მათთან თანამშრომლობა. თავდაპირველად, იდეით მივიდა Volkswagen-თან, თუმცა მუხედავად იმისა, რომ თავიდან თითქოს დათანხმდნენ, ეს პარტნიორობა ვერ შედგა. ასევე წარუმატებლად უზიარებდა ამ იდეას Fiat-ისა და Renault-ის წარმომადგენლებს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას Mercedes-Benz-ის მწარმოებლებთან მიაღწია.
შეთანხმება 1994 წელს გამოცხადდა და ჩამოყალიბდა კომპანია Micro Compact Car AG, რომელსაც ორი შვილობილი ჰყავდა MCC GmbH და SMH Auto SA. პირველი მანქანა ოფიციალურად 1998 წელს გამოვიდა, თუმცა ჰაიეკი იმედგაცრუებული დარჩა მისი დიზაინით, რადგან მას ძალიან უნდოდა, პირველი ავტომობილი ჰიბრიდი ყოფილიყო, პირველი Smart კი ჩვეულებრივი, საწვავზე მომუშავე მანქანა იყო.
სახელწოდება
მანქანების სახელწოდებასაც საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ბევრმა ალბათ არ იცის. ჰაიეკს სურდა, რომ სახელი ყოფილიყო Swatch, მაგრამ რადგან საქმეში Mercedes-იც იყო ჩართული, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. ამ უკანასკნელის სურვილი კი ნეიტრალური სახელწოდება იყო. სწორედ ამიტომ მანქანების ბრენდს დაერქვა Smart, რაც იშიფრება როგორც Swatch Mercedes Art. აღსანიშნავია, რომ იმ ქარხანას, სადაც აწარმოებდნენ ამ ავტომობილებს, სიყვარულით “სმარტვილი” დაარქვეს.
ლოგო
მოგეხსენებათ, ლოგოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდისთვის. შეიძლება ზოგჯერ კარგად არც ვიცოდეთ, რას საქმიანობს ესა თუ ის კომპანია, მაგრამ ვცნობდეთ მის ლოგოტიპს.
სმარტ მანქანების ლოგო შედგება ვერცხლისფერი C-სგან, რომელსაც აქვს მოყვითალო-მონარინჯისფრო სამკუთხედი და ამით ავსებს სიცარიელეს. მის გვერდზე კი უბრალოდ სიტყვა smart წერია. ვერცხლისფერი C კომპაქტურობას გამოხატავს (ინგ. Compact), ისარი კი წინდახედულობას უსვამს ხაზს, რაც გამოხატავს მისი შემქმნელების სულისკვეთებას, სმარტ მანქანა ყოფილიყო მოწინავე ბაზარზე.
2000-იანები
მეორე თაობის Smart მანქანები, სერიით W451, 2006 წელს ბოლონიის მოტორ შოუზე იქნა წარმოდგენილი, ხოლო 2007 წელს შეიქმნა Smart USA განყოფილება, რომლითაც შეერთებული შტატები გახდა 37-ე ქვეყანა, რომელმაც სმარტ მანქანები დიდი წარმატებით გაყიდა.
ამ პერიოდში დაიწყო ელექტრო მანქანების წარმოებაც. ელექტრო Smart Fortwo-ზე მუშაობა 2006 წელს დაიწყო, 2007-ში კი უკვე საველე ტესტირებას გადიოდა. 2008 წელს გამოვიდა Fortwo Brabus, რომელიც სპორტულ სტილში იყო გადაწყვეტილი. წინა ბორბლები 16, უკანა კი 17-დიუმიანი ჰქონდა, პანორამული სახურავით და ელექტრო საჭით, ის საკმაოდ პოპულარულ მოდელად იქცა.
2009 წელს ელექტრო მანქანების 2000 ერთეული გამოუშვეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მსოფლიოს 18 ბაზარზე. ყურადსაღებია, რომ ამ მოდელის ლითიუმის ბატარეა Tesla Motors-ის მიერ იქნა მოწოდებული. ყველაზე მძლავრი ელექტრო მანქანა კომპანიამ 2013 წელს გამოუშვა, რომელსაც მაქსიმალური სიჩქარე და სწრაფად დატენვის შესაძლებლობა ჰქონდა.
2016 წლიდან გამოვიდა სმარტ მანქანის მეოთხე თაობა. მისმა წარმოებამ კი უკვე 1,7 მილიონ ერთეულს გადააჭარბა, რაც ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაპირველად საათების ბრენდს ამხელა გათვლები ნამდვილად არ ჰქონდა.
გამოხმაურებები
არაერთი მოსაზრება და შეშფოთება არსებობდა სმარტ მანქანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ბევრი თვლიდა, რომ შეჯახების შემთხვევაში, მასში მჯდომი მგზავრი დაცული არ არის. ამასთან, მათი ძრავები შედარებით სუსტია და ვერ კრეფს იმხელა სიჩქარეს, როგორსაც სხვა, ჩვეულებრივი ავტომობილები. ამ მითქმა-მოთქმის გამო, მწარმოებლებმა სმარტ მანქანები გამოაცხადეს, როგორც ქალაქში სასიარულო, რომელიც ზომიერი სიჩქარით უნდა მართონ.
სმარტ მანქანების ძრავები განლაგებულია საბარგულში და არა მანქანის წინა მხარეს. უსაფრთხოებისთვის მწარმოებლები იყენებენ Tridion-ის ფოლადის გარსს, რომელიც ავარიის ტესტებს გადის და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ მანქანებს, ძირითადად, 61 ცხენის ძალა აქვს, რომელიც 15 წამში დაახლოებით 60კმ/სთ-ს ავითარებს.
უპირატესობები
სმარტ მანქანებს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და დავინტერესდით, რატომ. როგორც აღმოჩნდა, საწვავის ეკონომიურობა, გარემოსდაცვა და ხალხმრავალ ქალაქებში მარტივად პარკირება ის ძირითადი მახასიათებლელია, რომლის გამოც სმარტ მანქანებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. მაგალითად, Smart Fortwo-ში ორი ადამიანი ჯდება და უკანა მხარეს რამდენიმე ჩანთის ადგილიც რჩება. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ავტომობილები იაპონიასა და ევროპაში უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვაგან.
მოდელები
სმარტ მანქანების ყველაზე გავრცელებული მოდელებია: Smart Fortwo BRABUS, Smart Crossblade, Coupe, Japanese market Smart K.