სივრცის დამზოგავი ავეჯის მწარმოებელი ქართული სტარტაპის Smart Home-ის არსებობა 2 წლის წინ, 5 მეგობრის იდეითა და საერთო კაპიტალით დაიწყო, 2017 წლის დეკემბერში „სტარტაპ საქართველოზე“ მოპოვებული გრანტის შედეგად, მათი წარმოება ზრდას აგრძელებს. ირაკლი აბულაძე, ლაშა სურგულაძე, ერეკლე შკუბულიანი, გიორგი ქესანაშვილი და გივი ჯაში სტუდენტობის დროიდან მეგობრობენ და ერთობლივი ძალებით, ქართული ბაზრისთვის ტრანსფორმირებად და სივრცეში ადაპტირებად საწოლებს, მაგიდებს, სკამებსა თუ სხვა ტიპის ავეჯს ქმნიან. როგორ ვიპოვნოთ სივრცე ჩვენს პატარა სახლში და როგორია სივრცის დამზოგავი სტარტაპის გამოწვევები – ამ საკითხებზე მარკეტერი Smart Home-ს თანადამფუძნებელს – ირაკლი აბულაძეს ესაუბრა:
M: რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის სფეროში და რატომ გადაწყვიტეთ ერთობლივი საქმიანობის დაწყება?
თსუში ჯგუფელები ვიყავით. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გვაქვს დამთავრებული ხუთივე ჩვენგანს. ორნი ვართ საერთაშორისო აუდიტორი, მესამე საგადასახადო აუდიტორი და ორი არის ბანკების რისკების განყოფილების თანამშრომელი. ჩვენი კარიერული წინსვლის შემდეგ, ჩავთვალეთ, რომ რაღაც ბიზნესი უნდა დაგვეწყო, რადგან გამომუშავებული შემოსავალი არ გვაკმაყოფილებდა. როცა ვნახე მსგავსი ავეჯის ფასი უცხოურ ბაზარზე, გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ არ ვაწარმოებთ მას აქ. ძალიან ძვირი ღირს უცხოეთში ეს პროდუქცია, თუმცა, საბოლოოდ, შევძელით ისეთ ფასში გვეწარმოებინა, რომ ქართველი მომხმარებლის უკმაყოფილება არ გამოგვეწვია. საწყის ეტაპზე, ჩვენი კაპიტალით დავიწყეთ ამ ბიზნესის კეთება, მაგრამ დიდი ბიუჯეტი იყო საჭირო ჩვენი იდეის შესაბამისი განვითარებისთვის და წარმატებისათვის. ამიტომ, მივმართეთ საპარტნიორო ფონდს.
გამომდინარე იქიდან, რომ ახალაშენებული ბინების უმეტესობა, ბოლო 10 წელია, მორგებულია ქართველი მოსახლეობის შესაძლებლობებზე და ძირითადად, პატარა ზომის ბინები იყიდება, მსგავსი ტიპის ავეჯის საჭიროება დიდია. 30 კვადრატულში ვცხოვრობ და ვიცი პატარა ბინის მქონე ადამიანების საჭიროებები. ხშირია არგუმენტი – „სტუმარს ვერ მივიღებ სათანდოდ, ისე, როგორც დიდ სახლში მივიღებდი“. შესაბამისად, ასეთი ტიპის ავეჯის ქონის საჭიროება არსებობს, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სათანადოდ გაუმასპინძლდეს სტუმარს და სრულყოფილ ბინაში იცხოვროს, მიუხედავად იმისა, თუ რა ზომის იქნება ფართი. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით ავეჯის ფუნქციის სწორად აღქმაში, ანუ იმაში, რომ გამოიყენონ ავეჯი მაშინ, როცა სჭირდებათ. მაგალითად, საწოლი უნდა გამოიყენო მაშინ, როცა გეძინება, დღის განმავლობაში კი, ის სივრცე შეგიძლია სხვა ფუნქციით დატვირთო.


M: სივრცის დამზოგავი ავეჯის წარმოების კუთხით, როგორია კონკურენტული გარემო საქართველოში?
იმ მომენტშიც და ახლაც ვთვლი, რომ გამართლებული იყო ჩვენი იდეა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე არ ხდებოდა ასეთი ტიპის პროდუქციის წრამოება. მხოლოდ ერთი ორგან აწარმოებდნენ ისეთ ავეჯის, რომელსაც მაღალი ხარისხის მექანიზმები არ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავეჯისთვის განკუთვნილი მექანიზმები საქართველოში არ იწარმოება და არც არავის ჩამოჰქონდა. ჩვენ ისინი ჩამოვიტანეთ ესპანეთიდან და იტალიიდან. ვფიქრობთ, ხარისხიან პროდუქტს ვქმნით, შეღავათიან ფასებში.
M: როგორია Smart Home-ს პროდუქციის წარმოების პროცესი და რა შეცვალა საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ კომპანიაში?
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ საპარტნიორო ფონდს მივმართავდით, ჩვენც, ასე ვთქვათ, ხელოსნები ვიყავით, იმ დაქირავებულ ხელოსნებთან ერთად, რომლებიც ჩვენს პროდუქტს ქმნიდნენ. მივხვდით, რომ მეტი დანადგარი, უკეთესი საწარმოო ფართი გვჭირდებოდა, ამიტომ, მივიღეთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში. „სტარტაპ საქართველოში“ გამარჯვების შედეგად, შევიძინეთ დანადგარები და სატრანსპორტო საშუალება, მოვიძიეთ გამართული საწარმოო ფართი და ა.შ. ამ ეტაპისთვის, Smart Home-ს პროდუქციის შექმნაზე ორი ხელოსანი მუშაობს, ასევე, მენეჯერი, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს. უახლოეს მომავალში, გვიწევს კადრების დამატება, რადგან გვინდა, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება გვქონდეს.
M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა და თქვენი გამოცდილებით, ინდივიდუალური შეკვეთები ჭარბობს თუ უკვე მზა პროდუქციას ყიდულობენ?
ამჟამად, გვაქვს შოურუმი თბილისში, გოთუას ქუჩაზე, სადაც საწარმოო ფართიცაა და პატარა ოფისიც. გაყიდვა ხდება ონლაინაც, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ავეჯი მაინც ისეთი პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს უნდა, რომ ადგილზე ნახოს, მოდიან შოურუმში ნახულობენ, ზოგი არსებულს ყიდულობს, ზოგი თავის სპეციფიურ ზომას უკვეთავს. ხარისხისა და ფერის არჩევანიც არის. ამ ეტაპისთვის, ჭარბობს პროდუქციის შეკვეთა და არა უკვე არსებულის შესყიდვა. ისეთი ტიპის ავეჯზე, რომელსაც დიდი ფართი უჭირავს, მაგალითად, საწოლი, აუცილებლად გვიწევს ადგილზე მისვლა, ზომების აღება, ფერების შეხამება და ა.შ.
M: რა არის Smart Home-ს გამოწვევები? რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისში ვყიდით პროდუქციას, თუმცა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა რეგიონებიდან. ვაპირებთ, რომ გეგმაზე ადრე, დაინტერესების შედეგად, გავიდეთ რეგიონულ ბაზრებზეც. ბათუმში, ალბათ, მაისში გავხსნით მაღაზიას. ერთი წლის განმავლობაში, გვინდა მთელი საქართველო მოვიცვათ და პერიოდულად, ახალ-ახალი პროდუქტები დავამატოთ, არ ვართ შეზღუდული ავეჯის დიზაინში, რადგან მრავალმხრივ ტრასფორმირებადი ავეჯი არსებობს. ვფიქრობთ, გავზრდით ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტსა და ასევე, სარეალიზაციო არეალსაც.