დღევანდელ ბაზარზე ბევრი ბრენდი ჯერ კიდევ ეყრდნობა ზედაპირულ ეპითეტებს – „ჭკვიანი“, „ინტელექტუალური“, „ავტომატიზებული“ – და ფიქრობს, რომ ეს კვლავაც საკმარისია ყურადღების მისაპყრობად. კვლევა აჩვენებს, რომ „ზედმეტად ჭკვიანი“ პროდუქტი ხშირად აფრთხობს მომხმარებელს, თუკი ის რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს. მარტივი ამოცანებისთვის, როგორიცაა კარის ჩაკეტვა-გაღება, ადამიანები უპირატესობას მარტივ, გასაგებ ალგორითმებს ანიჭებენ. ხოლო რთული ფუნქციებისთვის, როგორიცაა ხმოვანი ასისტენტის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტის განვითარებული ალგორითმები ნამდვილად გამართლებულია.
ვინ არიან რეალური მომხმარებლები და რა უნდათ მათ?
31 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საინტერესო შედეგები მოიტანა. ნაცვლად ტრადიციული დაყოფისა (ასაკი, შემოსავალი, ტექნიკური გათვითცნობიერება), გამოვლინდა სამი ტიპის მომხმარებელი, რომლებიც ჭკვიან ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ: ერთნი სიმყუდროვისთვის, მეორენი მაღალი იდეალების განსახორციელებლად, მესამენი კი – ცხოვრების მოსაწესრიგებლად. მკვლევარებმა მათ უწოდეს: კომფორტის მოყვარულები, მიზანზე ორიენტირებულები და ეფექტურობის მაძიებლები.
კომფორტის მოყვარულები
კვლევის მონაწილეთა თითქმის ნახევარი (46%) კომფორტის მოყვარული აღმოჩნდა. ეს ადამიანები არ არიან ტექნოლოგიების ფანატიკოსები. მათ სამი რამ აინტერესებთ: სიმყუდროვე, სიამოვნება და დროის დაზოგვა. რობოტი-მტვერსასრუტი, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით იწყებს დასუფთავებას, ან გასართობი სისტემა, რომელიც თავად ერგება მათ გემოვნებას – აი, რა აინტერესებთ მათ. ამავე დროს, ისინი თავს არიდებენ რთულ ან ექსპერიმენტულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა 3D პრინტერები.
მიზანზე ორიენტირებულები
მეორე ჯგუფი, რომელიც გამოკითხულთა 18%-ს წარმოადგენს, ჭკვიან ტექნოლოგიებს იყენებს უფრო ღრმა მიზნების მისაღწევად: ეკოლოგიური ნაკვალევის შესამცირებლად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ან უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. ისინი პროდუქტის არჩევისას ეძებენ რიცხვებს, შედეგების მაჩვენებლებს და სანდო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სერტიფიკატებს.
ეფექტურობის მაძიებლები
მესამე ჯგუფი (36%) ჭკვიან პროდუქტებს მხოლოდ ინვესტიციის უკუგების კუთხით განიხილავს. მათთვის მნიშვნელოვანია კომფორტი და დროის დაზოგვა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური სარგებელი. ისინი ნაკლებად ზრუნავენ ინტერფეისის სიმარტივეზე ან ემოციურ კავშირზე – მთავარია, რომ საქმე უფრო სწრაფად, იაფად და ქმედითად კეთდებოდეს. კვლევის თანახმად, სწორედ ეს ჯგუფი ზოგავს ყველაზე მეტ დროს ჭკვიანი პროდუქტების გამოყენებით.
შექმენით ფუნქციები, რომლებიც პირდაპირ პასუხობს სხვადასხვა ტიპის საჭიროებებს. კომფორტის მოყვარულებს სურთ თვითმიხვედრილი ინტერფეისები და მოკლე გზები, მიზანზე ორიენტირებულებს – პროგრესის მაჩვენებლები და შედეგების თვალის მიდევნება, ეფექტურობის მაძიებლებს კი – ავტომატიზაცია და გამართული სამუშაო პროცესები,
ასწავლეთ თქვენს გაყიდვების გუნდს, როგორ ამოიცნონ სხვადასხვა ტიპის მომხმარებლები – კითხვებით ყოველდღიური ცხოვრების (კომფორტის მოყვარულები), გრძელვადიანი მიზნებისა და ღირებულებების (მიზანზე ორიენტირებულები) ან ეფექტურობისა და კონტროლის (ეფექტურობის მაძიებლები) შესახებ.
თითოეულ ჯგუფს თავის ენაზე ელაპარაკეთ – ამბები და პირადი გამოცდილებები კომფორტის მოყვარულებისთვის; ციფრები, მტკიცებულებები და ექსპერტების აზრი მიზანზე ორიენტირებულთათვის; პროდუქტების პირდაპირი შედარება კი ეფექტურობის მაძიებლებისთვის.
პირველი გამოცდილებაც სხვადასხვანაირი უნდა იყოს – სწრაფი დაწყების სახელმძღვანელოები კომფორტის მოყვარულებისთვის, მიზნების დასახვის ინსტრუმენტები მაღალ იდეალებზე მზრუნველთათვის.
მიუხედავად იმისა, თუ რას ეძებს ადამიანი – სიმყუდროვეს, მაღალ იდეალებს თუ მოწესრიგებულ ცხოვრებას, ის არ ყიდულობს ალგორითმებს და სენსორებს – ის ყიდულობს საკუთარი ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად.
წყარო: HBR











