სმარტფონის არჩევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული – რომელი ბრენდის მიმდევრები ვართ, რისთვის გვჭირდება სმარტფონი, რა ფუნქციებია ჩვენთვის პრიორიტეტული, ვაქცევთ თუ არა ყურადღებას მის ვიზუალურ მხარეს და ა.შ. ბევრი ასეთი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, თუ რატომ გვიჭირავს ხელში ესა თუ ის სმარტფონი.
მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები წლიდან წლამდე იცვლება. ე.წ. ტრენდები სმარტფონების დიდ სამყაროშიც არსებობს და მომხმარებლების უმეტესობა ამ ტრენდებს აქტიურად ადევნებს თვალს, რათა არ ჩამორჩეს.
ჩვენი რესპონდენტია „ალტას” მარკეტინგული პროექტების მენეჯერი, თაკო ღაჭავა, რომელიც იმ ტრენდებზე და მოთხოვნებზე გვესაუბრება, რაც 2023 წელს მომხმარებლისგან გამოიკვეთა.
M: საინტერესოა, რა ტრენდები მოიტანა 2023-მა წელმა სმარტფონების სამყაროში, რომელი ბრენდები და რა ფუნქციებია უფრო მოთხოვნადი მომხმარებლის მხრიდან?
მსოფლიო ტრენდებს თუ გადავხედავთ, აღსანიშნავია, რომ რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა სმარტფონების სამყაროში, უბრალოდ თვალსაჩინოა, რომ სულ უფრო პოპულარული ხდება კეცვადი სმარტფონები, რაც მობილური მოწყობილობების მრავალფუნქციურობასა და პორტატიულობას უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების როლი ჩვენს ყოველდღიურობაში, ამიტომაც სმარტფონის მწარმოებლები დიდ აქცენტს აკეთებენ ისეთი ფუნქციების დამატებაზე, როგორიცაა გაუმჯობესებული ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია და კონფიდენციალურობის კონტროლი.
მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სმარტფონების კამერები, ამიტომ წელს უფრო მოთხოვნადია ის მობილური ტელეფონები, რომლებიც აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის სენსორებითა და მიკროსკოპული კამერებით, გვაძლევს კიდევ უფრო უკეთესი კადრების გადაღების საშუალებას დაბალი შუქის პირობებში და ვსარგებლობთ დამატებითი ფუნქციებით, რომლებიც ამარტივებს ფოტო-ვიდეოს დამუშავების პროცესს. ამასთანავე, მიმდინარე წელს გამოჩნდა სმარტფონები, რომელთა კამერასაც აქვს 100-ჯერადი ციფრული ზუმი, ეს ფუნქცია განსაკუთრებით საინტერესოა ასტრო ფოტოგრაფიით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის.
უნდა აღინიშნოს AI-ის მუდმივად მზარდი როლიც, რაც გამოიხატება, მაგალითად, გაუმჯობესებული ხმოვანი ასისტენტებით, უფრო ჭკვიანი ე.წ პროგნოზირებადი კრეფითა და მომხმარებლის გაუმჯობესებულ პერსონალიზებული გამოცდილებით.
M: რა კითხვებს სვამს ძირითადად მომხმარებელი სმარტფონებთან დაკავშირებით, რა აინტერესებს მას ყველაზე მეტად?
ძირითადად, მომხმარებელმა წინასწარ უკვე იცის, თუ რომელი ბრენდის სმარტფონის შეძენა სურს, ამიტომაც კითხვებს სვამენ სმარტფონის ექსპლუატაციის დროსთან, კამერის მონაცემებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. აინტერესებთ, თუ წლიდან წლამდე კონკრეტული ბრენდი რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს და რომელი მახასიათებლებისა თუ ფუნქციების გამო უნდა მიანიჭონ კონკრეტულ მოდელს უპირატესობა.
M: iPhone თუ ანდროიდი? როგორ ნაწილდება ამ ორის მიმდევართა სია წელს?
რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ საბოლოოდ შესყიდვის გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს პრიორიტეტებზე, ბიუჯეტზე, სმარტფონის სასურველ ფუნქციასა და ეკოსისტემასთან ინტეგრაციაზე. გლობალური კვლევები თუ მონაცემები გვეუბნება, რომ iPhone-ის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 20%-ია, ხოლო ანდროიდის 80%. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბაზრის 30% iPhone-ს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ანდროიდს 70%.
M: ანიჭებს თუ არა მომხმარებელი მნიშვნელობას სმარტფონის ვიზუალურ მხარეს, ფერს, ზომას და ა.შ.?
მონაცემებთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან დიდ როლს ასრულებს სმარტფონის ვიზუალური მხარე, ფერი და ზომა. თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მნიშვნელოვნად ვითარდება ტექნიკის ვიზუალური მხარე, ბრენდები გვთავაზობენ კონკრეტული მოდელების სხვადასხვა ფერში გადაწყვეტას. მრავალფეროვანი არჩევანი კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეარჩიოს მისთვის იდეალური სმარტფონი, რომელიც ყველა მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი