in ,

Smart Photos – გართობით დაწყებული ბიზნესი !

Startauperi
Startauperi

aleko

Smart Photos სამმა მეგობარმა გართობის მიზნით შექმნა, რომელიც შემდეგში სერიოზულ საქმიანობად იქცა. პირველი ფოტო კაბინა საკუთარი ძალებით, საქართველოში ააწყვეს. სირთულეებზე, წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი Smart Photos ერთ-ერთ დამფუძნებელს – ალეკო დოლიძეს ესაუბრა.

M: როდის [ვისთან ერთად] და როგორ გაჩნდა Smart Photos იდეა?

ბავშვობიდან მომწონდა ფოტოკაბინის, როგორც დადებითი ემოციების გენერატორის იდეა – შედიხარ კაბინაში და ფარდის მიღმა, პრივატულ გარემოში, მარტო თუ მეგობრებთან ერთად, სრულიად თავისუფალი ხარ საკუთარი ემოციების გამოხატვაში. ფოტოს გადაღებიდან დაახლოებით 10-15 წამში კი იღებ დაბეჭდილ სურათს, რომელიც ამ განწყობას და ემოციას დაუვიწყარს ხდის.

ერთი სიტყვით, ყველაფერი 2010 წლის 5 თებერვალს დაიწყო, როდესაც მე (ალეკო დოლიძე) და ჩემს ორ მეგობარს (ლადო ჩირგაძე და გიგი დამენია) გაგვიჩნდა სურვილი წამოგვეწყო საერთო საქმე, რომელიც არ მოითხოვდა დიდ ინვესტიციას, იქნებოდა ნაკლებად რისკიანი და რაც მთავარია, საქმიანობა იქნებოდა ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც პოზიტივის მომტანი. ჩემი გატაცება ფოტოკაბინებით პარტნიორებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა.

აღსანიშნია, რომ სამივე ჩვენგანს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები და პროფესიული გამოცდილება გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტანდემი უფრო საინტერესოა – ჩვენ გარკვეულწილად ერთმანეთს ვავსებთ.

 M: რა წინააღმდეგობებს აწყდებოდით ბიზნესის წამოწყებისას?

მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ იყო მზა ფოტოკაბინის ჩამოტანის ნაცვლად, მისი ჩვენი ძალებით, ადგილზე აწყობა. იდეის განხორციელებაში მთელი ადამიანური რესურსით ჩავერთეთ – ჩვენი მეუღლეებიც აქტიურად დაგვიდგნენ მხარში და თავისი წვლილი შეიტანეს საერთო საქმეში.

 M: საიდან დაიწყო ბიზნესი, სად გქონდათ პირველი წერტილი?

რამდენიმე თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ გამოგვეკვლია ფოტოკაბინების ბიზნესი და მუშაობის პრინციპი, დაგვეწერა პროექტი და შეგვექმნა პროდუქტის დიზაინი. საჭირო აპარატურა გამოვიწერეთ, დავწერეთ სოფტი და მოვიარეთ თბილისის ყველა ცეხი, სადაც რკინაზე და ხეზე მუშაობდნენ. დავბეჭდეთ უამრავი სატესტო ფოტო და საბოლოოდ მივიღეთ ჩვენი პირველი ფოტოკაბინა – Tbilisi Photo Booth, რომელიც 2010 წლიდან დღემდე რუსთაველის კინოთეატრში დგას.

smart photosM: რამ განაპირობა მისი წარმატება? მარკეტინგი თუ პროდუქტი მოეწონა ხალხს?

წარმატების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გაამართლა თავდაპირველმა მიზანმა – მივიღეთ პროდუქტი, რომელიც დადებით ემოციებს აღძრავს მომხმარებელში. პირველმა ფოტოკაბინამ იმდენად მალე გაითქვა სახელი, რომ ზაფხულში ბათუმსაც ვეწვიეთ, სადაც გაყიდვების ყველა მოლოდინს გადავაჭარბეთ. ეს იყო პირველი წარმატება.

 M: ამჟამად რა მიმართულებით მუშაობთ ? 

ეტაპობრივად მოვახდინეთ თბილისის სხვადასხვა ლოკაციებისა და სეზონურად საქართველოს ზღვისპირეთის ათვისება, გაყიდვებიც დასტაბილურდა. რამოდენიმე წლის წინ გაჩნდა ჩვენი ფოტოკაბინის წვეულებისთვის დაქირავების მოთხოვნა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ფოტოკაბინების გაქირავების სერვისი დაემატა ჩვენი ძირითადი პროდუქტების ხაზს. იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოკაბინა უკვე წვეულებების შეუდარებელი აქსესუარი გახდა, ვიფიქრეთ, კიდევ უფრო გაგვემდიდრებინა ჩვენი პორტფელი და დავამატეთ წვეულებებზე/ღონისძიებებზე მორგებული კიდევ ერთი პროდუქტი – ფოტოების ადგილზე ბეჭდვის სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა ადგილზე დაბეჭდოთ ღონისძიების მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოები როგორც ფოტოქაღალდზე, ასევე სტიკერზე და მაცივრის მაგნიტზეც.

ფოტოების ადგილზე ბეჭდვამ დააინტერესა ის სეგმენტი, რომელიც ასაკის თუ სხვა მიზეზების გამო თვლის, რომ ფოტოკაბინაში შესვლა და ფოტოების გადაღება „არ არის მისი საქმე“, თუმცა, წვულების ამსახველი ფოტოს მიღება სიამოვნებს.

სულ ახლახანს დავამატეთ კიდევ 2 პროდუქტი – პოლაპრინტი და ფოტოკოპტერი, რომლებიც ასევე მორგებულია ივენთებზე/წვეულებებზე და გამოირჩევა სიმარტივით და ორიგინალურობით.

პოლაპრინტი გულისხმობს პოლაროიდის თანამედროვე, ციფრული ფოტოაპარატით ფოტოების გადაღებას და ის სტუმრების გულის მოგების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა, მათ ხომ ხელში კარგად ნაცნობი პოლაროიდის ახლებური, პატარა, მომენტალურად დაბეჭდილი ფოტოები ექნებათ. თან, რაც მთავარია, პოლაპრინტები არის თვითწებვადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სტიკერად გამოყენებაც შეიძლება.

ფოტოკოპტერს რაც შეეხება, ის არის ღია ცის ქვეშ ჩატარებული ივენთებისთვის შეუდარებელი საშუალება – მფრინავ მოწყობილობაზე (drone) დამაგრებული კამერით, ციდან გადაღებული ფოტო და ვიდეო ნამდვილად შთამბეჭდავია.

ასე ჩამოვყალიბდით კომპანიად, რომელმაც გართობის ეტაპიდან („სახლში“ აწყობილი ფოტოკაბინიდან) დღემდე ძალიან საინტერესო გზა განვლო და დღეს ვართ გუნდი, რომლის მიზანი არის შექმნას და დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და სერვისები ფოტოგრაფიაში. მართალია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდუქტებიდან ჯერ-ჯერობით არცერთი არ არის ინოვაციური იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მათგანი სადღაც უკვე არსბეობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, მაგრამ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ სხვადასხვა კრეატიული და სახალისო პროდუქტი შემოიტანოს ქართველი მომხმარებლისთვის, რასაც წინ უძღვის ხანგრძლივი სამუშაოები კვლევისა და ანალიზის მიმართულებით.

თუმცა, ერთი ინოვაციური პროდუქტი მართლაც გვაქვს, ეს არის ფოტოზე რეკლამის განთავების სერვისი, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა მიზნობრივი სეგმენტისთვის სასურველი მესიჯის მისაწოდებლად, ირჩევ ფოტოკაბინას ან ფოტოკაბინებს ლოკაციის მიხედვით და თვეში სიმბოლური თანხის სანაცვლოდ აღმოჩნდები ფოტოკაბინიდან გამოსული დადებითი ემოციებით დახუნძლული ხალხის ხელში არსებულ ფოტოზე, შემდეგ მათ სახლში (ხშირად მაცივარზე) და შემდეგ მათი სოციალური ქსელის კედელზე (ჩვენს ფოტოკაბინებში დაბეჭდილ ყველა ფოტოზე იბეჭდება უნიკალური კოდი, რომლის ჩვენს საიტზე შეყვანის შემთხვევაში, საიტიდან იწერთ თქვენი ფოტოს ელექტრონულ ვერსიას).

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი მთავარი კონცეფციიდან გამომდინარე, რაც არის მომხმარებელში დადებითი ემოციების გამოწვევა, ჩვენ არ ვუშვებთ ფოტოზე ისეთი კონტენტის განთავსებას, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე (სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, აზარტული თამაშები), გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ესეთი კომპანიები ქირაობენ ჩვენგან ფოტოკაბინას, ამ შემთხვევაში ფოტო მთლიანად მათი სურვილისამებრ იბრენდება ( ფოტოკაბინის გაქირავება).

ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე ივენთ-მენეჯმენტ კომპანიასთან, რომლებიც კლიენტებისთვის ივენთების დაგეგმვისას სიამოვნებით მოისაზრებენ ხოლმე ჩვენს სერვისებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს და ჩვენი სერვისების შესახებ კიდევ ბევრმა არ იცის და ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო ფართო მასისთვის გავხდეთ ცნობილი. ამაში ძალიან გვეხმარება TV11-ის პროექტი „PHOTO ჯიხური“ – ეს არის ფარული კამერა ჩვენს ერთ-ერთ ფოტოკაბინაში, სადაც TV11-ის „აგენტი“ მომხმარებელს თავ-გზას უბნევს. პროექტი ძალიან სახალისო გამოდგა და საკმაოდ დადებითად ისახება ჩვენი ცნობადობის ამაღლებაზე.

M: რა მდგომარეობაა ბაზარზე? რამდენად მაღალია კონკურენცია და როგორ შეიცვალა მომხმარებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში?

თუმცა, „ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია“, სერიოზულ სირთულეებსაც ვაწყდებოდით, ძირითადად კი იმის გამო, რომ ვინაიდან ყველა ჩვენი პროდუქტი საქართველოშია დამზადებული და შესაბამისად, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფაც თითოეული პროდუქტისთვის აქ არის მომზადებული, შეგვექმნა მატერიალურ-ტექნიკური დეფიციტი გარკვეულწილად, რის გამოც, სამწუხაროდ, რამდენიმე პროექტი დროებით გაჩერებული გვაქვს, ან კუს ნაბიჯებით მიდის. ესეთია მაგალითად სოციალური ქსელიდან, ძირითადად ინსტაგრამიდან, ფოტოების ბეჭდვის სერვისი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ამერიკაში და ევროპაშიც და სხვათა შორის, ამ მიმართულებით კონკურენტიც გვყავს, რაც მისასალმებელია. რაც უფრო ბევრი ადამიანი იფიქრებს ფოტოგრაფიაში ინოვაციური სერვისების დანერგვაზე, მით უფრო გაიზრდება ბაზარი…

სიახლეების შესახებ მალე ვაცნობებთ ჩვენს მომხმარებელს ჩვენი ფეისბუკის გვერდის საშუალებით, ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვ თვალყური გვადევნოს ფბ-ზე. ძალიან მალე გვექნება განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ასევე ბევრი სიახლე გელოდებათ ფოტოგრაფიის მოყვარულებს.

ხშირად ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა აქციებსა თუ კონკურსებს, ხან ჩვენს ფოტოკაბინებში და ხან ჩვენს სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლის კიდევ უფრო გახალისების მიზნით. ასეთი იყო ბოლოს მაგალითად 23 სექტემბერი, როდესაც გადავწყვიტეთ აღგვენიშნა „ფოტოკაბინის დღე“. რატომ ფოტოკაბინის დღე? იმიტომ, რომ ესეთი დღე არ არსებობდა და თუკი ყველა დადებითი ემოციის გამომწვევი ფენომენის დღე არსებობს (ღიმილის დღე, ჩახუტების დღე), რატომ არ უნდა არსებობდეს ფოტოკაბინის დღე, ისიც ხომ იმავე მიზანს ემსახურება.

მართლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 5 თებერვალს ვხდებით 5 წლის და ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ 5 თებერვალს ფოტოს გადაღება ღირდეს 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 ლარი, საიდანაც 1 ლარი გადაირიცხება ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, სადაც  იმავე დღეს ავიტანთ ფოტოკაბინას და უფასო ფოტოებით შევეცდებით გავუხალისოთ ბავშვებს ერთი დღე.

“Adidas”-ის ახალი სუნამო და ორიგინალური შეფუთვა

Gep’s – ახალი ინოვაციური ბარი თბილისში ძალიან საინტერესო ისტორიით!