როგორც ჩანს, მაკდონალდსი მხოლოდ თავისი საკულტო ლოგოთი კი არაა ცნობილი, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერებითაც. მერე რა, რომ ყვითელი ბევრი ბრენდის იდენტობის ნაწილია — სწრაფი კვების ობიექტების ჭრილში ავტომატურად მაკდონალდსის ასოციაციას გვიჩენს.
და ვინაიდან უკვე დიდი ხანია, ბრენდი თამამად ათამაშებს კრეატიულ მარკეტინგულ იდეებს, ახალი კამპანიის ორიენტირადაც ამგვარი მიდგომა აიღო. ახლა ნიდერლანდების ქუჩებში კამპანია-ექსპერიმენტი მოაწყო, რომლის ფარგლებშიც სურნელოვანი ბილბორდები განათავსა — მათში მაკდონალდსის სხვადასხვა პროდუქტი იყო მოთავსებული, მომხმარებლები კი სურნელით უნდა მიმხვდარიყვნენ, რისი არომატი ტრიალებდა ირგვლივ…
„ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ, თვალი აარიდონ რაღაცას, მაგრამ სურნელს ყოველთვის იგრძნობენ“, — აცხადებს ბრენდი.
როგორც განმარტავენ, კამპანია Smells Like McDonald’s სურნელს ნოსტალგიასთან აკავშირებს, რაც პოზიტიურ ასოციაციებს იწვევს. კვლევების მიხედვით, სუნს უფრო ეფექტურად შეუძლია მოგონებებისა და ემოციების აღძვრა, ვიდრე მხედველობას. შესაბამისად, მაკდონალდსმა ეს ასპექტი სწორი მიმართულებით გამოიყენა მარკეტინგში.