თუ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ჯგუფის კვლევას დავეყრდნობით, მათ ახალი წამალი შეიმუშავეს, რომელსაც შიდა ყურში არსებული თმის უჯრედების აღდგენა შეუძლია. განსხვავებით თევზების, ფრინველებისა და რეპტილიების ზოგიერთი სახეობისგან, ადამიანებს არ აქვთ თმის უჯრედების ხელახლა წარმოქმნის უნარი. ეს კი, მარტივად რომ გითხრათ, ბიოლოგიურ მიკროფონებს წარმოადგენს, რომლებიც ხმის სიგნალების გატარებაზეა პასუხისმგებელი შიდა ყურიდან ტვინამდე. გამოდის, ამგვარად, სმენის აღდგენაც შესაძლებელი გახდება…
შიდა ყურში გენეტიკური გზების დაპროგრამებით მეცნიერებმა თაგვებში თმის უჯრედების ხელახლა გაზრდა მოახერხეს. ახლა კი იმედოვნებენ, რომ ეს კლინიკური კვლევების ჩატარების საფუძველი გახდება, რათა საბოლოოდ სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის მკურნალობის მეთოდები შეიმუშაონ. შესაძლოა, კონკრეტული საკითხი ძალიან სათუოც იყოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ნამდვილად მიმზიდველად ჟღერს.
„ეს მიგნებები ძალიან ამაღელვებელია, თმის უჯრედების ხელახლა წარმოქმნა შიდა ყურში წარმოუდგენელი, მაგრამ ძალიან სასურველი რამ იყო. ჩვენ ახლა გვაქვს წამლის მსგავსი ნაერთი, რომელიც აჩვენებს ამ მიდგომის პოტენციალს მომავალ კლინიკურ კვლევებში“, — აცხადებს ჯენგი ჩენი, ასოცირებული პროფესორი.
ადრეულ კვლევაში კი, რომელიც ასევე თაგვებზე ჩატარდა, ჩენის გუნდმა სხვა ტიპის უჯრედები დაყო და თმის უჯრედების მსგავსი მახასიათებლებიც განავითარა. სწორედ ეს წარმატება გახდა ახალი კვლევის საფუძველიც — ე. წ. მცირე ჩარევის რნმ (siRNA) მოლეკულების გამოყენებით გუნდმა იმ გენების მოშორება მოახერხა, რომლებიც გენეტიკური გზის აქტივაციას უშლიდა ხელს, რაც, თავის მხრივ, თმის უჯრედებს შიდა ყურში ზრდის საშუალებას აძლევს.
ეს საკითხი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მეცნიერები მანქანის მართვისას მუხრუჭის გამოყენებაზე დაფიქრებას გვთავაზობენ — თუ მასზე ფეხი ყოველთვის დადებული გვექნება, ვერ გადავადგილდებით, siRNA-ს კი ე. წ. გენეტიკური გზიდან სწორედ ამ მუხრუჭის მოშორება შეუძლია…












