3
Dec
2019

„ღიმილით განაღდება“ – ბანკომატთან ურთიერთობის ახალი ფორმა საქართველოს ბანკისგან

3 Dec 2019

Alta
Alta


წარმოიდგინეთ, რომ ბანკომატთან მიდიხართ, უღიმით და ისიც გიხსნით მენიუს, შეგყავთ პინკოდი და სასურველი რაოდენობის თანხას ანაღდებთ. არ გიყვებით ეპიზოდს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან, ეს საქართველოს ბანკის ახალი სერვისია და მას „ღიმილით განაღდებას“ უწოდებენ.

„ღიმილით განაღდება“ ერთ-ერთია იმ ხუთი ტექნოლოგიური სიახლიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი 2020 წლის განმავლობაში დანერგავს და ის მალე გახდება ხელმისაწვდომი.

რა სარგებელი აქვს „ღიმილით განაღდებას“?
ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაში, საჭირო აღარ არის ბარათის თან ქონა, ან გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რისთვისაც 0.5 წამი დაგეხარჯებათ და რის შემდეგაც შეძლებთ სასურველი ოდენობის თანხის განაღდებას. 

რა პროცედურა უნდა გაიაროთ „ღიმილით განაღდების“ სერვისით სასარგებლოდ?
იმისათვის, რომ შეძლოთ „ღიმილით განაღდებით“ სარგებლობა, უნდა ფლობდეთ საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს. თუ ფლობთ ამ ტიპის ბარათს და მობილბანკითაც სარგებლობთ, საჭიროა გადაიღოთ „სელფი“ და დაუკავშიროთ ის სასურველ ბარათს. თქვენი ფოტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ, უკვე შეგეძლებათ ისარგებლოთ „ღიმილით განაღდების“ მეთოდით.

რა ტექნოლოგიას იყენებს საქართველოს ბანკი „ღიმილით განაღდებისთვის“?
„ღიმილით განაღდებისთვის“ საქართველოს ბანკი სახის ამოცნობის ტექნოლოგიას (Face Recognition) იყენებს და ეს დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც სმარტფონის ზოგიერთ მოდელში, რომლის სისტემაც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს. საქართველოს ბანკის თქმით, სისტემამ გაიარა ძალიან ბევრი საერთაშორისო ტესტირება, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა VISA და Riddletag, უკრაინული კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში რითეილის ბაზარს ეხმარება დანერგოს მომავლის ტექნოლოგიები.

არსებობს, თუ არა საფრთხეები „ღიმილით განაღდებით“ სარგებლობისას?
დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენს ღიმილს ვერ გააყალბებენ, შესაბამისად, ეს თანხის განაღდების უფრო უსაფრთხო გზაა, ვიდრე ბარათით სარგებლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგიასთან ერთად, თქვენს ანგარიშს პინკოდიც იცავს. ესეც რომ არა, საქართველოს ბანკის თქმით, გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ღიმილით განაღდება“ ზრდის უსაფრთხოებას და ამცირებს ბარათის დაკარგვის რისკს, შესაბამისად, ანგარიშები უფრო დაცულია.

განხილვა