2
Dec
2019

როგორ გადავიხდით ღიმილით – საქართველოს ბანკის ახალი გადახდის მეთოდი

2 Dec 2019

Alta
Alta


გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ბანკი 2020 წელს ტექნოლოგიების წლად აცხადებს. ამ წლის განმავლობაში კი, რეგიონში 5 ტექნოლოგიურ სიახლეს დანერგავს. დღეს ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით. მანამდე კი გეტყვით, რომ საქართველოს ბანკის ცნობით, ეს გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. ვსაუბრობთ „ღიმილით გადახდაზე“ და სტატიის ფარგლებში მოგიყვებით, თუ როგორ შეგეძლებათ ამ სერვისის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.

 

დავიწყოთ იმით, თუ სად შეძლებთ „ღიმილით გადახდას“
„ღიმილით გადახდა“, ამ ეტაპზე, Visa-სთან პარტნიორობის შედეგად, ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი. 2020 წლის განმავლობაში კი, ამ სერვისით სარგებლობას სხვა მეტროსადგურებშიც შეძლებთ.

რა პროცედურა უნდა გაიაროთ იმისათვის, რომ „ღიმილით გადახდა“ შეძლოთ
იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ პროდუქტით სარგებლობა, ის უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს. თუ ფლობთ ამ ტიპის ბარათს და მობილბანკითაც სარგებლობთ, საჭიროა გადაიღოთ „სელფი“ და დაუკავშიროთ ის სასურველ ბარათს. თქვენი ფოტოს მონაცემთა ბაზაში ასახვის შემდეგ, უკვე შეგეძლებათ ისარგებლოთ „ღიმილით გადახდის“ მეთოდით.

როგორია ღიმილით გადახდის პროცესი?
„ღიმილით გადახდისას“ 0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად, სპეციალურ კამერასთან გაიაროს იდენტიფიკაცია და გადაიხადოს მგზავრობის, თუ კონკრეტული ნივთის საფასური. ამისთვის, უბრალოდ მიდიხართ 3D კამერასთან და უღიმით მას.

უფრო კონკრეტულად, რა ტექნოლოგიას იყენებს საქართველოს ბანკი „ღიმილით გადახდისთვის“?
„ღიმილით გადახდისთვის“ საქართველოს ბანკი სახის ამოცნობის ტექნოლოგიას (Face Recognition) იყენებს და ეს დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც სმარტფონის ზოგიერთ მოდელში, რომლის სისტემაც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს. სისტემამ გაიარა ძალიან ბევრი საერთაშორისო ტესტირება, რომელშიც ჩართულები იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა VISA და Riddletag, უკრაინული კომპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში რითეილის ბაზარს ეხმარება დანერგოს მომავლის ტექნოლოგიები, განსაკუთრებით „ღიმილით გადახდაში“.

უსაფრთხოება?
საქართველოს ბანკის თქმით, გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. საქართველოს ბანკში ამბობენ, რომ ეს მეთოდი ზრდის უსაფრთხოებას და ამცირებს ბარათის დაკარგვის რისკს, შესაბამისად, ანგარიშები უფრო დაცულია.

რა სარგებელი მოაქვს „ღიმილით გადახდას“?
გარდა იმისა, რომ პროდუქტი მეტი გაღიმებისკენ მოგვიწოდებს, ეს არის კარგი გამოსავალი, იმ შემთხვევაში, თუ ბარათის ტარება, ან თუნდაც, მობილურში ჩაშენებული საბარათე სისტემების გამოყენება დისკომფორტს გიქმნით. ან უბრალოდ, გინდათ რამე ახალი გამოსცადოთ. სისტემის გამოყენება ამცირებს რიგებს მეტროსადგურებში, აეროპორტებში, მაღაზიებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ხალხმრავლობა შეინიშნება.

„ღიმილით გადახდის“ გარდა, სულ მალე „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით „ღიმილით განაღდება“ გახდება შესაძლებელი ანუ ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც, ბარათის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. სწორედ ეს ფუნქციაა შემდეგი, რომელზეც დაწვრილებით უნდა მოგიყვეთ.

განხილვა