in

აკრძალული SMS-ების ამბავი – რა როლს თამაშობდა და რით შეიცვალა SMS მარკეტინგი

როგორც იცით, 2024 წლის პირველი მარტიდან სარეკლამო SMS-ებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ცვლილება ამოქმედდა ახალი კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ამის მიხედვით, თუკი ადრესატი უარს ამბობს კომპანიისგან სარეკლამო მესიჯების მიღებაზე, კომპანიას უფლება აღარ აქვს, იმ ადრესატს სარეკლამო SMS-ები გაუგზავნოს.

ეს ცვლილება დიდი შვება აღმოჩნდა ბევრი მომხმარებლისთვის, თუმცა არც ისე სახარბიელოა თავად ბიზნესებისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ბევრი მაღაზია, სილამაზის სალონი, ქსელური მარკეტი, აფთიაქი თუ სხვა, იყენებდა მარკეტინგის ამ ხელსაწყოს რეკლამისთვის და მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მათთვის ეს რეგულაცია პრობლემას წარმოადგენს. 

ამ სტატიაში გაგიზიარებთ მარკეტინგის სპეციალისტის მოსაზრებებსა და დაკვირვებას, თუ როგორ მუშაობდა SMS მარკეტინგი და როგორ შეიცვალა ქცევა მას შემდეგ, რაც სარეკლამო SMS-ებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. 

ლანა ოსიშვილი:

როდესაც საკომუნიკაციო სტრატეგიას გეგმავ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფიქრობ, როგორ და სად უნდა ესაუბრო შენს მომხმარებელს. სვამ კითხვებს – ვინ არიან ჩემი მომხმარებლები? სად არიან ჩემი მომხმარებლები? შესაბამისად, იღებ გადაწყვეტილებას, სად უნდა დაახვედრო მათ შენი მთავარი საკომუნიკაციო შეტყობინება. კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ იწყებ ამ არხების გამოყენებას. 

ძირითადად, მიწევდა ისეთ კომპანიებთან მუშაობა, რომელთა მომხმარებლებიც არ იყვნენ sms – მკითხველები.  შესაბამისად, კომუნიკაციისთვის და მესიჯების გასავრცელებლად ეს არხი არ გამომიყენებია. თუმცა, როგორც მომხმარებელს, უამრავი შეტყობინება მიმიღია კომპანიებისგან. რეგულაციების დასრულების დღეს, როდესაც მობილურს დავხედე 828 წაუკითხავი შეტყობინება მქონდა. ვფიქრობ, ჩემ მსგავსად კიდევ უამრავი ადამიანია, ვინც არასწორი ადრესატი აღმოჩნდა.  

ის, რომ მე თავად არ მიმიმართავს SMS მარკეტინგისთვის, არ ნიშნავს,რომ არასწორია მისი გამოყენება. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, მიზნიდან გამომდინარე, სწორად და საჭიროებისამებრ მისი გამოყენება. არის ისეთი სფეროები და არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც სწორედ სმსშეტყობინების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და იღებენ ინფორმაციას. აქ მთავარ როლს შეტყობინების შინაარსიც ასრულებს. 

მას შემდეგ, რაც რეგულაციები დაწესდა, აქტიურად ვადევნებ კომპანიებს თვალს, დავინტერესდი, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ქცევა და როგორ გაუმკლავდებოდნენ ამ გამოწვევას.  

პირველი გამოსავალი არის მიზანი: მიიღო თანხმობა მომხმარებლისგან. ვფიქრობ, ძალიან სწორია, როდესაც კითხულობ გინდა ჩემი სიახლეები მოგაწოდო? და მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, უნდა თუ არა შენთან „მეგობრობა“.  ამ შემთხვევაში თანხმობა და ორმხრივი კომუნიკაცია, ურთიერთობა არის შეთანხმებულად წარმატებული ნაბიჯი. 

დავინტერესდი საკომუნიკაციო შეტყობინებების შინაარსით. რა შინაარსის მატარებელი იყო სხვადასხვა სფეროდან მიღებული ტექსტები.  ამჯერად აქტიურად მხვდება იგივე შინაარსის ფასდაკლებებისა და სერვისების შემოთავაზებები სოციალური ქსელების მესენჯერის აპლიკაციაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მოხდა ძალების მობილიზება. თუ აქამდე მხვდებოდა საიმიჯო ვიზუალები და ტექსტები, დღეს,  სოციალურ მედიაში დასპონსორებული პოსტერები შეიცავს სმს შეტყობინებაში გამოყენებული ტექსტების ერთობლიობას.  

ეფექტურობაზე ჯერჯერობით საუბარი ვფიქრობ, ცოტა ადრეა და შედეგების შესადარებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. თუმცა, ჩემი აზრით, რეგულაცია და მომხმარებლისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობა კითხვის ფორმით:  გინდა „ვიმეგობროთ“? საერთო ინტერესის ადამიანებს გააერთიანებს და სწორი ადრესატების, ჩვენით დაინტერესებული ადამიანების შემოკრებაში დაგვეხმარება”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ყოველი წვეთი ძვირფასია” – GWP-სა და Leavingstone-ის თანამშრომლობით შექმნილი კამპანია

როგორ იმსჯელოთ რთულად განსახილველ საკითხებზე გუნდთან ერთად