11
იან
2018

ქართული აპლიკაცია, რომელიც სარეკლამო SMS-ებს ბლოკავს! SMS Spam Filter

11 იან 2018

სარეკლამო SMS-ების მიღება და წაშლა ჩვენი ყოველდღიურობის არც ისე სასიამოვნო ნაწილია. საზღვარგარეთ, სხვადასხვა მობილური სერვისის პროვაიდერები, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ბლოკავენ სარეკლამო მესიჯებს, თუმცა, საქართველოში ეს მიმართულება არც ისე მოწესრიგებულია. შესაბამისად, ყოველდღიურად, გვიწევს, ხშირად, ჩვენთვის არასაჭირო ინფორმაციის მიღება-წაშლა. ახლახან, დეველოპერმა რეზო მესარკიშვილმა IOS სისტემებისთვის აპლიკაცია SMS Spam Filter შექმნა, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ამა თუ იმ გამომგზავნისგან სარეკლამო SMS-ის მიღების შეზღუდვა. მიღებული, დაბლოკილი SMS-ები Junk-ში ხვდება. App-ის ფასიანი და უფასო ვერსიები App Store-ზეა ხელმისაწვდომი. აპლიკაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე მარკეტერი მის შემქმნელს – რეზო მესარკიშვილს ესაუბრა:

M: როგორი იყო თქვენ მიერ SMS ფილტრის შექმნის მოტივი? 
ყოველდღიურად, ძალიან ბევრი სარეკლამო SMS-ს ვიღებდი, რაც ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია.ზოგი მათგანი ინფორმაციულია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისეთ რამეებს გვთავაზობენ, რომელიც არასდროს დაგვჭირდება. ახალი IOS გამოვიდა და იქ არის ახალი საშუალება, გარკვეული წესების მიხედვით, გაიფილტროს გზავნილები და რადგან ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა, გადავწყვიტე შემექმნა აპლიკაცია, ამ პრობლემის გადასაჭრელად.

M: რა გამოცდილება გაქვთ, როგორც დეველოპერს? რა სახის აპლიკაციები შეგიქმნიათ და რა განსხვავებაა ფასიან და უფასო ვერსიებს შორის, SMS ფილტრის შემთხვევაში? 
ერთი წელი ვმუშაობდი საქართველოში, IOS-ის მიმართულებით, ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, რომლის სახელითაც, ჩემი ოთხი აპლიკაციაა App Store-ში. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემი ავტორობით, სამი App-ია ხელმისაწვდომი, აქედან, ორი არის SMS ფილტრი – SMS Spam Filter (free) და SMS Spam Filter Plus ($9.99). ფასიანი აპლიკაცია ხმარებისას უფრო მარტივია და დამატებითი, ისეთი ფუნქციები აქვს, რაც პირველში არ არის, თუმცა, უფასო ვერსიაშიც შესაძლებელია დამატებითი სერვისების ყიდვა. უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ფუნქციური განსხვავებისა, SMS Spam Filter (free) სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს პირობებში, არასასურველი SMS-ები გაიფილტროს. გარდა ამ ორი აპლიკაციისა, მზად მაქვს Contacts Sharerer-იც.

M: როგორია SMS-ების გაფილტვრის წესები? ისინი იყოფა კატეგორიებად შინაარსის მიხედვით თუ სურვილის შემთხვევაში, გამომგზავნი წყაროს დაბლოკვაა შესაძლებელი? 
ზოგს აინტერესებს შეტყობინებების ნაწილი, ზოგს კი საერთოდ არა. ამიტომ, გაფილტვრის წესები ჩადებულია აპლიკაციაში და მომხმარებელს შეუძლია თვითონ აარჩიოს, რისი მიღება უნდა და რისი – არა. ზოგადი წესები არსებობს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული გამომგზავნის ჩართვა-გამორთვა. რაც შეეხება SMS-ის კატეგორიას, მისი შინაარსის ამოცნობა საკმაოდ რთულია და ამიტომ, მხოლოდ გამომგზავნის ბლოკირებაა შესაძლებელი.

M: როგორც ვიცით, აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ IOS-ის მომხმარებელთათვის, თუ იგეგმება SMS Spam Filter-ის მორგება Android-ის სისტემაზეც?
მხოლოდ IOS-ზე ვმუშაობ, „ანდროიდზე“ – არა, აქედან გამომდინარე, აპლიკაცია ხელმისაწვდომი ვერ გახდება „ანდროიდის“ მომხმარებელთათვის, თუმცა, მსგავსი, უცხოური აპლიკაციები არსებობს. სხვა ქვეყნებში თვითონ მობილური სერვისის პროვაიდერები, არ არიან დაინტერესებულები სპამის გავრცელებითა და მომხმარებლების შეწუხებით, ამიტომაც, თვითონ ბლოკავენ. ზოგან ფასიანი მომსახურებაც კია სარეკლამო SMS-ების შეზღუდვა. ჩვენთან, პირიქით, ეს კომპანიები თვითონ მონაწილეობენ სპამის გავრცელებაში, ფინანსური ინტერესიდან გამომდინარე. SMS Spam Filter-ის დაინსტალირება ძალიან მარტივია და QR კოდის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

განხილვა

1 პასუხი