in

როგორ იყენებენ SMS-ს თანამედროვე მარკეტინგში?

წლების განმავლობაში ბრენდები და კომპანიები SMS-ს აქციების რეკლამირების ან ფასდაკლების კოდების გასაგზავნად იყენებდნენ. დღეს კი ამ მეთოდმა გაცილებით მეტი პოტენციალი თუ დატვირთვა შეიძინა — ლიდერები მას ახლებური გზებით იყენებენ.

მაგალითად, მოდის კომპანია Black Tux, რომელიც სმოკინგის გაქირავების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს, შეტყობინებებს ურთიერთობის გასაძლიერებლად იყენებს. ცოტა ხნის წინ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ენდრიუ ბლეკმონმა Black Tux-ის 10 000 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს საკუთარი ნომრიდან მიწერა. მათ მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის და უნიკალური პრომო გაუგზავნა; ასევე, ნებისმიერი კითხვისადმი ღიაობა გამოხატა.

რა თქმა უნდა, მსგავსმა ჟესტმა დადებითად იმოქმედა მომხმარებელთა განწყობაზე და თავადაც გაუჩნდათ სურვილი, რაღაც სასიამოვნო ემოცია დაებრუნებინათ. ერთ-ერთმა მათგანმა ქორწილის ვიდეოც გაუგზავნა კომპანიას, სადაც სწორედ მისი სმოკინგი ეცვა. ხოლო ზოგიერთი SMS-ის საპასუხოდ იწერებოდა, მართლა დირექტორი იყო თუ არა… ბლეკმონი კი სელფით პასუხობდა.

2013 წელს დაარსების დღიდან Black Tux-მა თითქმის 2 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა. ამ წელს, ბიზნესის წინსვლის დასახმარებლად, ბლეკმონმა და მარკეტინგის გუნდმა ახალი მარკეტინგული სტრატეგია შეიმუშავეს, რომელიც პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. ჯერემი გოლდმანი, მარკეტინგის, საცალო ვაჭრობისა და ტექნიკური ბრიფინგების უფროსი დირექტორი Insider Intelligence-ში, დადებითად იზიარებს კომუნიკაციის ამ ფორმას: „კამპანიის თვალსაზრისით, ის ნამდვილად გამოირჩევა. ვფიქრობ, რომ ერთი-ერთზე კომუნიკაცია, რომელსაც კომპანია გვთავაზობს, არსებითად უფრო უნიკალურია და კლიენტებსაც მეტად უჩენს ღირებულების თუ მნიშვნელობის განცდას“.

აქ მოყვანილი მაგალითი ტიპური SMS მარკეტინგისგან გადახვევას წარმოადგენს. ელ.ფოსტისგან განსხვავებით, მობილურზე გაგზავნილი შეტყობინება უფრო ლაკონიურია და მეტად ხელმისაწვდომიცაა მომხმარებლებისთვის — შესაძლოა, მეილი ყოველდღიურად არც შევამოწმოთ, ტელეფონი კი მეტწილად სულ ხელში გვიკავია.

გარდა ამისა, მარკეტერები SMS-ს სხვადასხვა ფუნქციას უძებნიან — მათ შორის კომპანია Mented Cosmetics თავის მომხმარებლებს მობილური შეტყობინების სახით უგზავნის პროდუქტთან დაკავშირებულ ტესტებს. Til You Collapse, აქტიური ტანსაცმლის ბრენდი, იყენებს SMS-ს მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის შესაგროვებლად, როგორიცაა ფოტოები, ვიდეოები და მიმოხილვები, შემდეგ კი საკუთარ საიტზე აქვეყნებს.

პლატფორმებიც კი, რომლებიც ბრენდებთან თანამშრომლობენ, SMS-ის გამოყენების ახალ გზებს ეძებენ. გასულ წელს Postscript-მა მყიდველების კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო, ბრენდისთვის Dr. Squatch — მამაკაცის სხეულის მოვლის პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესისთვის. ამ შემთხვევაში პლატფორმა რეალური ქმედებებით პასუხობდა ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა „მინდა, ჩემს ქმარს უკეთესი სუნი ჰქონდეს“.

წარსულში მსგავს მოთხოვნას ბრენდი შესაბამისი პროდუქტების ჩამონათვალითა და ფასდაკლების კოდებით უპასუხებდა. თუმცა ახლა Postcript-ის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ალექს ბელერმა განმარტა, რომ კომპანიას შეუძლია, შექმნას სუნამოების ინდივიდუალური ნაკრები და შემდეგ SMS-ის საშუალებით გაუწიოს პოპულარიზაცია.

მთლიანობაში, მარკეტერები დარწმუნებულები არიან, რომ SMS-ის მრავალფეროვანი, კრეატიული გზებით გამოყენება სრულად შეცვლის ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გზებს.

ახალი ლოგო თუ უბრალოდ გრაფიკული ნიშანი — Adobe-ს ბრენდინგში სიახლეა

სმარტ კაპიტალ ჯგუფი ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა