in

სნექი – ჯანსაღი წასახემსებელი ნებისმიერი ადამიანისთვის

ერთია, დაარსო საკუთარი კომპანია და წამოიწყო ბიზნესი, რომელიც შენთვისაც მომგებიანი იქნება და მომხმარებელსაც შენი პროდუქციის სახით ახალი არჩევანი გაუჩნდება, მაგრამ მეორეა თან კომპანია შექმნა და თან ეცადო, რომ მომხმარებელიც გააჩინო ბაზარზე. სწორედ ასეთია იმ ბრენდის ამბავი, რომელზეც დღეს გესაუბრებით და მოდი, გავიგოთ, ვინ არიან ისინი და როგორ იმკვიდრებენ თავს იმისთვის, რომ ქართული ნაწარმი შემოგვთავაზონ.

იდეა, სახელად სნექი

კომპანია „სნექი” ზუსტად 1 წლის წინ, 2021 წლის 10 ივნისს დაარსდა. ეს არის არაქისის კარაქი, რომელიც საქართველოში მზადდება. 

ინტენსიურად ვვარჯიშობდი და ხშირად ვყიდულობდი იმპორტულ არაქისის კარაქს. არაქისის კარაქი იდეალური საშუალებაა ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად. იმპორტირებული პროდუქტი დეფიციტური იყო. მაღაზიებში მარაგი ხშირად იწურებოდა. მიწევდა სხვადასხვა ვებგვერდზე ძებნა და გამოწერა. მუდმივი დეფიციტის გამო ჩემთვის ნათელი გახდა რომ თბილისში არაქისის კარაქზე იმაზე დიდი მოთხოვნა იყო, ვიდრე მისი მოწოდება. ხელის შემშლელი მიზეზი ვერ ვიპოვე იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა, მე მეწარმოებინა. გადავწყვიტეთ, სატესტო პროდუქტი დაგვემზადებინა და ონლაინ გაყიდვა გვეცადა”, – იესე პატიაშვილი, თანადამფუძნებელი.

როგორც ყველა დამწყებ მეწარმეს, სნექსაც აქვს თავისი სირთულეები. თავდაპირველად, ეს სირთულე არ ჩანდა და პირველი სამი თვის განმავლობაში იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, რომ სტარტაპი მალე გაიზარდა – თუ მანამდე მხოლოდ მიწოდებით ყიდდა პროდუქტს, უკვე გადაწყვიტეს, კადრები დაემატებინათ და საფირმო მაღაზია გაეხსნათ, თუმცა გარკვეული დროის მერე გაყიდვებმა შედარებით იკლო და გაფართოების გეგმის დაპაუზება გახდა საჭირო.

მივხვდით, რომ კომპანიის ზრდისას ზედმეტი ენთუზიაზმი შეიძლება დამღუპველი  იყოს. ბაზრის მდგომარეობა არასტაბილურია და დღევანდელი გაყიდვები შესაძლოა ხვალ განახევრდეს. ბოლო 2 თვე ყველა მცირე ბიზნესისათვის კატასტროფული იყო. მოგვიწია სნექის ჭავჭავაძის ფილიალის დახურვა. ვისწავლეთ, რომ მხოლოდ ის გაყიდვის მეთოდები გამოვიყენოთ, რომლებიც ფულადი სახსრების პოზიტიურ დინებას ქმნის. მაგალითად, ონლაინ გაყიდვები და იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას მიწოდებამდე რიცხავენ”, – ზური მამულაშვილი, თანადამფუძნებელი.

ძირითადი სეგმენტი

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე სნექის და მისი პროდუქციის სეგმენტი ახლა ყალიბდება. არაქისის კარაქი ადგილობრივთათვის მაინც შედარებით ახალი პროდუქტია, ვიდრე მაგალითად, ჩვეულებრივი, ნატურალური კარაქი. სნექის ძირითადი სეგმენტი დღეს პირობითად ასე შეიძლება დაიყოს:

  • სპორტსმენები, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობენ
  • ადამიანები ვისთვისაც ჯანსაღი კვებაა მნიშვნელოვანი
  • ბავშვები და ადამიანები ვისაც არაქისის კარაქი არასდროს გაუსინჯავთ და მისი გემო აინტერესებთ

სადაც არ უნდა შეიძინო სნექი, ის მაქსიმუმ 1 კვირის დამზადებული იქნება. ამის გამო სნექის არაქისის კარაქი ინარჩუნებს ახლად მოხალული არაქისის არომატს და ყველა სასარგებლო თვისებას, რომელიც მას აქვს. პროდუქტის კონსისტენტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს. სნექის შეძენისას ყოველ ჯერზე ზუსტად იმას იღებ რისი მოლოდინიც გაქვს”, – ირაკლი შელია, თანადამფუძნებელი.

დღესდღეობით სნექის გუნდში 9 ადამიანია. კომპანიის მთავარი მიზანი ხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადებაა. ზოგადად, სიტყვა სნექი ბოლო დროს არაჯანსაღ სასუსნავებთან გახდა ასოცირებული, რისი შეცვლაც სურს კომპანიას. მთავარ მისიად ამ ეტაპზე დანამატებით გაჯერებული ნახევარფაბრიკატების ჯანსაღი წასახემსებლით ჩანაცვლებას ხედავენ. 

იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობა მარტივად შეიძლება ჩანაცვლდეს საქართველოში დამზადებული ალტერნატივით. სნექი ამის მაგალითია. იმედი გვაქვს, პროექტი Made in Georgia ბევრ ადამიანს გადააწყვეტინებს, შექმნან მომსახურება ან პროდუქტი რომელიც იმპორტირებულზე იაფი და უკეთესი იქნება”, – ზური მამულაშვილი, თანადამფუძნებელი.

და ბოლოს, კითხვა, რომელსაც ყველა მეწარმეს ვუსვამთ: რა არის თქვენი სამომავლო ხედვა?

„სნექის მიზანია, რომ არაქისის კარაქი მასობრივი პროდუქტი გახდეს. ამისათვის მოსახლეობას ვუზიარებთ, რამდენად სასარგებლოა ახლად მომზადებული არაქისის კარაქი. აუცილებელი არ არის, გემრიელსა და ჯანსაღ პროდუქტებს შორის არჩევანის გაკეთება. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. სნექი ამის მაგალითია. ჩვენი მიზანია, რომ არაქისის კარაქი ყველა ქართული ოჯახის დღიურ რაციონში იყოს”, – ირაკლი შელია, თანადამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკმა ცოტა ხნის წინ ახალი კამპანია Made in Georgia წამოიწყო. კამპანია მიზნად ქართული ნაწარმისა და შესაბამისად, იმ კომპანიების პოპულარიზაციას ისახავს, რომლებიც ქართულ პროდუქციას ქმნიან. კამპანიაში ჩართული კომპანიები ბანკისგან სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით ისარგებლებენ მათთვის საჭირო სერვისებზე. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც კომპანიას შეუძლია და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.

 

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ მინი შოურუმი წარადგინა

ტერაბანკი შემოქმედებითი სასწავლო პროგრამის პარტნიორია