in

„აქციე ჰობი პროფესიად” – SNAP Academy-ს 8-წლიანი გამოცდილება ფიტნესინდუსტრიაში

დღესდღეობით ფიტნესი ბევრი ადამიანისთვის იქცა ცხოვრების წესად, ამიტომ სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ პროფესიონალებზე – ისეთებზე, რომლებისთვისაც ეს სფერო მხოლოდ გატაცება კი არა, რეალური პროფესიაა. ამისთვის მხოლოდ მოტივაცია არ კმარა, საჭიროა სისტემური ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და გარემო, სადაც თეორია რეალურ გამოცდილებად გარდაიქმნება. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შეიქმნა SNAP Academy, რომელიც უკვე რვა წელია, ქართულ ფიტნესინდუსტრიას კვალიფიციურ სპეციალისტებს უზრდის.

აკადემია 2018 წელს დაფუძნდა, მაშინ, როდესაც საქართველოში პროფესიონალი ფიტნესტრენერების მომზადების მიმართულება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, ინდუსტრია კი კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიდა. ამ პერიოდში შექმნილი სივრცე დღეს უკვე 15 დასრულებულ ნაკადს, 300-ზე მეტ კურსდამთავრებულსა და 100-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. ბევრი მათგანი საქმიანობას SNAP Fitness-ში აგრძელებს, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა ფიტნესკლუბში მუშაობს.

ამ წლების განმავლობაში როგორც თავად ინდუსტრია, ისე აკადემიაც მნიშვნელოვნად განვითარდა. თუ ადრე ფიტნესი მხოლოდ ვარჯიშთან ასოცირდებოდა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს პროფესიონალი ტრენერის როლს ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. სწორედ ამ ცვლილებების პარალელურად, SNAP Academy მუდმივად ანახლებს სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო გამოცდილებას ქართულ რეალობას არგებს და პრაქტიკულ სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

როგორ იქცა აკადემია პროფესიონალი ტრენერების ერთ-ერთ საგანმანათლებლო სივრცედ საქართველოში, რას სწავლობენ სტუდენტები, როგორ იწყებენ კარიერას და რას სთავაზობს ის სექტემბრიდან სწავლის მსურველებს – ამ თემებზე SNAP Academy-ს დირექტორი სოფიო სოლოღაშვილი გვესაუბრა.

M: SNAP Academy უკვე 8 წელია, ოპერირებს ქართულ ბაზარზე. როგორ გაჩნდა აკადემიის შექმნის იდეა და რა პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად?

როდესაც აკადემია შევქმენით, საქართველოში პროფესიონალი ფიტნესტრენერების მომზადების მიმართულება, პრაქტიკულად, არ არსებობდა, მაშინ როცა ინდუსტრიაში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა უკვე მზარდი იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც მსურველები მიიღებდნენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას.

დღეს უკვე ჩატარებული გვაქვს 15 ნაკადი, გვყავს 300-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-ზე მეტი დასაქმებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ როგორც SNAP-ში, ისე სხვა ფიტნესკლუბებში. ეს ნიშნავს, რომ აკადემიამ თავისი მთავარი მისია შეასრულა.

M: როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში ფიტნესინდუსტრია საქართველოში და როგორ ვითარდებოდა მასთან ერთად SNAP Academy?

ბოლო წლებში ფიტნესის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე ის მხოლოდ ვარჯიშთან ასოცირდებოდა, დღეს ადამიანები გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელ ცხოვრების წესს, სწორ ვარჯიშსა და პროფესიონალი ტრენერის მნიშვნელობას.

ამ ცვლილებებს SNAP Academy-ც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა – ვაახლებდით სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო გამოცდილებას ქართულ რეალობას ვარგებდით და პრაქტიკულ სწავლებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით.

M: რას სწავლობენ სტუდენტები აკადემიაში და რა ცოდნა სჭირდება თანამედროვე ფიტნესტრენერს?

პროფესიონალი ტრენერი მხოლოდ სავარჯიშოების ცოდნით არ განისაზღვრება. აუცილებელია ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიომექანიკის, ვარჯიშის პროგრამირების, უსაფრთხოების წესებისა და მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის ცოდნა.

სასწავლო პროგრამაც სწორედ ამ პრინციპზეა აგებული. სტუდენტები სწავლობენ, როგორ შეაფასონ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობები, როგორ შეადგინონ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა და როგორ უზრუნველყონ უსაფრთხო და ეფექტური შედეგი. ჩვენი მიზანია, კურსის დასრულების შემდეგ მათ მხოლოდ სერტიფიკატი კი არა, პროფესიისთვის საჭირო რეალური უნარები ჰქონდეთ.

M: რატომ არის პრაქტიკული სწავლება SNAP Academy-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა?

ფიტნესსფეროში მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, სტუდენტები სწავლების პროცესშივე მუშაობენ რეალურ გარემოში, პროფესიონალი ლექტორებისა და მოქმედი ტრენერების ხელმძღვანელობით.

ეს გამოცდილება მათ თავდაჯერებულობას მატებს და კარიერის დაწყებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ამასთან, აკადემია კურსდამთავრებულების დასაქმებასაც აქტიურად უწყობს ხელს და ინდუსტრიასთან აკავშირებს.

M: ხშირად ამბობთ, რომ SNAP Academy ადამიანებს ჰობის პროფესიად ქცევაში ეხმარება. რას ეფუძნება ეს შეფასება?

ამის დასტური ჩვენი კურსდამთავრებულების ისტორიებია. ბევრი მათგანი აკადემიაში მხოლოდ ფიტნესის სიყვარულით მოდის, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ უკვე პროფესიონალი ტრენერის კარიერას იწყებს.

სწორი განათლება, პრაქტიკული გამოცდილება და მონდომება ნამდვილად შეიძლება წარმატებულ პროფესიად გადაიქცეს. სწორედ ასეთი ისტორიებია ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია.

M: ვისთვის არის SNAP Academy? აუცილებელია თუ არა წინასწარი გამოცდილება?

აკადემიაში სწავლა შეუძლია როგორც გამოცდილ ადამიანებს, ისე მათ, ვინც ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამს. წინასწარი პროფესიული გამოცდილება აუცილებელი არ არის.

მთავარია ინტერესი, დისციპლინა და განვითარების სურვილი. სასწავლო პროგრამა ისეა აგებული, რომ სტუდენტები საფუძვლებიდან იწყებენ და ეტაპობრივად იძენენ ყველა იმ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარს, რომელიც თანამედროვე ტრენერისთვის აუცილებელია.

M: სექტემბერში ახალი მიღება იწყება. რას უნდა ელოდონ მომავალი სტუდენტები?

ახალი მიღება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განახლებული სასწავლო პროგრამით იწყება, რომელიც კვლავ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას აერთიანებს.

ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა სწავლის დასრულების შემდეგ რეალური პროფესიული უნარები შეიძინოს და კონკურენტუნარიანი იყოს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მომავალშიც ვგეგმავთ პროგრამების მუდმივ განვითარებასა და ახალი მიდგომების დანერგვას, რათა SNAP Academy დარჩეს ადგილად, სადაც ადამიანები მხოლოდ განათლებას კი არ იღებენ, არამედ წარმატებულ პროფესიულ კარიერას იწყებენ.

რვა წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ასობით კურსდამთავრებული და ათეულობით წარმატებული კარიერა აჩვენებს, რომ SNAP Academy მხოლოდ სასწავლო კურსი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ფიტნესისადმი ინტერესი პროფესიულ ცოდნად, პრაქტიკულ გამოცდილებად და რეალურ კარიერულ შესაძლებლობად გარდაიქმნება. სექტემბრიდან კი, ახალი შემართებითა და გეგმებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ჰობი პროფესიად აქციოს და ფიტნესინდუსტრიაში თავდაჯერებული პირველი ნაბიჯები გადადგას.

[R]

როგორ იყენებენ Levi’s და Uniqlo ტანსაცმლის აღდგენის სტრატეგიას ზეტ თაობის მოსაზიდად

„ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში” – SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამა