დღეს Snooze-ის ღილაკს რამდენჯერ დააჭირეთ? ოღონდ გულწრფელები იყავით, რადგან როგორც უახლესი კვლევა გვეუბნება, ეს არც ისეთი ცუდია, როგორც აქამდე ფიქრობდნენ… ზოგიერთი ადამიანისთვის კოგნიტიურ უნარებსაც კი შეიძლება აუმჯობესებდეს! დიახ, თუ აქამდე არსებული კვლევები იმ უარყოფით გავლენებს განიხილავდა, რაც მცირეხნიან ჩაძინებას შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ძილის რეჟიმზე, რომ 5 ან 10-წუთიანი მინიციკლები ცუდია ჩვენი სხეულისთვის, ახლა სტოკჰოლმისა და მონაშის უნივერსიტეტის მკვლევრები ამ იდეას ეჭვქვეშ აყენებენ.
მეცნიერები ლაბორატორიულ პირობებში 31 ადამიანს დააკვირდნენ, რომლებიც Snooze-ის ღილაკის მოყვარულნი გახლდათ და აღმოაჩინეს, რომ 30-წუთიან დამატებით ძილს უარყოფითი ზეგავლენა კი არ აქვს, არამედ კოგნიტიურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს გაღვიძებისთანავე შესასრულებელი ამოცანისთვის.
„კვლევები გვაჩვენებს, რომ თუ ეს გსიამოვნებთ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც დილით ჩაძინება უნდა შეწყვიტოთ, 30 წუთის მანძილზე მაინც. რეალურად, ეს შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც სწრაფად გამოფხიზლებაში, როდესაც ლოგინიდან ადგომას გადაწყვეტთ“, — განმარტავს თინა სუნდელინი, ძილის მეცნიერი სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან.
მართალია, ზოგიერთ მონაწილეში კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება შეინიშნებოდა, მაგრამ ამასთან, მკვლევრები გვთავაზობენ, რომ ჩაძინებები მარტივად გაღვიძებაშიც გვეხმარება. აქ ის იგულისხმება, რომ რთულია ღრმა ძილიდან მყისიერად გამოფხიზლება, ხოლო ჩაძინებებით ძილი მსუბუქ ფაზაში გადადის, რაც გამოფხიზლებასაც ამარტივებს და ჩვენი სხეულისთვისაც უკეთესია. ეს 30-წუთიანი ჩაძინების პერიოდი კი 3 ეტაპისგან შედგებოდა, რომელთაგანაც თითოეული 9-დან 10-წუთამდე გრძელდებოდა.
მეტიც, მკვლევართა გუნდი 1732 მოხალისეს დააკვირდა, რათა დაედინა, რამდენად გავრცელებული ფენომენი იყო ეს… როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტთა 69%-ს დაუჭერია snooze-ის ღილაკზე ან უმეტესად რამდენიმე მაღვიძარას აყენებს. ჩაძინების საშუალო დრო კი 22 წუთია, რაც უფრო ხშირია ახალგაზრდა და „ბუდ“ წოდებულ, ღამის ადამიანებში. ხოლო ხასიათის, სტრესის, ძილიანობის ან ძილის ციკლების კუთხით ჩაძინება-არჩაძინების საკითხს რაიმე სხვაობა არ უჩვენებია. მიუხედავად ამისა, როგორც ადრეული კვლევები, ისე ეს უახლესი ნაშრომიც გვეუბნება, რომ ჩაძინების ეფექტები მაინც დიდწილად ინდივიდზეა დამოკიდებული…