in

„ციფრულ სამყაროში გაზომვადი არტისტი უნდა იყო“ – სოციალური მედიის აუდიტის შესახებ

სოციალური მედიის მარკეტინგი, დღესდღეობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა უამრავი ბიზნესისთვის, იმის მიუხედავად, დიდია ის თუ პატარა. თუ თქვენი ბრენდი სოციალურ მედიას მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად განიხილავს, აუცილებლად უნდა გესმოდეთ სოციალური მედიის აუდიტი. სიტყვა „აუდიტის“ გაგონებაზე, თქვენც შიში თუ გიპყრობთ, გეტყვით, რომ სწორი ინსტრუმენტებით, გეგმითა და მიზნებით ის ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რასაკვირველია, ძალიან სასარგებლოც. ის გაძლევთ მთლიან ხედვას იმაზე, თუ რა ხდება თქვენს სოციალურ არხებში. ასევე, საკითხს სხვა პერსპექტივიდან დაგანახებთ და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობად მონაცემები იქცევა ხოლმე. ეს კი, მარკეტინგული სტრატეგიის გასაუმჯობესებლად, საიმედო გზაა. მაინც, როგორია სოციალური აუდიტის მუშაობის მექანიზმი? ამის შესახებ, სააგენტო Maverik-ის დამფუძნებელი გიორგი კენჭუაშვილი გვიყვება.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რისთვის სჭირდებათ ბრენდებს სოციალური მედიის აუდიტი?

ციფრული საკომუნიკაციო არხების საფუძვლიანი შესწავლა და შეფასება (აუდიტი) ბიზნესებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი პროცესია, როგორიც ბიზნეს-გეგმის შედგენა, ან ფინანსური ანალიზი. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ციფრულ სამყაროშიც ასეა, რომ
განვლილ აქტივობებზე დაკვირვება საშუალებას გაძლევს უფრო თამამად გადადგა ნაბიჯები მომავალში.

სოციალურ მედიაში ჩვენი ნამუშევრის ციფრებში გარდასახვა იოლია. საკმარისია, რამდენიმე მარტივი კითხვის დასმა:

  • რამდენ ადამიანს „ვაჩვენე“ რეკლამა?
  • მათგან რამდენი ადამიანი „ჩაერთო“ პოსტში ? და ა.შ.

თუმცა, სამართლიანად ისმის კითხვა: აბა რა არის ამ საქმეში რთული? გიპასუხებთ: რთული მიღებული ინფორმაციის სიღრმისეული ანალიზი და ROI-ს (Return on investment) დათვლაა.

ხშირ შემთხვაში, კომპანიები მხოლოდ ნედლ რიცხვებს სჯერდებიან და კომუნიკაციის ეფექტურობაზე არ აქვთ საფუძვლიანი წარმოდგენა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში ცვალებად ციფრულ გარემოში ძალიან დიდი საფრთხეა ნებისმიერი დამწყები, თუ გამოცდილი ბიზნესისათვის.

M: როგორ ვაფასებთ აუდიტის შედეგს – დადებითია თუ უარყოფითი?

არ შემიძლია ეს კითხვა არ გამოვარჩიო, რადგან დიახ, არის შემთხვევები, როცა შედეგი ერთი შეხედვით პოზიტიურ სიგნალებს იძლევა, თუმცა დიდ დროში, შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ბრენდის იმიჯსა თუ გაყიდვებზე. მსგავს სიტუაციებში, საჭიროა ისეთი ადამიანის ჩართულობა, ვისაც ტექნიკური ცოდნის გარდა, აქვს გამოცდილება მონაცემების ანალიზის მიმართულებით, ერკვევა მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგიაში, გარკვეულ დონეზე ესმის თუნდაც სოციოლოგია თუ სხვა „ცხოვრებისეული“, კომპლექსური საკითხები. ამიტომ, საჭიროა ვიყოთ ეჭვიანები და მუდმივად ვეძებოთ ის შინაარსი, რაც, თუნდაც ლამაზი ციფრების უკან იმალება.

M: რა კრიტერიუმები გვჭირდება აუდიტის გასაზომად? 

ციფრული პერფორმანსის ეფექტიანობის გასაზომად, აქტივობის დაწყებამდე საჭიროა წინასწარი შეთანხმება, ერთგვარი დათქმა, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი კომუნიკაციის მიზანი/მიზნები, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრება ის პარამეტრები,იგივე KPI (Key Performance Indicator), რომელიც ყველაზე უკეთ გაზომავს კონკრეტული მიზნისთვის განხორციელებული აქტივობების ეფექტურობასა და შედეგებს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური შაბლონი ან კრიტერიუმი, რომელიც ყველა კომპანიას თანაბარი წარმატებით მოერგება, რადგან ამ დროს, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ბიზნესის საქმიანობის სფეროს, ინდუსტრიაში არსებულ ტრენდებსა თუ გამოწვევებს, განვითარების რა ეტაპზე იმყოფება და რომელ ნიშაში პოზიციონირდება ჩვენი კომპანია, კონკურენტების ქცევის სტრატეგიას და სხვა მნიშვნელოვან, თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს.

M: რა დამატებითი პლატფორმები/აპლიკაციებია საჭირო, სოციალური მედიის აუდიტისთვის?

რამდენადაც განსხვავებულია ბიზნესის მიზნები და ამოცანები, ამდენადვე მრავალფეროვანია პლათფორმებიც,რომელიც აღნიშნულ მიზნებს კომფორტულად ერგება, მათ შორის გამოვარჩევდი:

  • https://emplifi.io/ – გამოიყენება საკუთარი თუ კონკურენტი კომპანიების სოციალური ქსელების performance ანალიზისთვის და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამომავლო გეგმების გასაწერად.

  • https://www.similarweb.com/ – აქ შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის შესახებ უამრავი საგულისხმო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

  • https://www.semrush.com/ – გამოიყენება SEO ოპტიმაზაციისთვის,
    keyword-ების, ლინკებისა და ტრეფიკის ანალიზისათვის.

გარდა ჩამოთვლილისა, არსებობს სპეციფიკური პლატფორმებიც, მაგალითად https://adespresso.com/ რომელიც ერთი კონკრეტული რეკლამის ანალიზს აკეთებს და უამრავ სასარგებლო რჩევას გაწვდის კონკრეტულ ad-თან დაკავშირებით.

Maverik-შიც სულ ამას ვამბობთ, რომ „კარგი“ რეკლამა ყოველთვის რაღაცას „ყიდის“: სერვისს, პროდუქტს, იმიჯს, ემოციას – whatever… ციფრულ სამყაროში გაზომვადი არტისტი უნდა იყო. სხვანაირად არ გამოვა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Nike-ის ფილმი Love, Paris ინდის ჟანრში გადაიღეს

Wolt Market კიდევ ერთი ფილიალი დიდ დიღომში გაიხსნა