in

2023 წლის ტენდენციები სოციალური მედიის მარკეტინგისთვის

გაინტერესებთ, რა მიმართულებით განვითარდება მარკეტინგი სოციალურ მედიაში? რა იქნება აქტუალური ფაქტორები?

ბრენდები LinkedIn-სა და TikTok-ს მიანიჭებენ უპირატესობას

უამრავი ბრენდი, რომელთა მთავარი საყრდენიც იყო Twitter, საფრთხის წინაშე დადგა, სოციალური მედიის თვალსაზრისით, რადგან ეს სწორედ ის სივრცეა, სადაც სამიზნე აუდიტორიას ესაუბრებიან, უსმენენ, უზიარებენ საკუთარ ღირებულებებს. ახლა კი, როდესაც „თვითერზე“ სიტუაცია დრამატულად შეიცვალა, ბრენდები ამ ბიუჯეტს სხვა პლატფორმებისკენ მიმართავენ. უამრავი ბრენდისთვის აქამდეც აქტუალური იყო Facebook, ამიტომ მოსალოდნელია, რომ სხვა საინტერესო არხებსაც აირჩევენ კომპანიები, როგორიცაა LinkedIn და TikTok.

მოკლე ფორმატის ვიდეო კონტენტის სათავეში მოექცევა

ეს ცვლილება ბრენდებს უპირატესობის სწრაფად მოპოვებაში დაეხმარებათ. LinkedIn-იც კი გადაეწყო ვიდეოკონტენტზე და სწორედ ამ გზას გადიან სხვა პლატფორმებიც. ამ კუთხით, ბუნებრივია, ყველაზე მიმზიდველი TikTok-ია, სადაც სწორედ მოკლე ვიდეოებია მთავარი კონტენტი. შექმენით ისეთი კონტენტი, რომელიც ავთენტურია თქვენთვის, რადგან ყველა ბრენდს არ აქვს ისეთი მიმართულება, რომელსაც ადვილად მოარგებს ტიკტოკს. ამავდროულად, ყველა კომპანიას შეუძლია საგანმანათლებლო და არაფორმალური კომუნიკაცია წარმართოს ტიკტოკზე. შექმენით ვიდეოები, როცა სათქმელი გაქვთ. ნუ გააკეთებთ ამას მხოლოდ ალგორითმის მოსატყუებლად. თუ თქვენ ქმნით ერთ კარგ ვიდეოს ყოველთვიურად, თქვენი აუდიტორია შეეგუება ამ ერთი კარგი ვიდეოს ყოველთვიურად ყურებას.

პროაქტიური აუდიტორიის ჩართულობას მოაქვს შედეგი

იმ ფონზე, როცა პლატფორმები კონტენტითაა გაჯერებული, 2023 წელს, ბიზნესს უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება აუდიტორიის მოსაზიდად. კონტენტის შექმნა და აუდიტორიის შემოკრება სოციალურ მედიაში, ბრენდის ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის მხოლოდ გაყიდვებზე არ აისახება. სამწუხაროა, როცა ბიზნესი კონტენტის უსასრულო შეთავაზებით გაყიდვების ზრდას ელის. შექმენით კონტენტი იმისთვის, რომ სწორი პოტენციური მომხმარებელი მოიზიდოთ, ესაუბროთ მათთვის საინტერესო საკითხებზე, დაეხმაროთ პრობლემების გადაჭრაში და აალაპარაკოთ. სწორედ აქედან ყალიბდება ნდობა, რომელიც გაყიდვების აუცილებელი წინაპირობაა.

სოციალური მედიით მომხმარებლებთან ურთიერთობა თქვენს გაყიდვებზე აისახება

დიახ, ვიცით, რომ ბევრს არ სჯერა და ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ამაზე რესურსების გამოყოფა კომპანიებისთვის უსიამოვნოა, მაგრამ იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ არსებული მომხმარებლები და პოტენციური მყიდველები მოიზიდოთ, მათ უნდა ესაუბროთ, ემეგობროთ სოციალური მედიით. ბრენდის საუბრის მანერა, ტონი, თემატიკა და ინტერაქციის სურვილი არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ადამიანებს თქვენთან ურთიერთობაში იზიდავს.

Facebook Ads რეპორტინგი უმჯობესდება

2023 წელს, Facebook მარკეტინგისთვის ვიდეო აირჩიეთ მთავარ სასაუბრო საშუალებად – 9:16 ფორმატი და რილი. თუკი ამას არ გააკეთებთ, მნიშვნელოვნად ჩამორჩებით განვითარების ტემპს. Facebook-ზე რეკლამირება კი, მონიტორინგისა და რეპორტინგის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

კომუნა – Facebook მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია

ეს გასულ წლებშიც შეინიშნებოდა, თუმცა 2023 წელს, განსაკუთრებით გამოჩნდება კომუნას განვითარების აუცილებლობა ბრენდებისთვის. მოწონებების, გამომწერების ნაცვლად, აქცენტი ისეთ მეტრიკაზე გადავა, რომელიც აუდიტორიასთან ურთიერთობას აყალიბებს. ადამიანებს აქვთ სურვილი იყვნენ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი, იგრძნონ, რომ მათ ნამდვილად აქცევენ ყურადღებას. შეამჩნევდით, ალბათ, რა სისწრაფით იზრდება კომუნა Discord-სა და Telegram-ში. არის სხვა პლატფორმებიც, რომლებსაც კომუნას ფორმატი აქვთ – Mighty Networks, Circle, Slack…

Facebook მესენჯერი გაყიდვების ზრდაში დაგეხმარებათ

მესენჯერის ფუნქცია მნიშვნელოვანია გაყიდვებისას. დიახ, რაც უნდა უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, SMS კომუნიკაციის დროულობასა და შინაარსს დიდი გავლენა აქვს. ცვლილება შეეხება User-Generated Content-ს (UGC), რომლის შესახებაც სულ უფრო მეტი მომხმარებელი იგებს და ხვდება, რომ ეს შეიძლება იყოს კარგად ანაზღაურებადი პროფესია. მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ UGC-ს, რაც პროდუქტის ავთენტურობის დანახვაში ეხმარებათ. ბრენდს, დაქირავებული UGC კრეატორების გარდა, რეალური მომხმარებლების უკუკავშირიც სჭირდება.

Instagram-ის ფიდზე ავთენტურობა იკიდებს ფეხს

ინსტაგრამის მომავალი ჰაერშია, რადგან ის აგრძელებს მისი სამიზნე აუდიტორიის ხელახლა განსაზღვრას. როგორც ჩანს, პლატფორმა ცდილობს GenZ კრეატორების მოზიდვას, რადგან სწორედ ამ სეგმენტში ჩაატარა გამოკითხვა. ეს საინტერესო ცვლილებაა, რადგან ინსტაგრამის ლოიალური, თავდაპირველი მომხმარებლები მილენიალები არიან, რომლებმაც პირველივე დღიდან დაიწყეს ინსტაგრამის გამოყენება.

2022 წლის დასაწყისში, ინსტაგრამმა ზეტ თაობას ზედმეტად „დავარცხნილი“ და დარედაქტირებული კონტენტი შესთავაზა. არადა, ტიკტოკი სწორედ იმან აქცია მოთხოვნად პლატფორმად, რომ აქ არ გჭირდებათ მაკიაჟის გაკეთება ან „იდეალურად“ წარმოჩენა – შეგიძლიათ იყოთ ისეთი, როგორიც ხართ.

მოსალოდნელია, რომ ინსტაგრამი ავთენტურობას „იდეალურ კონტენტზე“ მაღლა დააყენებს, რათა ზეტ თაობის გული მოიგოს. ავთენტურობა არამხოლოდ კონტენტში, არამედ კრეატორებთან მიმართებაშიც. ადამიანები და ბრენდები უნდა წარმოჩინდნენ ისეთებად, როგორებიც არიან.

მოსალოდნელია, რომ ინსტაგრამს დაემატება უამრავი ახალი ფუნქცია, რაც კრეატორებს მონეტიზაციაში დაეხმარებათ. ასევე, არაა გამორიცხული, ინსტაგრამზე პოდკასტიც ვიხილოთ.

LinkedIn-ზე პორტირება

LinkedIn-ზე ბრენდების გააქტიურება შეინიშნება, რაც თვითერის პრობლემითაა გამოწვეული. ამისათვის, LinkedIn-საც აქვს სიახლეები. მან უკვე დანერგა ახალი ინსტრუმენტი ახალი და არსებული სტატიების ოპტიმიზაციისთვის. დრო გვიჩვენებს, დაეხმარება თუ არა ამ ხელსაწყოების გამოყენება ხალხს თქვენი ძველი სტატიების პოვნაში.

LinkedIn მათთვისაც ხელსაყრელია, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, არის მეწარმე და სურს Facebook-დან სადმე სხვაგან გააფართოვოს საკომუნიკაციო არხი, თან არც Slack უნდა და არც Discord მოსწონს. ასეთ ადამიანებს LinkedIn სიხარულით მიიღებს.

LinkedIn სხვა პლატფორმის კონტენტის გაზიარებაშიც გეხმარებათ, შესაბამისად, ამ კუთხითაც ხელსაყრელია.

TikTok-ზე ორგანული კონტენტი უფრო პოპულარულია

TikTok 2023-შიც ძალიან აქტუალური იქნება, როგორც სოციალური მედიის უზარმაზარი მამოძრავებელი ძალა. ალგორითმი აგრძელებს ავთენტური და კრეატიული კონტენტის ხელშეწყობას. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონტენტის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ღირებულების და გართობის მომტანია, არამედ უნიკალურია, ეს მაქსიმალურად გაზრდის პერფორმანსსა და გავრცელებას. კონტენტი, რომელსაც აქვს პოლარობის ჯანსაღი ელემენტი, ასევე მიდრეკილია მაღალი ჩართულობისკენ.

YouTube Shorts-ის აუდიტორია უფრო სწრაფად იზრდება

2023 წელს, ახალი აუდიტორიის მოსაზიდად და თქვენი ბრენდის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობაა YouTube Shorts. YouTube Shorts 2021 წლიდან გამოჩნდა, TikTok-ის ვირუსული ვიდეოების საპასუხოდ. ტრადიციული ვიდეოები YouTube-ზე კვლავაც აქტუალურია, თუმცა მოკლე ფორმატის ვიდეოები აუდიტორიასთან წვდომისთვის ბევრად ეფექტურია. ამჟამად, YouTube Shorts-ს ყოველთვიურად 1,5 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და ყოველდღიურად 30 მილიარდზე ნახვა აქვს. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები სწრაფად გაიზრდება 2023 წელს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ YouTube-მა ცოტა ხნის წინ Shorts-ის მონეტიზაციის შესახებ გამოაცხადა.

 

წყარო: socialmediaexaminer

მალე ამ ფირფიტით მზის ენერგიის მოხმარება ყველგან შეგეძლებათ!

L’Oréal-მა მაკიაჟის პრინტერი შექმნა