in

როგორ იქმნებოდა Socar Georgia Petroleum-ის კამპანია „მეგზურსაც გააჩნია”

კომპანია Socar Georgia Petroleum სხვადასხვა სოციალური აქტივობით ხშირად იჩენს თავს. მისი ერთ-ერთი ბოლო კამპანია „მეგზურსაც გააჩნია” სულ ახლახან დასრულდა და ჯამში რამდენიმე ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა, რომლებმაც განსხვავებული სიუჟეტითა და პერსონაჟებით ერთი იდეა გააერთიანა – გააჩნია, როგორი მეგზური გყავს არა მხოლოდ მაშინ, როცა სამოგზაუროდ მიდიხართ, არამედ ზოგადად, ცხოვრების იმ გზაზეც, რომელსაც მიჰყვებით.

კამპანიის ფარგლებში 5 ვიდეორგოლი ვიხილეთ. ყოველი მათგანი, რა თქმა უნდა, მოიცავდა გზავნილს „მეგზურსაც გააჩნია”, თუმცა თითოეულმა სხვადასხვა ფორმით გვითხრა ეს: მეგზური, რომელიც ეხმარება ლიდერს და უმეტესად ყურადღების მიღმა რჩება; არჩევანი, თუ ვის ვირჩევთ მეგზურად და რატომ; დასახული მიზნის მიღწევისას გვერდზე მდგომი ადამიანის მნიშვნელობა; რა უნდა გავაკეთოთ, თუ მოცემულ მომენტში კარგი მეგზური არ გვყავს და როგორ უნდა გავართვათ დამოუკიდებლად წინსვლას თავი…

ამ საინტერესო კამპანიის უკან თავად „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისა” და სააგენტო Sweeft-ის გუნდი დგას, რომლებიც კამპანიის შიდა სამზარეულოზე გვესაუბრნენ.

თორნიკე ვასაძე – „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” მარკეტინგის მენეჯერი:

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” გამოირჩევა მსგავსი ტიპის კამპანიებით და არ ყოფილა #მეგზურსაცგააჩნია ამ წელს პირველი ისეთი კამპანია, სადაც, რაღაც კუთხით, სოციალურ საკითხს ვეხებით. გვჯერა, რომ დღევანდელ მარკეტინგულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა თქვენსა და sweeft-ს შორის, რამდენად მარტივად გადაიკვეთა თქვენი ხედვები კამპანიის თაობაზე?

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და სვიფტის გუნდს თანამშრომლობის ძალიან დიდი ისტორია აკავშირებს და ძირითად შემთხვევებში, აბსოლუტურად ემთხვევა ხოლმე ხედვები. ამ შემთხვევაშიც ასე იყო.

M: თქვენთვის, როგორც ბრენდისთვის, რა ღირებულებებს ატარებს კამპანია „მეგზურსაც გააჩნია” და თქვენი აზრით, რა მთავარი გზავნილი გაუგზავნეთ საზოგადოებას ამით?

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმიც თავისთავად მეგზურია, რომელიც ეხმარება და უმარტივებს მომხმარებლებს გზაზე გადაადგილებას. ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობენ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ყველა ბეტმენს სჭირდება ალფრედი, უბრალოდ ამის გააზრებაზე დიდ დროს არ ვხარჯავთ. ჩვენ გვინდოდა, ამ კამპანიით გვეჩვენებინა, რომ მეგზურთან ერთად უფრო საინტერესოც არის და მარტივიც, მაგრამ #მეგზურსაცგააჩნია.

რამაზ დავითური, „სვიფტის” კრეატივ დირექტორი:

„ბრიფი, რომელიც მივიღეთ, იყო შემდეგი – საჭირო იყო, გაგვეჩინა პოზიტიური ემოციური ბმა კლიენტსა და მომხმარებელს შორის. ჩვენც ავდექით და გადავდგით ერთი ნაბიჯი უკან, რომ შემდეგ გადაგვედგა ორი ნაბიჯი წინ. დავფიქრდით, ვუტრიალეთ ბრენდს გარშემო, პროდუქტს, კატეგორიას და საბოლოო ჯამში მივადექით გადაწყვეტას, რომელიც მოიცავდა ბრენდის ახლებურად პოზიციონირებას. პოზიციონირებას, რომელიც ერთი შეხედვითაც კი ძალიან ინტუიციური ჩანს – სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ტიპის კომპანიები არ გვკარნახობენ lifestyle-ს, ის ვერ დაგიგეგმავს მოგზაურობას, ვერ გიკარნახებს საით წახვიდე, მაგრამ შეუძლია გაგიწიოს „მეგზურობა”.

შესაბამისად, გაჩნდა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ახალი სლოგანი „მეგზურსაც გააჩნია”, რომელიც ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნიშნავს შემდეგს – ბრენდმა იცის, რომ თავისი მომხმარებლისთვის „მეგზურზე” მეტი ვერ იქნება, მაგრამ ამ როლს ის დიდ პატივად აღიქვამს და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის კმაყოფილებისთვის გზაზე – „მეგზურსაც გააჩნია”. ეს ყველაფერი უფრო გრძელადაც რომ შეგვეჯამებინა, გავაკეთეთ კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 5 მცირე Plot twist-იანი ვიდეორგოლი, რომლებიც ადამიანებს შეახსენებდა მეგზურთა მნიშვნელობას. ასევე გაკეთდა პრინტ კამპანია, სადაც მადლობა გადავუხადეთ ყველა მეგზურს: იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი პროფესიითა და საქმიანობით მუდმივად ცდილობენ სხვა ადამიანების გზა გახადონ უფრო საინტერესო, მარტივი და თავგადასავლებით აღსავსე.

კამპანიის შესაქმნელად შევკრიბეთ შესანიშნავი გადამღები ჯგუფი, რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენი იდეის ხორცშესხმაში: შეგვექმნა სარეკლამო რგოლები, რომლებიც ერთი შეხედვით იქნებოდა კლასიკური ავტომობილის რეკლამა, სადაც მოსაწყენი „მთავარი პერსონაჟი” ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებითა და მანქანებზე საუბრით (რომელიც ყოველთვის რაიმე ცხოვრებისეული ასპექტის ალეგორიაა) გასწავლის ჭკუას. მაგრამ მეორე შეხედვით, (კონკრეტულად კი ვიდეოს დაწყებიდან 5-7 წამში) ირკვევა, რომ ჩვენი სარეკლამო რგოლები შეიქმნა მეგზურებზე „ფოკუსის” გადასატანად და იმის სათქმელად, რომ – „მეგზურსაც გააჩნია”. თუ სარეკლამო რგოლებისთვის შევქმენით მხატვრული პერსონაჟები, რომ მრავალნაირად გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი, პრინტ კამპანიისთვის ვიპოვეთ ნამდვილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას და უამრავ ძალისხმევას უძღვნიან იმას, რომ იყვნენ მეგზურები. შესაბამისად, Sweeft-ისთვის, როგორც სააგენტოსთვის, ეს პროექტი იყო უაღრესად საინტერესო, რადგან მან ხელი შეუწყო ახალი შეხების წერტილების გაჩენას ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ასევე მნიშვნელოვანია, იმუშაო ძალიან საინტერესო ადამიანებთან და შექმნა ერთდროულად სახალისო კამპანიაც და დააფასო ნამდვილი ადამიანებიც, რომელნიც ჩვენ გარშემო არიან და იმსახურებენ „მეგზურების” ტიტულს. ვფიქრობთ, გამოგვივიდა იმის თქმა, რომ – მეგზურსაც გააჩნია.”

[R]

This holiday season will be special at Château Mukhrani!

Instagram-მა ახალი ფუნქცია წარადგინა — რას ეხება ის?