ახალგაზრდებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და, ამავდროულად, უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნება წლების განმავლობაში შეუთავსებელ მიზნებად ითვლებოდა. ქართულ შრომის ბაზარზე ხშირად ვხვდებით მოქნილ გრაფიკს, თუმცა იშვიათად ხდება, როდესაც მსხვილი ბიზნესი საკუთარ თავზე იღებს არა მხოლოდ დამსაქმებლის, არამედ „საგანმანათლებლო პარტნიორის“ ფუნქციასაც.
დღეს, როდესაც ადამიანური კაპიტალის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მთავარი მამოძრავებელია, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ახალ, მასშტაბურ ინიციატივას იწყებს. კომპანიის ახალი სტრატეგია კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტულ ჩარჩოებს სცდება და ქმნის ეკოსისტემას, სადაც სტუდენტს არ უწევს არჩევანის გაკეთება ლექციასა და სამსახურს შორის. პირიქით – აქ სამუშაო გამოცდილება პირდაპირ აფინანსებს პროფესიულ განვითარებას.
ინიციატივა გულისხმობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების სემესტრულ დაფინანსებას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც სწავლის რიტმს სრულად ერგება.
რატომ გადაწყვიტა „სოკარმა“ ინვესტირება სწორედ განათლებაში, როგორ მუშაობს დაფინანსების სქემა და რა კარიერულ პერსპექტივას უხსნის ეს პროექტი ახალგაზრდებს? – ამ თემებზე დეტალურად „სოკარის“ HR სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დოლიძე გვესაუბრება.
M: რა არის ამ ინიციატივის მთავარი იდეა და რატომ გადაწყვიტეთ აქცენტის სწორედ განათლების დაფინანსებაზე გაკეთება, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში?
აღნიშნული ინიციატივით სოკარი საიმედო პარტნიორობას უწევს ახალგაზრდებს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე – პროფესიული განვითარებისა და განათლების მიღების გზაზე.
ჩვენი პროგრამა არის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ სტრატეგიული ხედვის ნაწილი. მჯერა, რომ ბიზნესის როლი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აქტიურად შეუწყოს ხელი საზოგადოების განვითარებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციების გაღრმავებას. განათლების დაფინანსებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების კარიერულ წინსვლას, არამედ ვზრდით ქვეყანაში განათლებული, კვალიფიციური და მოტივირებული ახალგაზრდების რაოდენობას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც დაცულია ბალანსი სწავლასა და სამუშაოს შორის და სტუდენტებს სტაბილურ სტარტს ვაძლევთ მომავალი კარიერისთვის.
M: ვისთვისაა განკუთვნილი პროგრამა, ვისაც შეეხება დაფინანსება და სად დაუფინანსდებათ სწავლა?
დაფინანსება ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე. ჩვენ ვთავაზობთ სწავლის სემესტრულ დაფინანსებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სტუდენტების ფინანსურ ტვირთს და საშუალებას აძლევს მათ, სრულად ფოკუსირდნენ სწავლაზე.
პროგრამაში ჩართვისთვის, საჭიროა სტუდენტის აქტიური სტატუსი და მინიმუმ 5-თვიანი სამუშაო გამოცდილება „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციაზე.

M: როგორ უწყობთ ხელს სტუდენტებს სწავლისა და სამსახურის შეთავსებაში?
ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ სტუდენტებმა შეძლონ სწავლის, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ოპტიმალური ბალანსის დაცვა.
„სოკარში“ დასაქმება გულისხმობს მოქნილ გრაფიკს, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზეა მორგებული. სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს მორიგეობას ყოველ მეოთხე დღეს, რაც თვის ჭრილში საშუალოდ 7-8 სამუშაო დღეს შეესაბამება. ეს გრაფიკი სტუდენტებს აძლევს საკმარის დროს, რომ დაესწრონ ლექციებს, მოემზადონ გამოცდებისთვის და ამავდროულად დააგროვონ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება სტაბილური ანაზღაურების ფონზე. ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც დასაქმება ხელს არ უშლის, არამედ ეხმარება განათლების მიღების პროცესს.
M: რატომ არის კომპანიისთვის განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი?
განათლების მხარდაჭერა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საფუძველია. ეს არის გრძელვადიანი, სტრატეგიული ინვესტიცია როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის მომავალში.
ჩვენ ვართ მეგობარი და საიმედო მხარდამჭერი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან. განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა უშუალოდ აძლიერებს იმ სოციალურ გარემოს, რომელშიც ჩვენი ბიზნესი ოპერირებს.
განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ზრდის თანამშრომლების მოტივაციას და ერთგულებას. სტუდენტები, რომლებიც ხედავენ, რომ კომპანია მათ განვითარებაზე ზრუნავს, დიდი ალბათობით რჩებიან გრძელვადიანად და მომავალში უკვე მაღალკვალიფიციურ კადრებად გადაინაცვლებენ ჩვენს მენეჯმენტსა თუ სხვა სტრუქტურებში.
„სოკარი“ არის თანამშრომლებზე და მათ განვითარებაზე ორიენტირებული, სტაბილური დამსაქმებელი, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს ახალგაზრდა თაობის ზრდასა და განათლებას.

M: როგორია დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის სოკარში?
სოკარში სტუდენტებს ეძლევათ არამხოლოდ დასაქმების შესაძლებლობა, არამედ პროფესიული განვითარებისა და პირადი ზრდის მრავალმხრივი პერსპექტივა.
სტუდენტები იღებენ ფასდაუდებელ სამუშაო გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს და დინამიურ ქსელში. ეს არის პრაქტიკული ცოდნა, რომელიც აძლიერებს მათ რეზიუმეს და აძლევს კომპანიის შიგნით კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
სწავლების დაფინანსებასთან ერთად, სტუდენტები იღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო ბარათს და სხვა ბენეფიტებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ ყოველდღიურ ფინანსურ ხარჯს.
M: რა უნდა გააკეთონ დაინტერესებულმა სტუდენტებმა პროგრამაში ჩასართავად?
მოტივირებულ ახალგაზრდებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, შეუერთდნენ „სოკარის“ გუნდს – ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მათი საიმედო მეგობარი განათლების გზაზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მოგვმართონ სოკარის HR სამსახურს მეილზე: vacancy@socar.ge და გაიარონ სტანდარტული გასაუბრებისა და შერჩევის პროცესი, რომელიც განკუთვნილია ავტოგასამართ სადგურზე ჩამსხმელი-ოპერატორის პოზიციისთვის.
დაფინანსების მისაღებად აუცილებელია კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 5-თვიანი სამუშაო გამოცდილება. ვადის დასრულების შემდეგ, სტუდენტმა უნდა წარადგინოს სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს მის აქტიურ სტუდენტურ სტატუსს.
[R]










