2025 წლის 26 მარტს, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა და ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის ხელშეწყობასა და ქალთა გაძლიერებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოკარ ჯორჯია პეტოლეუმის დირექტორმა – ნოდარ ყანჩაველმა და საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ დირექტორმა – ზურაბ სამუშიამ.
აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ძლიერი, მრავალმხრივ განვითარებული საზოგადოების მხარდასაჭერად, სადაც ქალებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.
ქალთა გაძლიერება სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია წლებია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების როლის გაძლიერებას ბიზნესში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ვერე“ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პერსპექტიული ქალთა საფეხბურთო კლუბია საქართველოში. 2025 წელს, კლუბმა ქალთა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გაძლიერებაში. კლუბი აქტიურად მუშაობს ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენაზე, აღზრდასა და ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციაზე.
„სოკარისთვის ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თანაბარი შესაძლებლობები ქმნის უფრო ძლიერი და მდგრადი ეკოსისტემის საფუძველს. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში ვუჭერთ მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქალებს აძლევს განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას.
ძალიან გვიხარია, რომ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დავიწყეთ – ამჯერად, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერესთან”. ჩვენთვის ეს თანამშრომლობა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული მხარდაჭერა – ეს არის ერთგვარი გზავნილი იმისა, რომ სოკარი მუდამ გვერდით უდგას პროგრესს, განვითარებას და განსაკუთრებით ქალების გაძლიერებას, რომელიც სრულად ეხმიანება ჩვენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას.
„ვერე“ კი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული პარტნიორია – კლუბი ქმნის უსაფრთხო და მოტივირებულ გარემოს ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ სპორტულად ვითარდებიან, არამედ სწავლობენ ლიდერობას, შრომისმოყვარეობას და გუნდურობას.
ამ პარტნიორობით ვაძლიერებთ არა მხოლოდ კლუბს, არამედ იდეას, რომ ძალა, გამბედაობა და ლიდერობა სქესზე არ არის დამოკიდებული და სწორედ ეს არის სოკარის მისიის ნაწილი – წვლილი შეიტანოს და მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერების იდეას.
მოხარულები ვართ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერესთან“ პარტნიორობით და მომავალშიც ვგეგმავთ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას“, – აცხადებს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი ნოდარ ყანჩაველი.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ისეთი ძლიერი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, როგორიც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია, ჩვენი გზის თანამგზავრი გახდა. ეს თანამშრომლობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა – ეს არის მტკიცე მხარდაჭერა იმ ღირებულებების, რასაც ვემსახურებით: განვითარება, თანასწორობა და მოტივირებული ახალგაზრდების გაზრდა. როცა ჩვენს საქმეს ასეთი მასშტაბური და პროგრესული კომპანია იზიარებს, ეს გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, რომ გავაგრძელოთ გზის გაკაფვა ახალგაზრდა გოგონებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ სპორტს, არამედ ლიდერობას, თავდაჯერებასა და გუნდურობას სწავლობენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენს მიზნებს იზიარებს კომპანია, რომელიც რეალურად ქმნის პოზიტიურ ცვლილებებს საზოგადოებაში. მადლიერები ვართ ნდობისა და გვერდში დგომისთვის – გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად დიდ წარმატებებს მივაღწევთ“, – აცხადებს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ დირექტორი, ზურაბ სამუშია.
[R]