in

რომელია #შენიგზა? ანგელოზები და ეშმაკები თბილისის ქუჩებში! – SOCAR-ის კამპანია

Processed with VSCO with c1 preset

რამდენად ნაცნობია ასეთი სიტუაცია? სადღაც გეჩქარება, ძალიან გეჩქარება, შენთვის მნიშვნელოვანია, დანიშნულების ადგილზე, რაც შეიძლება, მალე მოხვდე. გარბიხარ ქუჩაში, გვერდს უქცევ გამვლელებს, ზოგს შემთხვევით ეჯახები და ჩქარ-ჩქარა ებოდიშები. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა მოხვდე, მაგრამ “ზებრამდე” მისარბენად კიდევ რამდენიმე წამი დაგეკარგება. რკინის ხიდს საერთოდ არ უყურებ – ორჯერ მეტ დროს წაგართმევს. შუქნიშანზე ჯერ წითელი კაცუნა ანთია? რა მოიცდის!.. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი ფეხით მოსიარულე მაშინაც აიგნორებს სპეციალურ გადასასვლელებს, როდესაც არსად ეჩქარება. ასეა თუ ისე, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ეწირება საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფას. ამ პრობლემის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, SOCAR Georgia Petroleum-მა, ideaLIST-თან და Elliot Webber-თან თანამშრომლობით, შექმნა კამპანია #შენიგზა, რომლის ფარგლებშიც, თბილისის ქუჩებში “ანგელოზები” და “ეშმაკები” გამოჩნდნენ. “ანგელოზები” ცდილობდნენ ქვეითებისთვის გადასასვლელების გამოყენების სტიმული მიეცათ, ხოლო “ეშმაკები” მათ წესების დარღვევის ცდუნებას უღვივებდნენ. მიუხედავად საკითხის სერიოზულობისა, ორგანიზატორებმა კამპანია სახალისო აქტივობების სახით დაგეგმეს და საზოგადოების ყურადღებაც მიიქციეს. დეტალებზე იდეალისტ ეკატერინე მახათაძეს მივმართეთ.

 

M: როგორ შეიქმნა კამპანია #შენიგზა?

მარტივი ყოველდღიურობაა: ქუჩაში მიდიხარ, სამანქანო გზა გაქვს გადასაჭრელი. ზებრა შორია, ან კიბეზე ასვლა-ჩასვლა გეზარება, რომ მიწისქვეშა გამოიყენო ან ხიდი და პირდაპირ ჭრი ქუჩას, ისე, რომ არც უფიქრდები, რა შეიძლება დაკარგო ამ დროს. არადა, სინამდვილეში ფსონად სიცოცხლეს ჩამოდიხარ, საკუთარს ან შეიძლება სხვისასაც. ზუსტად ამიტომ გაკეთდა კამპანია #შენიგზა, რომ ეს ადამიანები დავაფიქროთ, ღირს თუ არა ასეთი თამაში და გავააზრებინოთ რომ შორი გზა შეიძლება ხშირად ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.

ამისთვის ავირჩიეთ სრულიად მარტივი, პირდაპირი ალეგორია, რომ მოსახლეობისთვის იოლად მისაღები და გასაგები ყოფილიყო: ანგელოზი და ეშმაკი. ანუ ანგელოზი კარგს გირჩევს, დაუჯერე და ეშმაკს არ ენდო, ეშმაკობს რაღაცას.

M: რა აქტივობები განხორციელდა კამპანიის ფარგლებში?

პირველი ეტაპი იყო ხალხში გასვლა. ანუ წავიყვანეთ ჩვენი ანგელოზებისა და ეშმაკების “არმია” და შევესიეთ ისეთ ხალხმრავალ ადგილებს, სადაც ძალიან ბევრი ფეხით მოსიარულე გადადის არასწორად გზაზე: გლდანის გადასასვლელი, ოკრიბას ავტოსადგურის ხიდი, ჭავჭავაძის გამზირი… დავალება ასეთი ჰქონდათ: ანგელოზები უთითებდნენ დამრღვევებს სწორ გზას, ცდილობდნენ შეეცვალათ მათი აზრი, წაეხალისებინათ და გადაეცილებინათ ისინი ხიდზე ან ზებრაზე, ხოლო ეშმაკებს უნდა წაექეზებინათ ურჩი ქვეითები, დაერღვიათ მათთან ერთად. ექსპერიმენტი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და ამავდროულად შრომატევადი აღმოჩნდა. საზოგადოებას ძალიან მოეწონა ეშმაკები და ანგელოზები ქალაქში, იღებდნენ ფოტოებს, პირდებოდნენ, რომ მეტჯერ ასე ცუდად აღარ მოიქცევიან. 

ეს ემოცია უფრო ფართო მასებამდე რომ მიგვეტანა, გადავიღეთ ვიდეორგოლი და გავაცანით ჩვენი ეშმაკები და ანგელოზები და მათი დაუღალავი შრომა სოციალური ქსელების მომხმარებლებს.

მეორე ნაწილში ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოვებინა ის ადამიანები, რომლებიც სწორ გზას ირჩევენ და მათთვის ამ გზაზე დაგვეხვედრებინა საინტერესო აღმოჩენები. ამისათვის შევქმენით ოთხი სხვადასხვა ამბავი: 

ავლაბრის მეტროსთან საფეხმავლო ხიდი გადავაქციეთ ნატვრის ხიდად, რომელზეც გამვლელებს შეეძლოთ შეებათ ჭრელი ნაჭერი და ჩაეფიქრებინათ სურვილი.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან, ხიდზე გავაკეთეთ პატარა კინოთეატრი, რომელშიც ყველა გამვლელი ხვდებოდა. ამ არარეალური კინოს სტუმრები ნახულობდნენ რეალურ საშინელებათა ჟანრის ფილმს თუ როგორ გადარბიან ადამიანები ამ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სამანქანო გზაზე.

მესამე იყო ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ქვეითთა გადასასვლელის ორივე მხარეს დავაყენეთ თამაშის “ჯეირანი” აბრები, რომ ფეხითმოსიარულეებს არ მოეწყინათ და ეთამაშათ, სანამ თავიანთ მწვანეს ელოდებოდნენ.

და თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშაში, რომელშიც არავინ ჩადის, დავხატეთ ცარცის დაფა სადაც გამვლელებს შეუძლიათ ფერადი ცარცებით საკუთარი კვალი დატოვონ.

იდეურად ეს არის კამპანია “გაატარეს” ლოგიკური გაგრძელება. იმ შემთხვევაში, მძღოლებს ვუხსნიდით, რომ ზებრაზე გაეტარებინათ ქვეითები და ეს დრო გაეტარებინათ დასვენებასა და გარემოს აღმოჩენაში. ამჯერად, ქვეითებს ვურჩევთ აირჩიონ გრძელი, უსაფრთხო გზა, რომელიც სინამდვილეში სავსეა საინტერესო აღმოჩენებით.

M: ვინ იმუშავა კამპანიაზე?

იდეა, კონცეფცია და განხორციელება ჩვენ, ideaLIST-ს გვეკუთვნის. ჩვენი პატარა გუნდი მხოლოდ სოციალურ პროექტებზე ვმუშაობთ და მხოლოდ ისეთ თემებს ვეჭიდებით, სადაც გვჯერა, რომ შეგვიძლია რაიმე შევცვალოთ უკეთესობისაკენ. ამისათვის ვირჩევთ აუდიტორიისთვის მარტივად მისაღებ, პოზიტიურ სტილს, რომ ეს ცვლილება ჩუმ-ჩუმად დავთესოთ მაყურებლის ცნობიერებაში. თუმცა ამ ყველაფრისთივს საჭიროა კომპანიები, რომლებიც ამ ცვლილების აუცილებლობას იზიარებენ და გვერდში დაგიდგებიან. ზუსტად ასე დავმეგობრდით Socar-თან და ერთად ვცდილობთ თბილისის გზებზე სიტუაციის გამოსწორებას. ეს ჩვენი “სამფეხა სკამი” აუცილებლად წაიქცეოდა, რომ არა Elliot Webber, ციფრული სააგენტო, რომელიც ჩვენი შექმნილი კონტენტის სწორ განთავსებას ახდენს და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ხდის ცვლილებას.

M: რა იქნება იდეალური შედეგი, რის საფუძველზეც ჩათვლით, რომ კამპანია იყო წარმატებული?

შემცირებული საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ჩვენი წარმატების იდეალური მაჩვენებელია. მძღოლების სტრესის დონის გაზომვა ცოტა რთულია, თუმცა ეს ციფრიც საინტერესო იქნებოდა. სინამდვილეში, თუ შენ, რიგითმა მძღოლმა თუ ფეხით მოსიარულემ აირჩიე #შენიგზა, ჩვენი ქალაქი ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნო გახდება.

ბიგ-მაკი 2068 წელსაც ძველებურად აქტუალური იქნება? – McDonald’s-ის ფუტურისტული ვიდეორგოლი

iPhone X Tesla – ექსპერიმენტული მოდელი