12
Apr
2019

“სოკარი” კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

12 Apr 2019

უკვე მეორე წელია, SOCAR Georgia Petroleum კანის ახალგაზრდულ ფესტივალს გულშემატკივრობს. კანის ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia საქართველოში მეხუთე წელია ტარდება. გამარჯვებულ გუნდებს საშუალება ეძლევათ, გაემგზავრონ საფრანგეთში და კანის კრეატიულ ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლონ. SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორი, ლევან გიორგაძე კანის ახალგაზრდულ კონკურს აფასებს და Young Lions Georgia-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“კანის ლომების ფესტივალი, კონკურსის ფორმატში მონაწილეებს აძლევს თავისუფლებას და  არ ზღუდავს ჩარჩოებით. ეს ხელს უწყობს ახალი ხედვის და უნიკალური, ინოვაციური იდეების წარმოშობას. ამდენად, ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის კონკურსებში ბიზნესის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს და არ დავუშვათ, რომ მათი კრეატიული იდეები დაიკარგოს ან არ გახორციელდეს.”

M: კანის ახალგაზრდულ კონკურსს უკვე მეორედ გულშემატკივრობთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორ შეაფასებთ ცვლილებებს ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაში?

ქართული კრეატიული ინდუსტრია ყოველ წელს ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს. მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორე წელია გვერდში ვუდგავართ კანის კრეატიულ ფესტივალს საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდები თავიანთი შემოქმედებითობითა და ნიჭიერებით გამორჩეულები არიან საერთაშორისო ასპარეზზეც. ეს არაერთხელ დაამტკიცეს სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში.

M: რატომ უჭერთ მხარს კანის ახალგაზრდულ კონკურსს?

“სოკარის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ახალგაზრდების მხარდაჭერა. სწორად ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გვერდში დგომა სხვადასხვა პროექტში, განსაკუთრებით, კრეატიულ და ინოვაციურ კონკურსებში. ყოველთვის ვცდილობთ ჩავერთოთ ისეთ აქტივობებში და წამოვიწყოთ ისეთი კამპანიები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სენსიტიური საკითხების გარშემო. კრეტივი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მარტივად და გენიალურად შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ეს გზავნილები.

M: რა კავშირი დაინახეთ კომპანიის ღირებულებებსა და კანის ახალგაზრდულ კონკურსს შორის?

ფასეულობების თანხვედრა კანის ახალგაზრდულ ფესტივალს და “სოკარის” ღირებულებებს შორის ნამდვილად არსებობს. ჩვენთვის კანის ფესტივალი დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლებასთან, ეფექტურ კომუნიკაციასთან და ხარისხთან. “სოკარი” თანამედროვე, მულტინაციონალური, გამჭვირვალე და ევროპული ტიპის კომპანიაა, რომელიც სრულად იზიარებს ამ ღირებულებებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ლიდერები, პირველებმა დავნერგოთ ინოვაციები ჩვენს სფეროში და ეფექტურად ვიურთიერთოთ საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა