30
Nov
2018

სიმღერით შეიარაღებული ქალები ძალადობის წინააღმდეგ და შეცვლილი საფეხბურთო ჰიმნი

30 Nov 2018

ბევრი აღნიშნავს, რომ ფეხბურთი და ლუდი ერთმანეთს ძალიან უხდება… როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში, ერთმანეთს „უხდება“ ფეხბურთი, ლუდი და ძალადობა… სამხრეთ აფრიკელი კაცების 40% ყოველდღიურად ძალადობს მეორე ნახევარზე. ამის შესახებ 2017 წელს ჩატარებული სამხრეთ აფრიკის სამედიცინო კლვევა იუწყება. სულისშემძვრელი ისტორიები ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობაზე არაერთხელ მოქცეულა მედიის ყურადღების ქვეშ. კვლევების მიხედვით, ეს ციფრები უფრო შთამბეჭდავი ხდება საფეხბურთო მატჩების შემდეგ. Abinbey Research & Insights-ის ცნობით, ალკოჰოლი ნომერ პირველი წინაპირობაა ძალადობისთვის, ანუ, არსებობს მაღალი კორელაცია მამაკაცებში ალკოჰოლის მოხმარებასა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის.

 

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Carling-მა სამხრეთ აფრიკაში ქალთა მიმართ ძალადობას კამპანია #NoExcuse მიუძღვნა, სადაც ხაზს უსვამდა პრობლემას – სამხრეთ აფრიკაში დღეში, საშუალოდ, 3 ქალი კვდება პარტნიორის ხელით. კომპანიის მიერ, ამ მიმართულებით გადადგმული შემდეგი ნაბიჯი უფრო მასშტაბური აღმოჩნდა და საბოლოოდ, 45 მილიონიანი აუდიტორია მოიცვა… კამპანია სარეკლამო სააგენტო Ogilvy-ს დახმარებით მომზადდა, მისი ეპიცენტრი კი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი იყო. მატჩამდე სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ნაციონალური ჰიმნი უნდა ემღერათ, თუმცა, ის შეცვლილი ტექსტით შესრულდა. სიმღერას ქალები ასრულებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ნამდვილი მამაკაცი მოძალადე არ არის. „მისმა გუნდმა წააგო და მან ბევრი დალია, თუმცა რა გამართლება ექნება მის საქციელს, თუ ეს დამთავრდება ძალადობით“ – ნათქვამია ტექსტში.

ორგანიზატორთა ცნობით, კამპანიამ უფრო დიდ აუდიტორიას მიაღწია, ვიდრე 2010 წლის მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიამ. ამის შემდეგ, მესიჯი – „ქალების მიმართ ძალადობას გამართლება არ აქვს“ სამხრეთ აფრიკელი კაცების „ხელში მოახვედრეს“. ლუდი Carling სპეციალური შეფუთვით გამოვიდა, რომელსაც ეწერა No Excuse.


სამხრეთ აფრიკელებმა ეს გზავნილი ქუჩებში, დემონსტრაციების სახით გაიტანეს. მეტიც, კამპანიის ორგანიზატორებმა ითანამშრომლეს ქვეყნის პარლამენტთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

განხილვა