in

„რუსთავში არაფერი არ ხდება?!“ – ანუ ამბავი სოციალურ კაფე „კაფუნეზე“

Startauperi
Startauperi

ხუთი თითიც კი შეგიძლია, იმყოფინო რუსთავში არსებული იმ საკვები ობიექტებისა თუ გასართობი დაწესებულებების ჩამოსათვლელად, წასვლა რომ ღირს. მათ შორის კი, აუცილებლად მოხვდება „კაფუნე“ – როგორც თავად ამბობენ, ძალიან ბედნიერი და სოციალიზაციაზე ორიენტირებული ადგილი, სადაც ბევრ სამაგიდო თამაშთან ერთად, უგემრიელესი მენიუს დაგემოვნებას, ჰამაკში კოტრიალს, შეზლონგში ჩაწოლასა და მზეს მიფიცხებას, ასევე, სხვადასხვა აქტივობაზე დასწრებასა თუ შიდა დარბაზით სარგებლობას შეძლებ.

„კაფუნეს“ შექმნის იდეა 2017 წელს გაჩნდა. მისი რეალობად ქცევის გზაზე, მოტივაციის ერთ-ერთი წყარო კი, ადგილზე მისული გრანტის მესვეურების რეპლიკისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. შინაარსი ასე ჟღერდა: „რუსთავის კულტურის სახლის“ კაფეს შესაქმნელად გამოყოფილი სივრცის გასარემონტებლად, მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა. ხოდა, როგორც ამერიკული კომედიური ტელესერიალის, HIMYM-ის გმირი, ბარნი სტინსონი იტყოდა, Challenge Accepted – „გამოწვევა მიღებულიაო“, განაცხადეს და ადგილის მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, თავდაუზაგავი შრომით, ტომრების ზიდვით, ფხეკით, წმენდით, ღებვითა თუ სხვა შავი სამუშაოს შესრულებით, ასევე, მოლაპარაკებებით, დამატებითი ფინანსების მოძიებით, დაახლოებით, 2 წელიწადში, 2019 წლის 27 ივნისს, „კაფუნე“ საზეიმოდ გაიხსნა.ზოგადად, რუსთავში არსებული ბიზნესისთვის მომხმარებლის მოზიდვა და რაც მთავარია, შენარჩუნება, როგორც წესი, განსაკუთრებით რთულია ხოლმე. მით უფრო მაშინ, როცა „კაფუნესავით“ სწორებას სტუდენტებსა თუ იმ ახალგაზრდებზე აკეთებ, რომლებიც თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს დედაქალაქში ატარებენ. თუმცა, ამ მხრივ, COVID-19-მა, „კაფუნეს“ დროებით დახურვასა და ვალებთან ერთად, პოზიტიური პოსტპანდემიური გამოცდილებაც მოუტანა, ანუ „კაფუნეთი“ დაინტერესება გაიზარდა და მისი კარიც უფრო ბევრი სტუმრისთვის გაიღო.

რაც ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში, კაფეს სამუშაო სივრცის როლი აქვს მორგებული და აქ ლეპტოპებით შეიარაღებულ ახალგაზრდებს შეხვდებით, ასევე, ოჯახს – მცირეწლოვანი შვილებით… უფრო საღამოსკენ, „კაფუნეს“ უცხოელ მეგობრებს, ლუდითა და ღია სივრცით მოხიბლულ შუახნის მამაკაცების ჯგუფს, გაპრანჭულ წყვილს, სხვადასხვა გემოვნების დიდ სამეგობროს – ბურგერებით, კოქტეილებით, ვეგეტარიანული სალათითა თუ უბრალოდ, ლიმონიანი წყლით და სხვ. „კაფუნე“ ღიაა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც და შესაბამისად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, აქ მათ პატრონებთან ერთად, თუ მათ გარეშეც შეხვდებით.მოკლედ, „კაფუნეს“ აუდიტორია საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა და როგორც მისი დამფუძნებელი,  ლუკა კობერიძე ამბობს: „არ ვიცი, ყველაფერი რომ გაიხსნება, მათ შენარჩუნებას როგორ შევძლებთ. „კაფუნე“ რომ თბილისში იყოს, ალბათ, მოგება იმაზე 5-ჯერ მეტი გვექნებოდა, ვიდრე რუსთავში გვაქვს“, თუმცა ჯერჯერობით, კარგად მიდიან. გარდა ამისა, ზემოთ მოტივაციის ერთ-ერთ წყაროდ გრანტის მესვეურების კომენტარი რომ გაგიზიარეთ, ამაზე უფრო მეტად, „კაფუნეს“ შექმნის საფუძველი ქალაქისთვის ისეთი სივრცის შექმნა იყო, „რუსთავში არაფერი ხდებას“ რომ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.

რუსთავში ხალხს იმედი აქვს დაკარგული, რომ აქ არაფერი არ უნდა ხდებოდეს. ქალაქს იდენტობა არ აქვს. რა დატვირთვა აქვს რუსთავს, როგორც ქალაქს, ვიცით?! მხოლოდ ვამბობთ, რომ არაფერი ხდება და ამის შესაცვლელად, არც არაფერს ვაკეთებთ. თუ ხელი არ გაანძრიე, რა თქმა უნდა, არაფერი არ იმუშავებს, – ლუკა კობერიძე

ლუკა 25 წლისაა, პროფესიით, იურისტი, ბაკალავრის 4 წლიანი დიპლომით, თუმცა მომსახურების სფეროში უფრო მეტი – 6 წლიანი გამოცდილებით. 19 წლის იყო, პირველად თავი რომ ამ ინდუსტრიაში შეყო და ერთ-ერთ კაფეში საკმაოდ ღირებული გამოცდილების მიღების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, იდეა გაუჩნდა, შეექმნა კაფე, რომელსაც სოციალური ზეგავლენაც ექნებოდა – როგორც მომხმარებლების ქცევის შეცვლის კუთხით, რომ რუსთავშიც შეუძლია ადამიანს ფრის, პიცისა და მექსიკური კარტოფილის გარდა, უცხო კერძების დაგემოვნება და ასევე, ვთქვათ, ლექცია-სემინარების საშუალებით, საგანმანათლებლო სისტემის პრობლემების წამოწევა საზოგადოებაში და მათი გამოსწორებისკენ გზის ძიება და ა.შ.

„კაფუნეში“ ტვინები ასეა განაწილებული: ლუკა გახოკიძეს ბარის საქმე ეხება, ანოლი ჩარკვიანს –  სამზარეულოს საქმე – ლუკა კობერიძეს კი, როგორც ლუკა გახოკიძე ამბობს – ყველაფერი.

ჩემს კითხვაზე, რა ქმნის „კაფუნეს“ ისეთად, როგორიც არის, ლუკა კობერიძე მპასუხობს, რომ ესაა გარემო, რომელიც თავის მხრივ, აერთიანებს: სივრცეს, სამზარეულოს, ბარს, მუსიკას და რა თქმა უნდა – გუნდს – მათივე უშუალო დამოკიდებულებით სტუმრების მიმართ.

M: ლუკა, როგორც ვიცით, თანამშრომლების შერჩევასაც საინტერესო, სოციალური მიზნები უდევს საფუძვლად…
სხვა სურვილებთან ერთად, „კაფუნეს“ მიზანია ახალგაზრდების სწავლება, გადამზადება, დასაქმება, ასევე, პრობაციონერებისა და ყოფილი მსჯავრდებულების დაინტერესება და მათთან თანამშრომლობა. დღემდე, ჯამში, გუნდში 3 პრობაციონერი გვყავდა, ერთი ახლაც ჩვენთან მუშაობს.

ინიციატივა კარგია იმდენად, რომ მომსახურების სფეროში, ზოგადად, ბევრ ხალხთან გიწევს კომუნიკაცია, რაც შესაბამისად, რეინტეგრაციასა და სოციალიზაციის მარტივად გავლას უწყობს ხელს. ვეძებთ ახალგაზრდებს, ვისაც სწავლა უნდა. ანაზღაურება მაღალი არ გვაქვს, მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 წელში ძალიან დიდი შესაძლებლობა გაქვს, ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულოს ტექნიკებს, მომხმარებლებთან ურთიერთობასა თუ „კაფუნეს“ ფუნქციონირებისთვის სხვა, საჭირო სპეციფიკას გაეცნო, ეს ყველაფერი გამოცდილების მიღებად ნამდვილად ღირს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველამ უნდა იმუშაოს მიმტანად. ძალიან ბევრ რამეს გასწავლის ეს პროფესია, მათ შორის, ხალხთან ურთიერთობას, რომელიც მერე ნებისმიერ საქმეში აუცილებლად გადგება. 

M: რაც შეეხება „კაფუნეს“ მენიუს… გემრიელად მომიყევი, როგორ აეწყვეთ და რას გვთავაზობთ განსხვავებულს? 
პირველი მენიუ „კაფუნეს“ FB-ჯგუფის წევრების გამოკითხვის შედეგად შევქმენით. სიახლეებისადმი მაქსიმალური მიმღებლობა გვაქვს, შესაბამისად, მომხმარებლის აზრი და არგუმენტირებული კრიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სწორედ ასე, თავიდან ქართულ და ხემსის, ე.წ. „სნექის“ მოტივებზე ავაგეთ მენიუ და ისე გამოვიდა, რომ დაახლოებით, 6 თვეში ერთხელ ვცვლით, თავდაყირა ვაყენებთ: სეზონურ, მოთხოვნად კერძებს ვტოვებთ, მათ კი, რომლებმაც ნაკლებად გაამართლა, ახლით ვანაცვლებთ. პერიოდულად, ძველ კარგ კერძებსაც ვაბრუნებთ. ეს გვაძლევს იმას, რომ თითო ჯერზე, 20-25 ახალი კერძი შეგვიძლია ხოლმე, სტუმრებს შევთავაზოთ.  

დღეს რაც გვაქვს, ამ მენიუში განსაკუთრებულია: პომიდვრის სალათი, ქართული ვარიაციის ბურიტო, ქიზიყური და გლეხური სალათები… ბურგერი, რომელსაც რუსთავში სხვაგან ვერ შეჭამ.

M: „კაფუნეს“ სახლში გამოძახება შესაძლებელია?
შენი მიტანის სერვისი რომ გქონდეს, მაგას ცოტა მეტი ფინანსები უნდა. პანდემია რომ დაიწყო, ვცადეთ, მაგრამ იმდენად ცოტა შეკვეთა გვქონდა, რომ გადავიფიქრეთ. ისედაც, მიტანის სერვისს ვერ გავუძლებთ, თუ გაგანია შუადღეს არ მივიღებთ შეკვეთას. ამიტომ, ამჟამად, შეგიძლიათ, მოგვწეროთ, რა გინდათ, თავადვე გამოგვიგზავნოთ „გლოვოს“ კურიერი, რომელიც შეკვეთას ადგილზე მოგართმევთ.

M: რომ შევაჯამოთ, რა პრობლემას ჭრის რუსთავში „კაფუნეს“ არსებობა?
პირველი – ეს არის სივრცე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ, მოვიდნენ, გაერთონ (ეს ნაწილი „არაფერი არ ხდებას“ ცოტათი მაინც თუ ჭრის, მიხარია);

მეორე – პლატფორმა შეხვედრებისთვის, პრეზენტაციებისთვის, გამოფენებისა თუ კინოჩვენებებისთვის, საქველმოქმედო ღონისძებებისთვის. მზად ვართ, რომ სხვადასხვა ტიპის იდეებს არა მხოლოდ სივრცე დავუთმოთ, არამედ ტექნიკური რესურსიც გადავცეთ უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაში, სხვებს სივრცის არქონის პრობლემას ვუჭრით;მესამე – ლექცია-სემინარების გამართვა. დაახლოებით, 5 მიმართულება გამოვყავით, რაზეც გვინდა, რომ აუდიტორიას ვესაუბროთ: სამოქალაქო განათლება, ეკოლოგია, მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ქალების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სოციალური მეწარმეობა. 

მოკლედ, გვინდა, რომ რუსთაველებს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა მივცეთ. რამდენად მოგვისმენენ და რა ზეგავლენა გვექნება, მაგის გაზომვა, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ გვინდა, ვცადოთ.

M: როგორია „კაფუნეს“ განვითარების პერსპექტივები?
გრძელვადიან პერსპექტივაში ცოტა გადახურული სივრცე გვჭირდება. დანარჩენი გეგმები სოციალურ აქტივიზმთანაა დაკავშირებული და იმედი მაქვს, სექტემბრიდან, თავს მოვაბამთ. ასევე, ცოცხალი მუსიკა გვინდა, დავამატოთ, რეგულაციები რომ შემსუბუქდება და რა თქმა უნდა, მუშაობას ახალ მენიუზეც დავიწყებთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

როგორ მივაღწიოთ კეთილდღეობისა და ბედნიერების განცდას – Yale-ის უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსი

Google-ის AR ტექნოლოგიით, თქვენს ეზოში დინოზავრებს „ნახავთ“