7
Nov
2018

საერთაშორისო სამიტი Social Impact Award თბილისში

7 Nov 2018

თბილისი საერთაშორისო სამიტს Social Impact Award მასპინძლობს. Social Impact Award საერთაშორისო სტუდენტური პროგრამაა, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომ მოიპოვა. ღონისძიება 6 ნოემბერს გაიხსნა ფაბრიკაში გაიხსნა და 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე ჩამოვიდა, მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. სამიტი Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ Social Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი ქეთრინ მილიგანი, UNDP საქართველოს ხელმძღვანელი ლუისა ვინტონი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ამერიკის, ავსტრიის და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

 

ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi, თანადამფუძნებელი: “Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award-ს, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 400-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 13-მა სტუდენტურმა სტარტაპმა გაიარა ინკუბაცია პროფესიონალ მენტორებთან ერთად და შეძლო შეექმნა თავისი პროდუქტის პროტოტიპი. წელს განსაკუთრებული წელი გვაქვს, რადგან Impact Hub Tbilisi-ის ძალისხმევით, პროგრამის დასკვნითი ღონისძების, საერთაშორისო სამიტის, მასპინძლობის ლიცენზია საქართველომ მოიპოვა. ვამაყობთ, რომ ვმასპინძლობთ ამდენ საინტერესო ახალგზარდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან”.

ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო: “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს და ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს, რომელიც ჯიტას მხარდაჭერით ტარდება თბილისში, ორასამდე ახალგაზრდა დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხილულ იქნას სოციალური მეწარმეობის ახალი მიდგომები, როგორ შეიძლება ინოვაციურმა ბიზნესმა მხარი დაუჭიროს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და არა მარტო საქართველოში.”

განხილვა