19
Sep
2019

პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!

19 Sep 2019

Impact Hub Tbilisi უკვე მესამე წელია, ახორციელებს პროგრამას Social Impact Award, რომელიც ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

 

წელს ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა 2019 წლის ზაფხულში აქტიურად იმუშავეს თავიანთ ბიზნესიდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. ექვსი ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 18 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კონკურსის ფარგლებში სულ 40-მდე აპლიკაცია შემოვიდა.

2019 წლის ფინალისტი პროექტებია:

  • Agromon– “აგრომონი” არის პორტატული ხელსაწყო, რომელიც ზომავს ნიადაგისა და კლიმატის რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს და მცენარის ეკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით განსაზღვრავს კონკრეტული მცენარის გახარების ალბათობას.
  • Basement– “ბეისმენთი” ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ორენოვანი ციფრული არქივია, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევა, შენარჩუნება და გაზიარება.
  • Camelot– “კამელოტი” არის დამაკავშირებელი პლატფორმა, მოხალისეობის მსურველებსა და საზოგადოების საჭიროებებს შორის.
  • TapText– “თაფ თექსთი” არის ორი ხელთათმანისგან შემდგარი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლებენ ელექტრონული ტექსტის აკრეფას და გაგზავნას.
  • VERBE– “ვერბე”ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ ტანისამოსს ბუნებრივი მატერიისა და ტექსტილის ნარჩენებისგან, რომელიც ქარხნებში და სხვადასხვა სამკერვალოებში რჩება.
  • Zero Straw– „ზერო სთროუ” არის ინოვაციური საწრუპი, რომელიც იჭმევა და ტოვებს 0 ნარჩენს.

“Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს პროგრამის ფარგლებში 6 ფინალისტი გუნდი შეირჩა, ექვსივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო.

წელს პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და UNDP.

[R]

განხილვა