in

რას შეხვდებით სოციალური ინოვაციების პლატფორმაზე?

სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანიც არის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მხარდამჭერია შვეიცარიული ფონდი „ჰეკს-ეპერი.“

bog
bog-mob

პროექტის აღწერის მიხედვით, სწორედ სოციალური ინოვაციებითა და ინტერდისციპლინური მიდგომებით არის შესაძლებელი ქვეყნის წინაშე არსებული ისე პრობლემების მოგვარება, როგორიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლების ხარისხი, გარემოს დაბინძურება, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება და სხვა. ამ მიზნით, პლატფორმა დაეხმარება „სოციალურ ინოვატორებს“ ახლებური და მდგრადი გამოსავლების ძიების პროცესში. საინტერესოა, რითი არის ეს პროექტი გამორჩეული და როგორ დაეხმარება პროექტი დაინტერესებულ ადამიანებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რას შევხვდებით სოციალური ინოვაციების პლატფორმაზე?

პროექტის მენეჯერის, გიორგი ჭანტურიას თქმით, ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტია და რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. პირველი, ეს არის საინფორმაციო კამპანია სოციალური ინოვაციების შესახებ:

„ამ მხრივ, შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას თუ რას ნიშნავს სოციალური ინოვაციები, რატომ არის ეს თემა საინტერესო და როგორ შეიძლება ისინი გახდნენ ამ საკითხით დაინტერესებულები. სხვათა შორის, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის სლოგანიც – „განვითარება ცვლილებებისათვის“ – სწორედ ამას უკავშირდება“, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

კამპანია ითვალისწინებს როგორც ტრადიციული, ისე სოციალური მედია რესურსების გამოყენებას. (იხილეთ კამპანიის Facebook გვერდი).

მეორე კომპონენტი დაკავშირებულია რესურსების განვითარებასთან. სწორედ ეს ნაწილი გულისხმობდა სოციალური ინოვაციების პლატფორმის შექმნასა და განვითარებას.

„ვებგვერდზე განთავსებულია საკმაოდ საინტერესო რესურსები და პრაქტიკები სოციალური ინოვაციების შესახებ, მაგალითად, თუ როგორ ჩამოაყალიბა ცნობილმა მსახიობმა რობერტ რედფორდმა „სანდენსის“ ფესტივალი და რა კავშირშია ის სოციალურ ინოვაციებთან; ასევე, საინტერესოდ არის გადმოცემული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სოციალური მისია, თანაშექმნის მოდელი, დიზაინერული აზროვნება, სოციალური ლაბორატორიები, სოციალური მეწარმეობა, სოციალური საწარმო და სოციალური მეწარმეები, კანვასის ბიზნეს მოდელი და ა.შ.“

გარდა საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და სხვადასხვა საინტერესო მასალების თარგმნისა, როგორიცაა – ინფორმაცია აშოკას სტიპენდიანტების შესახებ, პროექტის ფარგლებში ხდება ახალი მასალების კვლევა და შემუშავება, მაგალითად, „რა არის ‘სოცალური’ სოციალურ ინოვაციებში?“

„რითიც უნიკალურია პლატფორმა“, არის ის, რომ აქ გაერთიანებულია ყველა ის რესურსი, რაც დაკავშირებულია სოციალურ ინოვაციებთან“, – ამბობს გიორგი ჭანტურია, – „დაინტერესებული მხარეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადგილობრივი მაგალითების გაცნობა, როგორიცაა orbelianimeti.ge, „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“, „ჩართე“, „ბათუმის აბილიტაციისა და განვითარების ცენტრი“, „მწვანე საჩუქარი“, „ხელი ხელს“, „პირველი ნაბიჯი“ და სხვა.“

აღნიშნულ საკითხებზე არანაკლებ საინტერესოა ვიდეო რესურსების გაცნობა, როგორიცაა ინტერვიუები და ვებინარები საინტერესო ადამიანებთან ასევე – თემატური ვიდეო რგოლები.

დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, პლატფორმაზე ასევე შეხვდებით ქვიზებსა და ბლოგებს. ეს უკანასკნელი შემუშავებულია ბლოგების კონკურსიდან მიღებული განაცხადებით. ეს კონკურსი ღიაა ყველასათვის და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. რაც მთავარია, პლატფორმაზე გარკვეული პერიოდულობით მუშავდება და განთავსდება თვითმართვადი ელ. კურსები, რომელთა გავლაც შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

კიდევ ერთი განსხვავებული ინფორმაცია რაც პლატფორმაზეა განთავსებული ეს არის ლექსიკონი.

„ჩემი აზრით, ლექსიკონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რაც პლატფორმაზეა განთავსებული. არასდროს მიყვარდა ტერმინთა განმარტების კითხვა, თუმცა, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველაფრის გასაღები ხშირად იქ არის. თანაც, საქართველოში უამრავი უცხოური ტერმინია დამკვიდრებული, რისი ქართული შესატყვისიც ან არ გვაქვს, ან უბრალოდ ადამიანებს განსხვავებული მნიშვნელობით ესმით. შესაბამისად, ეს ლექსიკონი არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა, თავი მოუყაროს ამ თემატიკასთან დაკავშირებულ ტერმინებს. სხვათა შორის, მასზე მუშაობა საკმაოდ დამღლელი და არც თუ ისე სახალისო იყო“, – ამბობს გიორგი ჭანტურია

და ბოლოს, პლატფორმაზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სოციალური ინოვაციების კონკურსის შესახებ. კონკურსში გამარჯვებული 5 პროექტი მიიღებს 10 000 ევროს და 1-წლიან მენტორულ მხარდაჭერას. მეტი ინფორმაცია უკვე თავად პლატფორმაზე შეგიძლიათ ნახოთ.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ პლატფორმა სრულად ფარავს იმ საკითხებს რაც აქტუალური სოციალური ინოვაციებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. აქ შეხვდებით სტატიებს, უცხოენოვან თარგმანებს, კვლევებს, ვებინარებს, ვიდეო რგოლებს, ინტერვიუებს, ელ. კურსებს, ლექსიკონს, ბლოგებს, ადგილობრივ მაგალითებს, ქვიზებს და ბევრ სხვა საინტერესო მასალას.

 

[R]

„პირველად საქართველოსა და კავკასიაში! – იაპონური მენეჯმენტის ცენტრის გახსნა და ვებინარი: ხარჯების შემცირების გასაღები“

Betfair Exchange უკვე საქართველოშია!