in

გაიცანით სოციალური ინოვაციების პლატფორმის 5 გამარჯვებული პროექტი!

სოციალური ინოვაციების პლატფორმამ, ინოვაციური და სამეწარმეო იდეების წახალისებისა და განვითარებისთვის კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. პირობების თანახმად, 21-35 წლამდე ახალგაზრდებს, სოციალური პრობლემების გადაჭრის კუთხით, საკუთარი იდეების წარდგენა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით შეეძლოთ: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოს დაცვა. კონკურსზე სულ 183 იდეა მოხვდა. შესარჩევი ეტაპის გავლისა და ჟიურის შეფასების შედეგად, 5 გამარჯვებული იდეა გამოვლინდა, რომლებმაც იდეის რეალიზებისთვის 30 000 ლარი მიიღეს. სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს ჰეს/ეპერ სამხრეთ კავკასია.

სანამ, მიმდინარე წლის ზაფხულის კონკურსი გამოცხადდება, გამარჯვებულ იდეებს გაგაცნობთ:

ნიკოს ეზო“ საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობაში ახალი და საჭირო უნარებისა და ცოდნის დაუფლებას. სოციალური საწარმოს იდეა ნიკოლოზ ბაძაღუას ოჯახურმა ტრადიციებმა შთააგონა. მისი ბებია-ბაბუა მასწავლებლები იყვნენ, ამდენად, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მათი ყოველდღიურობა იყო. ჰქონდათ საკუთარი ბიბლიოთეკა, რომლის დახმარებითაც თანასოფლელები პროფესიულ და მხატვრულ ლიტერატურას ეცნობოდნენ. „ნიკოს ეზოს“ სახით, დამფუძნებლებმა სოფელ ხეთაში სოციალური საწარმოს გახსნა განიზრახეს. სურთ, თანამედროვე ტრენდების დახმარებით, ადგილობრივებს საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებასა და ბიზნესის განვითარებაში დაეხმარონ, რაც ასე სჭირდება რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში, მოწვეული ტრენერები განვითარებაზე ორიენტირებულ ხეთელებს მთელი ზაფხულის მანძილზე გადაამზადებენ სოციალური მედიის მენეჯმენტში, ქოფირაითინგში, ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნასა და გრაფიკულ დიზაინში.

სპიკერი/Speaker ნათია ჩაჩხიანისა და ელენე კობიძის იდეაა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით აუტისტური სპექტრის და ღრმა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის (და არამხოლოდ) კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალების-ბარათების გაცვლით კომუნიკაციის სისტემის (PECS) აპლიკაციის დამზადებას მოიცავს. ავტორები წარმოადგენენ შშმ პირთა და მშობლების ორგანიზაციების კოალიციას „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და ორგანიზაციას „ხელი ხელს“, რომელიც ახორციელებს შშმ პირთა მხარდამჭერ სერვისებს. ისინი კარგად იცნობენ ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ გამოწვევებს, რომელთა შორისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტყველების ბარიერებია. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალების შექმნა განიზრახეს.

შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად, საჭიროებებსა და გამოსავლებზე მსჯელობით, მივიდნენ იდეამდე, გაეკეთებინათ სურათების გაცვლითი კომუნიკაციის სისტემა ისეთი ფორმით, რომელიც მორგებული იქნებოდა თითოეული ბავშვისა თუ ზრდასრულის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. გადაწყვიტეს დაემზადებინათ აპლიკაცია, რომელიც ერთნაირად მოსახერხებელი იქნებოდა კომუნიკაციის საჭიროების მქონე ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ ქვეყანაში და დაეხმარებოდა მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინკლუზიაში.

ანიდაბანი აპლიკაციაა, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლა მნიშვნელოვნად გაუადვილოს. ენის სწავლების პროცესში სასწავლო მასალა მიწოდებული იქნება მათ მშობლიურ ენაზე და პროცესის გასამარტივებლად წარმოდგენილი იქნება ილუსტრაციები. მისი ავტორის, გვანცა სიხარულიძის თქმით, ეთნიკური უმცირესობისთვის, ხშირად, ხელმისაწვდომი საბაზო სერვისებიც კი არ არსებობს. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, გვანცამ დაინახა, როგორ უწყობს ხელს მისი სასწავლებელი საერთაშორისო სტუდენტებს, ენის ბარიერის დაძლევასა და სწრაფ ინტეგრაციაში. გააცნობიერა, რამდენ დაბრკოლებასთან შეჭიდება უწევთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს და გადაწყვიტა ქართული ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაცია შეექმნა. მისი აზრით, სოციალური ინიციატივის განხორციელება გაამარტივებს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლას, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს ეთნიკურად უმციროსებობების გაუცხოების დაძლევას და უზრუნველყოფს მათ სოციალურ თუ კულტურულ ინტეგრაციას.

STEM სივრცე / STEM space შალვა ლაბაძისა და შოთა გენგაშვილის პროექტია. ავტორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეებს შესთავაზონ LEGO განათლების კურსები და ამგვარად გაზარდონ პროფესიული განათლებისა და STEM მიმართულებებისადმი ინტერესი. LEGO-განათლების კურსები დაინერგება ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების საუნივერსიტეტო ცენტრის თანამედროვე აღჭურვილ შენობაში, ცენტრი, ასევე, ითანამშრომლებს დაინტერესებულ სკოლებთან და შეძლებს თავისი პრაქტიკის გავრცელებას.

გუნდს სურს, გაზარდოს ინტერესი პროფესიული განათლების მიმართ. STEM მიმართულება მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა მიმართულებების წარმოსაჩენად. ამავდროულად, ხელს შეუწყობს დამატებითი უნარების გამომუშავებას. ამ გამოცდილებამ შესაძლოა სხვებსაც უბიძგოს რაღაც ახალი იდეისკენ ან როგორც მასწავლებლები, შეუერთდნენ სოციალურ საწარმოს. პროექტის ავტორებს სურთ ტექნოლოგიებში ქალთა დაინტერესება, რათ გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევას შეუწყონ ხელი. პროექტი ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების, კერძოდ კი ინჟინერიის მიმართულებით პროფესიული პროგრამების პოპულარიზაციას. სკოლის მოსწავლეებს შორის ინფორმირებულობის გაზრდა ხელს შეუწყობს გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლასთან დაკავშირებით.

3D საამქრო გარემოში არსებული პლასტმასის ნარჩენების ათვისებას, გადამუშავებასა და ეკოლოგიურად სუფთა მეორეული ნაწარმის შექმნას გულისხმობს. იდეის ავტორები ვახტანგ დოლიძე, საბა სირაძე და დავით ვაშაყმაძე პროექტის რეალიზებასა და 3D საწარმოს შექმნას ოზურგეთში გეგმავენ. საწარმო რეალიზაციას გაუწევს გადამუშავების შედეგად მიღებული ფილამენტის ძაფს და ასევე, მისგან დამზადებულ სხვადასხვა ნივთებს. ამასთან, საწარმო ეცდება გამოცდილებისა და ბიზნეს მოდელის გავრცელებას სხვა მუნიციპალიტეტებში.

ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკოლოგიურმა პირობებმა, 3D პრინტერის შესაძლებლობების გამოყენების სარგებლიანობამ და პერსპექტივამ მეგობრები 3D საამქროს იდეის დამუშავებამდე მიიყვანა და აქტიურად დაიწყეს დაფინანსების წყაროების მოძიებაზე ზრუნვა. იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით წარმატებულები ხდებიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს და მოიფიქრეს რაღაც ახალი და განსხვავებული, რაც მანამდე მათ რეალობაში არ არსებობდა.

 

[R]

ვის მოსმენას შევძლებთ 6 ივლისს თბილისის ჯაზ-ფესტივალზე?

სალომე ღვინეფაძის წარმატების გზა