in

ახალგაზრდებისთვის, სოციალური ინოვაციური კონკურსი გამოცხადდა

სოციალური ინოვაციების პლატფორმა, ახალგაზრდებისთვის, კონკურსს აცხადებს. მისი მიზანი, საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ, სამეწარმეო იდეების წახალისება და განვითარებაა. უფრო ზუსტად კი ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=368721311175938″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

ორგანიზატორები ამბობენ, რომ საკონკურსო იდეები უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრაზე. პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოს დაცვა.

სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ახალი ინიციატივაა.

„ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანამ ტრანსფორმაციული პროცესი განვლო და გარკვეულ ეკონომიკურ პროგრესსაც მიაღწია. თუმცა, კვლავ გადაუჭრელია კომპლექსური სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევები, მათ შორის, სიღარიბე, უმუშევრობა, უთანასწორობა, მოსახლეობის დაბერება, ეთნიკური უმცირესობების დაბალი ინტეგრაცია, განათლებისადმი ტრადიციული მიდგომები, განუვითარებელი სოციალური კაპიტალი, გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენება. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ იგრძნობა საბჭოთა სისტემის დაშლის სოციო-ეკონომიკური შედეგები. ასევე, თვალსაჩინო ხდება, რომ „ღია ბაზრის“ ცალსახა პოლიტიკა ყურადღების მიღმა ტოვებს კეთილდღეობის ისეთ ძირითად ასპექტებს, რომლებიც განაპირობებენ თანასწორი, სამართლიანი და მშვიდობიანი საზოგადოების ფორმირებას. ფინანსებზე, ხარისხიან განათლებასა და უწყვეტ სწავლაზე არათანაბარი და შეზღუდული ხელმისაწვდომობა კი მოქალაქეთა დიდ ნაწილს აფერხებს  პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების მოძიებაში და ხელს უშლის მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.

შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, რომ ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია  ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით“.

კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის, ვისაც აქვს სურვილი, იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და აქვს იდეები  ცვლილებების განსახორციელებლად.

იდეების წარდგენამდე, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ „ონლაინ“ კურსი – სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის. აღნიშნული მათ დაეხმარებათ ხარისხიანი განაცხადების მომზადებაში.

„პირველ ეტაპზე, კონკურსის ჟიური შეაფასებს განაცხადებს და შეარჩევს შეარჩევს საუკეთესო იდეებს შემდგომი ეტაპისათვის. მეორე ეტაპზე, აპლიკანტები პრეზენტაციის სახით წარადგენენ თავიანთ იდეებს (idea pitching). ამ ჯგუფს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია წარდგენის ფორმატისა და ინსტრუქციების შესახებ.

მომდევნო ეტაპზე, ჟიურის რეკომენდაციებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის შემდგომ, კანდიდატები წარადგენენ დეტალურ საპროექტო განაცხადებს. განაცხადთან ერთად, შერჩეულ აპლიკანტებს ექნებათ წვდომა SIP-ის ფარგლებში მომზადებულ ონლაინ კურსებზე“.

დეტალური საპროექტო განაცხადების წარმოდგენის შემდგომ, კონკურსის ჟიური გამოავლენს 5 გამარჯვებულს. გამარჯვებულებს, 1 წლის მანძილზე, პროექტი გაუწევს კონსულტაციას იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ მდგრად სოციალურ საწარმოებად და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. SIP მათ ასევე მხარს დაუჭერს ე.წ. ნეთვორქინგის, ფონდების მოძიებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში.

კონკურსის 12-კაციანი ჟიური სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. მათ შორისაა CTC-ს აღმასრულებელი დირექტორი ირინა ხანთაძე, რომელიც ამბობს, რომ სურთ, ხელი შეუწყონ ახალ, ქმედით საზოგადოებრივ ინიციატივებს და წაახალისონ ნიჭიერი ახალგაზრდები.

„კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომელთაც აქვთ, სოციალურ პრობლემებზე მუშაობის ძლიერი მოტივაცია, ასევე გადაჭრის კონკრეტული და ორიგინალური იდეები. გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალ ქმედით საზოგადოებრივ ინიციატივებს, წავახალისოთ ნიჭიერი და  მონდომებული ახალგაზრდები, რომ ჩაებან სამოქალაქო სექტორში და გახდნენ კარგი მაგალითი სხვა თანატოლებისთვის.  ასე რომ, იმედი გვაქვს, კონკურსი სტიმული იქნება ბევრი ახალგაზრდა ლიდერისთვის, გააქტიურდეს სოციალურ სფეროში და საზოგადოებრივ ასპარეზზე. იმავდროულად გვინდა, სოციალური პრობლემების გადაჭრაზე მიმართული ახლებური, უფრო მდგრადი და გავრცობადი მიდგომების წახალისება და კარგი პრაქტიკების შექმნა“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სექტორისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციებზე ორიენტაცია. 

„პირველი, სექტორს უდაოდ სჭირდება თავის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და საზოგადოების მეტი ნდობისა და  აღიარების მოპოვება. იმავდროულად, რესურსების სიმწირის პირობებში, გადარჩენისა და განვითარებისთვის სექტორს სჭირდება უფრო ხარჯთეფექტური სტრატეგიები/მიდგომები, დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია საქმიანობის ხარისხისა და აღიარების ზრდასთან. ამ უფრო ინსტიტუციური ფაქტორების გარდა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემის დაძლევისთვის, ვფიქრობ, სწორედ ინოვაციური მიდგომების ძიება გვჭირდება. ასეთი ინოვაციების  აღმოცენების და ინკუბაციის კარგი პლატფორმა სწორედ საზოგადოებრივი სექტორი უნდა იყოს“.

ამ კონკურსისა და ზოგადად, სოციალური ინოვაციების მნიშვნელობაზე საუბრობს ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ თავად ტერმინს „სოციალური ინოვაციები“ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარად აღიქვამენ – თითქოს, ეს არის გარკვეული ჯგუფის ადამიანების დახმარება და არ უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი. არა და, ინოვაცია ეკონომიკურ ღირებულებასაც უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, სოციალური ინოვაცია არის სინერგია ბიზნესისა და კონკრეტული სოციუმის პრობლემების აღმოსაფხვრელად მიმართული დახმარებისა. ინოვაცია, რომელიც ეხმარება კონკრეტულ ჯგუფს, არ უნდა გავაიგივოთ არაკომერციულ სტრუქტურასთან. სოციალური ინოვაცია აკეთებს კეთილ საქმეს, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს ორიენტირებული ბიზნესსა და მოგებაზე. რა თქმა უნდა კარგია, ადამიანებმა იფიქრონ ინოვაციურად იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც აწუხებს სოციუმის სხვადასხვა ჯგუფს. ეს შეიძლება იყოს გენდერის, ეთნიკური, თუ ფიზიკური შესაძლებლობების მიმართულებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი კონკურსები – პირველი, რომ საზოგადოება დაფიქრდეს, რომ სოციუმის გარკვეულ ნაწილს აქვს უფრო ნაკლები ხელმისაწვდომობა განვითარებასა და რესურსებთან, ვიდრე სხვა ჯგუფს. და მეორე – იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განავითაროს ისე, რომ იყოს სტარტაპერი, სოციალური ინოვაციებზე დაფუძნებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ასეთი ფიქრისა და აზროვნების წახალისება, – ამბობს ავთანდილ კასრაძე. 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სპეციალურ ბმულს. ცალკეა მონაწილეობისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმა.

 

[R]

ჩემი სოფელი: ქვევრის ვისკი და ინოვაციური მარანი თეთრიწყაროში

ქართულმა ფინტექ სტარტაპმა – Optio.Ai 650 000 ლარიანი გრანტი მიიღო