in

სოციალური მედიის მენეჯმენტი და ედვერთაიზინგი – ორი პროფესია თუ ერთი?

სოციალური მედიის მენეჯმენტი და ედვერთაიზინგი ერთი ოჯახის წევრებს შეიძლება შევადაროთ. არა, უბრალოდ წევრებს კი არა, დედმამიშვილებსაც კი, რომლებსაც აქვთ მრავალი საერთო, რომლებიც ერთი ძირიდან მოდიან, თუმცა, როგორც ინდივიდებს შეეფერებათ, განსხვავებები და თავისებურებებიც ახასიათებთ.

სოციალური მედია ციფრული პლატფორმების შემოსვლასთან ერთად გახდა ცნობილი და ისე დაიმკვიდრა თავი, რომ ყველაფერი, რაც კი ამ სფეროსთან ახლოს იყო, სოციალური მედიის ყალიბში მოექცა. თუმცა შემდგომ განვითარებასთან ერთად, გამოიკვეთა მისი ქვედარგები, რომლებიც იმდენ ცალკეულ სამუშაოს მოითხოვდა, რომ ახალ სპეციალობებად ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, ეს სპეციალობები დღეს მაინც არეულია და ხშირად მათი ფუნქცია-მოვალეობები ერთ კანდიდატშია გაერთიანებული. ამის შესახებ ხშირად ისმის განსხვავებული მოსაზრებები, ამიტომ გადავწყვიტეთ, სფეროს აქტუალურ თემას გამოვხმაურებოდით.

სოციალური მედიის მენეჯმენტი და ედვერთაიზინგი – ორი პროფესიაა თუ ერთი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში სააგენტო „ლივინგსტონის” ციფრული რეკლამის უფროსი მენეჯერი, ქეთო ახვლედიანი დაგვეხმარება…

M: ქეთო, სანამ განსხვავებაზე ვისაუბრებთ, ჯერ მოკლედ ავხსნათ, რა არის ედვერთაიზინგი და რა შედის ედვერთაიზერის მოვალეობაში?

ციფრული ედვერთაიზინგი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა კომპანიის რელევანტურ მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ციფრული ედვერთაიზინგი არის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის რეკლამა, რომლის განთავსებაც შესაძლებელია როგორც სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, Twitter, Tiktok), ასევე გუგლის სხვადასხვა პლატფორმაზე, ლინკდინზე და სხვადასხვა ციფრულ არხში. 

ედვერთაიზერის, ანუ რეკლამის მენეჯერის მოვალეობაა, შეისწავლოს კონკრეტული კომპანიის ბაზარი, შექმნას სტრატეგია როგორ, სად და როდის მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას, გაწეროს მედიაგეგმა, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ბიუჯეტის განაწილებას არხებისა და მიზნების მიხედვით (თავისი სავარაუდო შედეგებითა და სავარაუდო ღირებულებებით), რათა, საბოლოო ჯამში, კონკრეტულ დასახულ მიზანს მიაღწიოს. 

M: ხშირად სოცმედიისა და ედვერთაიზერის მოვალეობები ერთმანეთშია არეული. რეალურად, ეს ორი განსხვავებული საქმეა. რა განსხვავებებია მათ შორის სამუშაო პასუხისმგებლობების კუთხით?

სოცმედია მენეჯერის პასუხისმგებლობა კონტენტის სტრატეგიაზე მუშაობაა, სტრატეგიის შესაბამისი იდეების მოფიქრება, ხშირ შემთხვევაში, მათი გვერდებზე განთავსება. ედვერთაიზერის მოვალეობაა, სოცმედია მენეჯერის მოფიქრებული სტრატეგიის შესაბამისი აუდიტორია იპოვოს და განსაზღვროს, სოცმედია მენეჯერის მიზნის შესაბამისად, რა მიზნით (objective) გაუშვას რეკლამა, რა ბიუჯეტი იქნება საჭირო, რომელ ფლეისმენთებზე უნდა გამოჩნდეს რეკლამა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, სოცმედია მენეჯერის მიერ მოფიქრებული იდეა ედვერთაიზერს აუდიტორიამდე მიაქვს და კონკრეტული ქმედებისკენ მოუწოდებს, ეს იქნება რეაქციის დატოვება, კომენტარის დაწერა, ლიდის გამოგზავნა, მესიჯის მოწერა თუ სხვა.

M: როგორ და რა მომენტში იკვეთება სოცმედიისა და ედვერთაიზერის როლები?

სოცმედიისა და ედვერთაიზერის როლი მიზნებისა და აუდიტორიის განსაზღვრის დროს იკვეთება. სოცმედია ქმნის ზოგად წარმოდგენას, თუ რისი მიღწევა სურს კონტენტით –  რეაქციების, მესიჯების, გაყიდვების სტიმულირების, რელევანტურ აუდიტორიაზე წვდომის თუ სხვა. ედვერთაიზერი წყვეტს მიზნის შესაბამისი რეკლამის ტიპს. მაგალითად, თუ რეაქციების მიღებაა საჭირო, ედვერთაიზერი ჩართულობაზე (ინგეიჯმენთზე) უშვებს რეკლამას და ამ ლოგიკით მიჰყვება სხვა მიზნებსაც. ასევე, შესაძლებელია რამდენიმე მიზნის ერთდროულად გაშვება სხვადასხვა კონკრეტული შედეგის მისაღებად. ესეც დამოკიდებულია კონკრეტულ მიზანსა და ედვერთაიზერის გადაწყვეტილებაზე. მეორე კვეთა, ალბათ, აუდიტორიის მოფიქრება და შერჩევაა. სოცმედია აკეთებს თავდაპირველ მონახაზს, ამა თუ იმ პროდუქტით რა სეგმენტი შესაძლოა დაინტერესდეს, ედვერთაიზერი კი წყვეტს, ეს აუდიტორია სად უნდა იპოვოს, რა არხებში უნდა მისწვდეს და რა ფორმატით: ბლოგის კითხვისას, ვიდეოს ყურებისას, ნიუს ფიდის სქროლვისას თუ სხვა. მოკლედ რომ ვთქვა, კომპანიისთვის კონკრეტული ავატარის შექმნის შემდეგ ედვერთაიზერი წყვეტს, ავატარს როგორ, სად და როდის მიაწოდოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.

M: რამდენად სწორია, როცა ეს ორი როლი ერთ ადამიანს აქვს შეთავსებული და რამდენად დიდ დროს მოითხოვს ეს მისგან?

ჩემი აზრით, ლოგიკურად და ტექნიკურად სწორი არ არის, რადგან ჩემთვის რთულად არის წარმოსადგენი ერთნაირად კარგად შეეძლოს ადამიანს როგორც კრეატივი, ასევე ანალიტიკა და ტექნიკური ნაწილი. თუმცა შესაძლოა ვცდები. 

დღესდღეობით, რესურსების არქონის გამო, პატარა კომპანიებში ეს ორი როლი ერთ ადამიანშია გაერთიანებული და, რა თქმა უნდა, საკმაო დროსაც მოითხოვს, რადგან ერთი მხრივ, უნდა იფიქრო კონტენტზე, რა ფორმით და როგორ უნდა შესთავაზო მომხმარებელს ესა თუ ის პროდუქტი, როგორი ენით ესაუბრო აუდიტორიას და როგორ დაამყარო ემოციური კავშირი მასთან,  ხოლო მეორე მხრივ, უნდა იფიქრო, რომელ არხზე შეიძლება იპოვო შენი აუდიტორია, იუთუბზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში. შემდეგ უნდა იფიქრო, ეს კონტენტი რა ფორმით გამოუჩინო მომხმარებელს რეკლამის სახით, ვიდეო იყოს თუ სტატიკური ვიზუალი. ასევე მოსაფიქრებელია, კონკრეტული არხის რომელ ფლეისმენთზე იტრიალებს – ინსტაგრამ სთორებში თუ ფეისბუკის ნიუს ფიდზე და ა.შ. ამის შემდეგ შედეგების გაანალიზება და ანალიტიკა ცალკე პროცესია, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. რა თქმა უნდა, დღესდღეობით არსებობს ბევრი სხვადასხვა ხელსაწყო, რომლებიც საქმეს ამარტივებს და გეხმარება როგორც დროის დაზოგვაში, ისე სხვადასხვა ამოცანის მარტივად შესრულებაში, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, თუმცა, კლასიკური გაგებით, კარგი კრეატივის მოფიქრება და კარგი ანალიტიკური უნარები ერთ ადამიანში ცოტა რთული დასამენეჯმენტებელია და მაინც ჯობს, რომ ეს ორი როლი ცალ-ცალკე განიხილებოდეს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Microsoft უსინათლო ადამიანებისთვის AI ზურგჩანთას ქმნის

ახალი ენერგია ძველ ქალაქში