in ,

“სოციალური სივრცე” – ბუნებასთან შერწყმული გარემო მუსიკის და შემეცნების მოყვარულთათვის


ბოლო წლებში როდესაც ურბანიზაციამ პიკს მიაღწია, თბილისშიც ადამიანების უმრავლესობა დაფიქრდა რომ დრო იყო სიმშვიდის მოსაპოვებლად ახალი სივრცეები ეძებნათ. ფაქტია დღევანდელი ქალაქის ხმაურიანი გარემო, ისედაც სტრესულ სიტუაციას აორმაგებს და ადამიანებს ბუნებასთან უფრო აქტიური კონტაქტისკენ უბიძგებს. საქართველოში კი მართლაც უამრავი ადგილი მოიპოვება რომლით დატკბობაც და სიმშვიდის მოპოვება ადამიანებს ძალიან მალე შეუძლიათ. რამდენიმე წლის წინ სწორედ ასეთი ადგილი გამოკვეთა და უფრო მეტი ხალხისთვის გაცნობა დაისახა მიზნად Black Sea Arena-ს გუნდმა, რომლებმაც იქვე, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკთან ახლოს სიმწვანეში ჩაფლული სივრცე იპოვეს – სივრცე ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბუნებასთან კონტაქტი შინაგანი მოთხოვნილებაა. სწორედ ასე გაჩნდა “სოციალური სივრცე” – ადგილი მათთვის ვისაც უყვარს ბუნება, მუსიკა, შემეცნება და რა თქმა უნდა მსგავსად მოაზროვნე ადამიანებთან კომუნიკაცია.

მართალია სივრცის სრული პოტენციალის გამოვლენას მოულოდნელად დამტყდარმა პანდემიამ შეუშალა ხელი, თუმცა საბედნიერად 2022 წლის ზაფხული ამ მხრივ ბევრად საინტერესო იქნება. სოციალური სივრცის იდეაზე და სამომავლო გეგმებზე, გუნდის ერთ-ერთ წევრს, ციცი იაშვილს ვესაუბრეთ.

M:პირველ რიგში რომ გვითხრათ რა იდეა ჩადეთ სოციალურ სივრცეში და საიდან დაიბადა მსგავსი პროექტის შექმნის სურვილი?

თუკი ახლა მშვიდ და მყუდრო გარემოში იმყოფებით, მინდა თვალები დახუჭოთ, ევკალიპტების სუნი გაიხსენოთ და წარმოიდგინოთ, რომ ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერთან ერთად ფილტვებს ამ სურნელითაც ავსებთ, ამ სუნს ოდნავ ნოტიო გრილი ჰავის თქვენს სხეულზე შეხების სასიამოვნო შეგრძნებაც დაურთოთ. ახლა ამ შეგრძნებებს ბუნების წიაღიდან ჩიტების სტვენისა და ფოთლების შრიალის ხმაური შეურიეთ  – ეს მუსიკოსთა პარკია, სადაც ყველაფერს თავისი მუსიკა და ჟღერადობა აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ პარკის მუსიკალურ ქანდაკებებზე. ამ საოცარ ბუნებასთან უფრო მეტად დაახლოების სურვილმა გვიბიძგა შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც პირველ რიგში გავთავისუფლდებოდით ყველა ყოფითი პრობლემისგან და სიმშვიდის მოპოვების შემდეგ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებოდით, დავფიქრდებოდით, რა გვაკლია? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნების მოფრთხილება, მასთან მეტი სიახლოვე. გვაკლია მეტი წიგნიერება და ახალი ნაწარმოებების წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება, გვაკლია შთამაგონებელი საუბრები, წარმატებული ახალგაზრდების ისტორიების გაზიარება, უბრალოდ პოზიტიური ენერგიები…  ასე გაჩნდა სურვილი შეგვექმნა თანამედროვე კულტურის მიზიდულობის სივრცე, ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ეკომეგობრული გარემო, რომელიც მის ნაწილად გაგრძნობინებდათ თავს, და ერთმანეთზე და ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობაზე არაერთხელ დაგაფიქრებდათ.

M: ვინ დგას ამ პროექტის უკან და ძირითადად ვიზიტორთა რა სეგმენტზეა გათვლილი სივრცე?

პირველ რიგში, ალბათ ის უნდა ვთქვა, რომ „სოციალური სივრცე“ ჩვენთვის არ არის პროექტი, ის ჩვენთვის უფრო იდეოლოგიაა, რომლის უკანაც Black Sea Arena-ის გუნდის თითოეული წევრი დგას. ძალიან ემოციურია გასახსენებლად, საიდან დავიწყეთ ეს ყველაფერი, ნელ-ნელა  როგორ გავაჩინეთ პარკში სხვადასხვა ინტერაქციული სივრცეები, რომლებშიც ძალიან დიდი ენერგია და ემოცია ჩავდეთ. შეიძლება ეს იყო 2-წლიანი ჩაკეტილობით და უკონცერტობით დაგროვებული ენერგიის ერთგვარი ამოფრქვევა, რომელიც ნელ-ნელა გულის სიღრმეში გროვდებოდა. ერთმა იდეამ გაიჟღერა და ყველა ისე აფუსფუსდა, ყველამ უცებ სივრცის შენებაში ახალი ფუნქცია მოირგო, საქმეს შეუდგა, ახალი გამოცდილება გაიზიარა და ძირითადი საქმიანობის მონატრება ჩადო, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ვფიქრობ, სწორედ ამ ერთობლივმა ძალისხმევამ განაპირობა მართლაც გულწრფელი და ბუნებრივი გარემოს შექმნა, რომელიც თითქოს სულ აქ იყო და ელოდებოდა, ჩვენ როდის დავინახავდით. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ  „სოციალური სივრცე“ შექმნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მუდმივად ისწრაფვის ზრდისკენ და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისკენ. მათთვის ვისთვისაც „მოგზაურობა“ არასოდეს სრულდება.

M: რატომ შეირჩა სოციალური სივრცისთვის შეკვეთილის ტერიტორია, განიხილავდით თუ არა სხვა ალტერნატივებსაც?

„სოციალური სივრცე“, ისევე როგორც „მუსიკოსთა პარკი“, Black Sea Arena-ის ნაწილია და ერთიან ეკოსისტემას წარმოადგენენ. „მუსიკოსთა პარკი“ თავიდანვე იყო ჩვენთვის ერთი დიდი სოციალური სივრცე, ამიტომ შექმნის პროცესში არც სახელზე და არც ადგილმდებარეობაზე ბევრი არ გვიფიქრია. მეტიც, თითქოს თავისით მოვიდა.

ამავდროულად, “სოციალური სივრცისთვის” ადგილის ძებნისას ზუსტად ვიპოვეთ “მუსიკოსთა პარკში” ტერიტორია, რომლის ათვისების შემთხვევაშიც არცერთი ხის მოჭრა არ მოგვიწევდა, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი ნიშანი იყო, რატომაც უნდა დავმკვიდრებულიყავით აქ.

M: რა თქმა უნდა პროექტს მსგავსი სახელით ადამიანთან სოციალიზაციის დატვირთვა გააჩნია, როგორ ცდილობს სოციალური სივრცე ადამიანთან გაერთიანებას? რა ტიპის ღონისძიებებს ატარებთ ამ სივრცეში?

როგორც უკვე გითხარით, „მუსიკოსთა პარკი“ ჩვენთვის თავიდანვე ერთი დიდი სოციალური სივრცე იყო, რომელსაც ჰქონდა დიდი რესურსი სეგმენტურად უფრო მიმზიდველი გამხდარიყო ახალგაზრდობისთვის. 2020 წლიდან დაიწყო ინფრასტრუქტურის გაზრდა, დავამატეთ ინტერაქციული სივრცეები: კოის ბაღი, მეთევზის ქოხი, გადავიღეთ ვიდეოპროექტი „მუსიკოსთა პარკის საიდუმლო, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ჩავატარეთ არაერთი აქტივობა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით. ყველა ეს პროექტი დიდწილად თვითონ პარკმა განსაზღვრა და იქაურმა საჭიროებებმა, რომლებიც იმ ადამიანებისგან მოდიოდა, რომლებიც სტუმრობდნენ პარკს და გვიზიარებდნენ სურვილებს, მათგან წამოსული პოზიტიური შეფასებები კი ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ასე დაიწყო ჩვენი ახალი „მოგზაურობა“, დიდი დინამიკური პროცესი, რომელმაც თავად გააჩინა მეტი სიახლის კეთების სურვილი და სწორედ ამ პროცესის ლოგიკური ნაწილია „სოციალური სივრცე“.

იდეის ჩანასახშივე ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო მრავალფუნქციური კონცეპტუალური სივრცე, სადაც დამსვენებელს ექნებოდა საშუალება წაეკითხა წიგნი ტყის ბიბლიოთეკაში, თან ბუნებაში კითხვით მიეღო სიამოვნება და თან დაფიქრებულიყო თუ რამდენი ბუნებრივი რესურსის დაზოგვას შეუწყობდა ხელს მეორადი წიგნის წაკითხვით,  ემუშავა საერთო სამუშაო სივრცეში – თან სამსახურში ყოფილიყო და თან ბუნებაში, შეეძინათ ეკომეგობრული ნივთები კონცეპტუალურ მაღაზიაში და მხარი დაეჭირათ ეკომეგობრული სტარტაპებისთვის და დაეგემოვნებინათ ორგანული საკვები ჩვენს სამზარეულოში, თუმცა ყველა მიმართულება საბოლოოდ ეკოცნობიერების ამაღლებისთვის უნდა ყოფილიყო, სივრცე კი ადგილი, რომელიც ადამიანებს დაეხმარებოდა პოზიტიურ ტრანსფორმაციაში. ამ მიზნით „სოციალური სივრცე“ სეზონზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობდა, რომელიც შემუშავებული იყო ბალანსისთვის, განტვირთვისთვის და სოციუმისთვის. საბოლოოდ, კი „სოციალური სივრცე“ არის ადგილი, სადაც ერთად არის თავმოყრილი სოციალურად გააზრებული აქტივობები, სერვისები და პროდუქტები.

M: დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მწვანე გარემოს მაქსიმალური დაცვა და შენარჩუნება, თუმცა ხშირად ვხვდებით სიტუაციებს რომ ადამიანები არ უფრთხილდებიან ბუნებას – ვინაიდან თქვენს სივრცეს უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორ ცდილობთ რომ თავად ბუნება უსაფრთხოდ იყოს?

მსგავსი პრობლემების წინაშე ჯერ კიდევ „მუსიკოსთა პარკში“ აღმოვჩნდით, რამაც გაგვაცნობიერებინა, რომ პარკში მუშაობა არ არის უბრალოდ სამსახური და ეს სხვა პასუხისმგებლობაა. მივხვდით, ადამიანებისთვის ბუნების მოფრთხილება რომ გვესწავლებინა პირველ რიგში უნდა შეგვეყვარებინა იგი. ასე დაიბადა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარების იდეა. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო იდეა იყო პროექტი „მოუსმინე ბუნებას“, რომლის ფარგლებშიც სივრცის სტუმრებს შეეძლოთ მოესმინათ თუ რა ხმას გამოსცემს მცენარე თითოეული შეხებისას და დაეჯერებინათ, რომ ბუნებაც ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ჩვენ და მას მოფრთხილება. ამის საშუალებას მაღალტექნოლოგიური სენსორი იძლევა, რომელიც მცენარეში (ისევე როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმში) არსებულ ელექტრონულ სიგნალებს აფიქსირებს და ბგერებად გარდაქმნის.

ამ იდეების  გაგრძელებაა „სოციალური სივრცის“ პირველი კოლაბორაციული ალბომი, რომელიც ასევე Black Sea Arena-ის გუნდის წევრებისგან არის შექმნილი და ერთგვარი ბალადაა სამყაროზე. სივრცის სადებიუტო ალბომი ჩვენს მთავარ  გზავნილს მუსიკის უნივერსალური ენის  მეშვეობით მიიტანს მსმენელამდე და ამ უდიდეს სამყაროში ჩვენს ადგილსა და როლზე დაგვაფიქრებს. საბოლოოდ კი, ჩვენი ყველა პროექტი ჩვენი მთავარი მიზნის გამყარებისთვის არის შექმნილი, რაც ისევ და ისევ უცვლელია – ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გარემოზე, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით,  რადგან ჩვენი ერთადერთი სახლი – პლანეტა დედამიწაა.

M: სოციალური სივრცე გურიაში მდებარეობს, წლების განმავლობაში ქვეყნის ეს ნაწილი თითქოს უსიცოცხლოდ ცხოვრობდა და მსგავსი კულტურული/გასართობი სივრცე და დატვირთვა ნაკლებად გააჩნდა. როგორ ფიქრობთ როგორ შეცვალა ეს მდგომარეობა თქვენმა წამოწყებამ?

ამ მდგომარეობის შესაცვლელად შეიქმნა Black Sea Arena და ვფიქრობთ რომ ეს მისია უკვე შეასრულა, რაზეც შეკვეთილში წლიდან-წლამდე გაზრდილი ვიზიტორების რიცხვი, თუ სასტუმროების რაოდენობა მეტყველებს. „სოციალური სივრცე“, კი მისი მრავალფეროვანი ღონისძიებებისა და სივრცეების დახმარებით ამ ყველაფრის ერთგვარი დანამატია, რომელიც  თქვენს გამოცდილებას შეკვეთილში კიდევ უფრო შთამაგონებელსა და დასამახსოვრებელს გახდის. და იდეალურად შეავსებს

M: ერთია რომ ტურისტულ სეზონზე ტურისტების საკმაოდ დიდ ნაკადს იღებთ, თუმცა საინტერესოა ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდობა რამდენად არის ჩართული თქვენს პროექტებში?

პირველ რიგში, ის უნდა ვთქვა, რომ Black Sea Arena-ში უმეტესად დასაქმებულები არიან ადგილობრივები და კიდევ ერთხელ და ბევრჯერ ვიტყვი, რომ „სოციალურ სივრცეში“ აშენებულია მათი ხელებით, შესაბამისად ეს სივრცე მათთვის საინტერესოც და საამაყოც არის. მაგალითად, საწყისს ეტაპზე სკეპტიკურად უყურებდნენ გამაჯანსაღებელ აქტივობებს და ცალი თვალით უყურებდნენ ჰოლოტროპული სუნთქვის სესიას, თუმცა სეზონის ბოლოს თავადაც სიამოვნებით ერთვებოდნენ სხვადასხვა აქტივობებში. არ უნდა გამომრჩეს სოციუმისთვის შექმნილი ყოველკვირეული ღონისძიებების სერია „ფერმერების დღე“, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების წასახალისებლად იყო ინიცირებული. გასული სეზონის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფერმერების მხრიდან დიდია ინტერესი მსგავსი ტიპის ღონისძიების მიმართ, შესაბამისად, ამ სეზონზეც ვაპირებთ განვაგრძოთ მათი წახალისება. და ბოლოს, განსაკუთრებული სითბოთი მინდა ის გურული გახარებული დედები ვახსენო, რომლებთაც ქალაქიდან შვებულებაში მყოფი შვილები დაუბრუნდათ და აღარ ეწუწუნებიან აქ რითი გავერთოთო.

M: რა პრინციპით ადგენთ მუსიკალურ პროგრამას რომელიც ამ სივრცეს მოუხდება და გათვალისწინებული გყავთ თუ არა მათ შორის ქართველი არტისტებიც?

მუსიკა “სოციალური სივრცის” იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ასევე დიდწილად თვითონ პარკმა განსაზღვრა. გასულ სეზონზე დაიწყო სივრცის მუსიკალური მოგზაურობაც, ჩვენმა რეზიდენტმა არტისტებმა კი ღირსეული მეგრუზობა გაუწიეს მას და სივრცის „სამეტყველო ენა“ განსაზღვრეს.

წელს გვინდა მუსიკის საშუალებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ სივრცის კომუნიკაცია აქ მოსულ მოგზაურებთან. ამისათვის ჩვენი მუსიკა ისეთივე შთამაგონებელი და მრვალფეროვანი იქნება, როგორც ჩვენი სათქმელი. ის სცდება კონკრეტულ მიმართულებას თუ ჟანრს, თუმცა ძირითადი სწორება მაინც Organic House- ზე და House-ზე გვაქვს.

M: თქვენი 2022 წლის მუსიკალური კალენდარი ალბათ უკვე დაგეგმილია, ეხლახანს დაანონსდა ბრიტანელი დიჯეისა და პროდიუსერის Lee Burridge-ის ჩამოსვლა აგვისტოში. რომელსაც უდიდესს ფესტივალებზე აქვს გამოცდილება მიღებული. რა ფორმითა და მუსიკით წარდგება იგი ქართველი მსმენელის წინაში და რას უნდა ელოდოს ამ დღის სტუმრები

პირველი არტისტი, რომელიც დავაანონნსეთ (Lee Burridge) ვფიქრობ, რომ „სოციალური სივრცის“ სათქმელს გააგრძელებს, რადგან მისი მუსიკალური გამოცდილება და ფილოსოფია თანხვედრაშია „სოციალური სივრცის“ მუსიკალურ იდენტობასთან. Lee Burridge განსაკუთრებით ცნობილი მისი ლეიბლითა და მუსიკალური ფესტივალით – All Day I Dream-ით გახდა. ასევე დავაანონსეთ წლევანდელი სეზონის ბოლო ღონისძიებაც იტალიელი დუოს Agents Of Time მონაწილეობით, რომლების სეზონის ღონისძიებების სერიას კულმინაციამდე მიიყვანენ და მომავალ სეზონამდე სამყოფი ემოციებით დაგვმუხტავენ. თუმცა ჩემთვის სუბიექტურად ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი Matt Caine დღეს დავაანონსეთ, რომელიც ფესტივალ Art with Me-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი არტისტია. ფესტივალის, რომელიც მუსიკისა და ბუნების ურთიერთკავშირით არის შთაგონებული და ჩემთის უფრო „მოძრაობაა“ ვიდრე მხოლოდ ფესტივალი. თუმცა ჯერ წინ კიდევ რამდენიმე ანონსი გველის.

M: პანდემიის რთული ფაზა გადალახულია, რაც ალბათ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გიშლიდათ ხელს სრული პოტენციალის გამოვლენაში, რას უნდა ელოდოს თქვენი ვიზიტორი 2022 წლის ზაფხულის პერიოდში?

არსებობის პირველივე დღიდან ვცდილობთ ჩვენი სათქმელი მაქსიმალურად მეტ ადამიანამდე მივიტანოთ, რათა გამოვაღვიძოთ ბუნების სიყვარული და ჰარმონიული ცხოვრების სურვილი… წელს „სოციალურ სივრცეს“ ახალი გადახურული ნაწილი ემატება, საიდანაც უკეთ მოვისმენთ ხეების მუსიკას და შევიგრძნობთ წვიმის სუნს.

რაც შეეხება მოლოდინებს „სოციალური სივრცე“ არის ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე თავისუფალი გონებით, ყველანაირი მოლოდინების გარეშე, რათა მოახერხო და დატკბე მომენტით, მიიღო სიამოვნება, ახალი გამოცდილებები, რომელთა ახლიდან მისაღებად  ძალიან ბევრჯერ მოგინდებათ უკან დაბრუნება.


თოიო: „პირველები ვართ, ვინც წარმოებაში ჩაუშვა სათამაშოები 0 თვიდან და უნიკალური ტექნოლოგია გვაქვს“

რას ნიშნავს BNPL ანუ იყიდე ახლა, გადაიხადე მერე