სოციალური მედია რომ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ინდივიდებს შორის კომუნიკაციისთვის შექმნილი სოციალური ქსელები, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების მისაღწევ იარაღად გადაიქცა. წარმოშობილმა გარემომ საფუძველი ჩაუყარა ისეთი ფენომენების გავრცელებას, როგორიცაა: მანიპულაციური კონტენტი, ცრუ ინფორმაციები და სოციალური ბოტები. აღნიშნული ტექნიკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დაფინანსებული ჯგუფის მიერ, იმისათვის, რომ მასობრივი ზეწოლის ქვეშ ინდივიდებს წარმოდგენა და რეალობის აღქმა შეუცვალონ.
ვინ დგას დეზინფორმაციის უკან? მოდით, გავიცნოთ თითოეული მათგანი.
ბოტი – ეს არის ავტომატიზირებული ანგარიში სოციალურ მედიაში, რომელსაც ალგორითმი მართავს. ისინი კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე, თემატიკასა და მიმართულებებზე გამოხატავენ რეაქციას. ალბათ, ერთხელ მაინც შეხგვედრიათ ერთი და იმავე ცოცხალი „პიროვნების“ მიერ გავრცელებული ტექსტი სხვადასხვა ჯგუფსა თუ კომენტარებში. ისინი მოსაზრებას ავტომატურად ავრცელებენ მასაში და ამით ამკვიდრებენ მცდარ შეხედულებებს. ბოტნეტი – ეს მათი ქარხანაა, სადაც ადამიანი მართავს კონტენტს და აძლევს დავალებას სხვადასხვა ბოტს, ავტომატურად გაავრცელონ დეზინფორმაცია. ტექსტი და დისკუსიის მანერა თითქმის იდენტურია.
ტროლების უკან კი, ნამდვილი ადამიანები დგანან. მათი მიზანია განზრახ შეიყვანონ შეცდომაში ობიექტი, პროვოკაციაზე წამოაგონ და დაპირისპირებაში გამოიწვიონ მეორე მხარე. ტროლის ფუნქცია, ბოტებისგან განსხვავებით, ინდივიდუალური შინაარსის მქონე ტექსტების მოფიქრებაა, რომელსაც დამაჯერებელი ფაქტებითა და მოგონილი არგუმენტაციებით ამყარებენ. ისინი თავს აჩვენებენ საზოგადოებას, როგორც მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნებად, თუმცა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებით, მარტივი ხდება მათი ამოცნობა და განზრახვები. ტროლი იშვიათად მოქმედებს მარტო, მათ ზურგს ძირითადად თავისნაირი „კოლეგები“ უმაგრებენ, რომლებიც ჯგუფურად უტევენ და ეწინააღმდეგებიან საპირისპირო აზრის მქონე ინდივიდებს.
მანიპულაციის მაგალითები მსოფლიოს გარშემო ძალიან ბევრია. ეს მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარებისა და სოციალური ქსელების მანკიერ მხარეს არ წარმოადგენს.
თუკი გადავხედავთ ისტორიას, აღმოვაჩენთ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის გაჩაღებული ქადეშის ბრძოლის გამარჯვება ორივე მხარემ საკუთარ თავზე მიიწერა.
მეთხუთმეტე საუკუნეში, იტალიის ქალაქ ტრენტოში ებრაელთა კომუნის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას 2.5 წლის სიმონინო შეეწირა. იმავე საუკუნეში ბეჭდვითი მედია გაჩნდა ხალხის ყოფიერებაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა დეზინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლა იყო.
მეთვრამეტე საუკუნის ამერიკაში მასობრივად ვრცელდებოდა მონათმფლობელთა პროპაგანდა ფერადკანიანების წინააღმდეგ. კონტენტი მიზნად ისახავდა, სიძულვილის გრძნობა გამოეწვიათ თეთრკანიანებში, რათა მათ ისინი დაბალი სტატუსის მქონე ფენად აღექვათ და მონათმფლობელობა შერაცხულიყო, როგორც სამართლიანი მოვლენა.
მეოცე საუკუნეში ბეჭდური მედიისა და სამაუწყებლო ჟურნალისტიკის ძალა ადოლფ ჰიტლერმაც შესანიშნავად გამოიყენა. 1933 წელს მან რაიხსტაგში საზოგადოებრივი დამოძღვრისა და პროპაგანდის სამინისტროც კი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი, თავისთავად მედიის სრული კონტროლი იყო. მოგეხსენებათ, ასეთ ავტორიტარულ რეჟიმში მოსახლეობა მოკლებული იყო ყოველგვარი წყაროებისა და ფაქტების გადამოწმებას.
არც უახლეს ისტორიაში უჩივის მსოფლიო ჟურნალისტიკა პროპაგანდის მაგალითებს. რუსეთში სახელმწიფოსთან დაახლოვებული მედია სააგენტოები პუტინის რეჟიმის ხოტბას არ იშურებენ, რომ სიღატაკისაგან განადგურებულ ფენებს, საკუთარი „მჩაგვრელი“ შეაყვარონ და გამოსავალი არ დაუტოვონ. მოქალაქისათვის, რომელსაც ალტერნატიულ წყაროებზე წვდომას სახელმწიფო უბლოკავს, რეალობის აბსოლუტურად განსხვავებული სურათი აქვს წარმოდგენილი. რაც უფრო ნაკლებად აქვს ადამიანს გარემოს შესახებ წარმოდგენა, მით მეტად დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელია მისთვის მოწოდებული ცრუ ინფორმაცია.
საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაუშურია ძალისხმევა, პროპაგანდის საფუძველზე ამომრჩეველთა ხმები მოეგროვებინა. სოციალური ბოტების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნამუშევარია ბრიტანეთში განხორციელებული ბრეგზითის სასარგებლოდ მიცემული ხმები. 2017 წელს ფეისბუქმა ოფიციალურად დაადასტურა კავშირი რუსულ ბოტებსა და ბრიტანეთის ბრეგზითის კამპანიას შორის. თუმცა, არ დასახელდა, რა რაოდენობის ბოტი იყო ჩართული და რამდენი რუბლი დაიხარჯა. The Times-ის გამოცემამ 154,000-ზე მეტი რუსული ბოტის ინდენტიფიცირება მოახდინა facebook და Twitter-ის პლატფორმებზე, რომლებმაც 2016 წლის ბრეგზითის არჩევნებამდე 48 საათით ადრე, 45,000-ზე მეტი ცრუ მესიჯი გაავრცელეს.
ამ მაგალითებზე დაყრდნობით, ნათელი ხდება სოციალური ბოტების ძლიერი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, რომელსაც არაერთი ეკონომიკურად გამართული და განვითარებული ქვეყნის კურსი აქვს შეცვლილი.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები უკვე აქტიურად მოითხოვენ, რომ სოციალურმა მედია პლატფორმებმა შემოიღონ ID ბარათის მიხედვით მომხმარებელთა იდენტიფიცირება. ამით ისინი საგრძნობლად შეამცირებენ ბოტი ანგარიშების რაოდენობას და, შესაბამისად, ანონიმურ (დაუდასტურებელ) ანგარიშებს მხოლოდ დათვალიერების უფლება ექნებათ. აგრეთვე, არ გამორიცხავენ, რომ თუკი ამ პრობლემას პლატფორმის მფლობელები არ მოაგვარებენ, საჭირო გახდება რეგულაციურ ჩარჩოში მოქცევა.
მანამდე, სანამ სოციალური ქსელი მოახდენს ბოტების ავტომატურ იდენტიფიცირებას, გაეცანით რამდენიმე პატარა რჩევას ბოტების ამოსაცნობად:
1. შეამოწმეთ პროფილი – ძირითადად, ბოტები არ გამოირჩევიან ბიოგრაფიის, ფოტოების, მეგობრების და ინდივიდუალური პოსტების სიუხვით. უყვართ მოპარული ფოტოების ან აბსტრაქტული ფოტოების დაყენება პროფილად. შესაძლოა, მათ გვერდზე საკმარისი რაოდენობის მეგობრები აღმოაჩინოთ, მაგრამ კედელზე გაზიარებული ჰქონდეთ მხოლოდ ლინკები, რომლებსაც 1-2 მოწონება აქვთ. ასეთი ტიპის ექაუნთები ბოტებისაა.
2. დააკვირდით გაზიარებული ლინკების დასახელებებს. მოერიდეთ ისეთ დომენებზე გადასვლას, სადაც ფიქსირდება Buff.ly, bit.ly ან ow.ly.აგრეთვე, ნუ დაუჯერებთ არასანდო ვებ-ვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. ბოტების ქარხნები დეზინფორმაციისათვის ცრუ ვებ-გვერდებს ქმნიან და შემდგომ ლინკებით მითითებით ავრცელებენ დეზინფორმაციას.
3. შეგიძლიათ, დააყენოთ გუგლის ქრომის ბრაუზერის დანამატი – „ვინ ვინ არის?“, რომლის ინსტალაციის შემდეგ, კომენტარების ველის კითხვისას, ბოტები აღინიშნება სპეციალური ნიშნით.
ასე რომ, ყოველთვის, როცა რამეს წაიკითხავთ, გააზიარებთ, დაიჯერებთ ან სულაც ვინმესთან პოლემიკაში შეხვალთ, კარგად გადაამოწმეთ, შემთხვევით დროს და ნერვებს ბოტებთან ან ტროლებთან ხომ არ კარგავთ?
ქეთი მეფარიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი