6
Dec
2017

როგორ შეიქმნა ვიდეორგოლების სერია #გაატარე – სოციალური კამპანია მძღოლების ქცევის შესაცვლელად

6 Dec 2017

საგზაო წესებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნორმებთან საზოგადოებრივი დამოკიდებულება პროგრესულად სწორად ვითარდება იმ ღონისძიებების შედეგად, რომელსაც კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა ფორმით მიმართავენ. გზებზე მოძრაობის პრობლემა SOCAR-ის ერთ-ერთი მთავარი სოციალური მიმართულებაა, ამიტომაც, ვიდეორგოლების სრულიად განსხვავებული და მრავალფეროვანი სერიები, სახელწოდებით #გაატარე შემოგვთავაზა. სოციალური კამპანია მანქანის მძღოლებს მოუწოდებს, გზა დაუთმონ ფეხითმოსიარულეებს, რომლებიც ზებრაზე გადადიან. სააგენტო ideaLIST Elliot Webber-თან ერთად, შეეცადა, ადამიანებისთვის დაენახვებინა ის სიკეთეები, რაც შეიძლება გადასასვლელზე სხვისთვის გზის დათმობას მოჰყვეს.

ideaLIST: „სოციალურ თემაზე კამპანიის მოფიქრება ორმაგად სასიამოვნოა იმიტომ, რომ აქ არ ყიდი პროდუქტს, რომლისთვისაც ითხოვ ფულს. აქ საზოგადოებას აწვდი მესიჯს, რომ გამოიწვიო ცვლილება, დამოკიდებულების ან ქცევის. ზუსტად ამიტომ, ideaLIST-ი მხოლოდ სოციალურ კამპანიებზე მუშაობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვკიდებთ ხელს პროექტს, თუ ამ მესიჯს ჩვენთვითონაც შინაგანად ვეთანხმებით“.

M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა და როგორ გაართვით თავი დავალებას?
სალომე კოშკაძე – ideaLIST:
ჩვენი დავალება იყო მძღოლები დაგვეფიქრებინა იმაზე, რომ ზებრაზე ფეხითმოსიარულის გზაა და მათი ქცევა შეგვეცვალა, ანუ ასე ვთქვათ, გზის დათმობის ჯადოქრობა გვესწავლებინა. ზებრა მძღოლისთვის თითქოს რაღაც „ჩექპოინტია“, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გაიარო, რომ შენი დანიშნულების ადგილას დროზე მიხვიდე ამ საცობებით სავსე ქალაქში. ამ კამპანიით კი შევეცადეთ, მძღოლებისთვის ალტერნატიული რეალობა დაგვენახებინა: რომ ზებრა შეიძლება იყოს ის ადგილი, სადაც სანამ სხვას ატარებ, შენც შეგიძლია პატარა ტაიმ-აუტი აიღო მუდმივი „მეჩქარებასგან“ და რამდენიმე წამით განიტვირთო.

ეკატერინე მახათაძე – ideaLIST: ამისთვის ხალისიანი და პოზიტიური ხასიათი ვარჩიეთ, მთავარ შემკვრელ რგოლად კი სიტყვა „გაატარე“ ავიღეთ და მის გარშემო ავაშენეთ ყველაფერი დანარჩენი. გადასასვლელებზე დავდგით ოთხი უცნაური სიტუაცია, რომ მძღოლების ყურადღება მიგვექცია და უტრირებულად დაგვენახებინა, თუ რა საინტერესო შეიძლება იყოს გარემო, თუ დროს დაუთმობ მის აღმოჩენას.

M: რა ეტაპებისგან შედგებოდა კამპანია?
სალომე კოშკაძე – ideaLIST: 
კამპანია სამ ნაწილად დავყავით. პირველ ეტაპზე ვირუსული ვიდეოები გავუშვით ქსელში, რომ საზოგადოებაში ინტერესი გამოგვეწვია. შემდეგ თიზერები შემოვიტანეთ სოციალურ ქსელებში, რომლებიც ამ ოთხ სიტუაციას აღწერდა, რომ ვინც ეს გზებზე ვერ ნახა, მათთვის მოეტანა ემოციები. და ბოლოს, გამხსნელი ვიდეორგოლი გამოვაცხვეთ, რომელმაც მესიჯი უკვე შეკრულად მიაწოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ მოკლე დროში შესრულდა. პირველი ეტაპი, ანუ ვირუსები გადაღების დღესვე გავუშვით ქსელში და დაახლოებით, ორ კვირაში უკვე საბოლოო ვიდეოც გამოჩნდა.

M: კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, როგორ იყო თქვენი – ideaLIST -ისა და Eliot Webber -ის როლები გადანაწილებული?
ეკატერინე მახათაძე – ideaLIST: 
როდესაც აკეთებ კამპანიას, უშუალოდ, სოციალური ქსელებისათვის, სულ სხვა სპეციფიკასთან გაქვს საქმე. ეს დეტალები მუდმივად გასათვალისწინებელია როგორც შექმნის პროცესში, ასევე ჩაშვებისას. ამაში Elliot Webber-ის გამოცდილება და პროფესიონალიზმი ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ ერთად ვამუშავებდით ყველა წვრილმანს. თანაც ერთია შექმნა კამპანია და მეორეა – ჩაუშვა ქსელში ისე, რომ მოედოს იქაურობას და სათქმელი მიზნობრივ აუდიტორიამდე მიიტანოს. მგონი ამ რთულ დავალებას Elliot Webber-მა უნაკლოდ გაართვა თავი.

კრედიტები:
კლიენტი: SOCAR Georgia Petroleum
კრეატიული სტუდია: ideaLIST
ციფრული სააგენტო: Elliot Webber
რეჟისორი: Giorgi Okmelashvili
პროდიუსერი: Dimitri Sharashidze
პროდიუსერის ასისტენტი: Ninia Sherpà
მხატვარი: Dodoshka Chkheidze
მხატვრის ასისტენტი: Niniko Bitsadze
კასტინგ მენეჯერი: Tika Khizanishvili
ხმის დიზაინი: David Nemirovich Gabunia
ხმა: Ekaterine Demetradze
ქოფირაითი: Giorgi Baidauri
ფერი: Levan Amashukeli
აერო გადაღება: SKY TECH
მეიქინგი: Michael Buro

განხილვა