in

როგორ იქცა სოციალური ქსელები თანამედროვე რეზიუმედ?

სოციალური ქსელები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რომ იქცა, ამაზე საუბარი უკვე რუტინულიც კია. თითქმის ყოველდღიურად ვამბობთ ამ ფრაზას, ვწუწუნებთ კიდეც, რომ ამ ციფრულ სამყაროს ყველაზე დიდი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში — ზოგჯერ ვიღლებით, ზოგჯერ ძალიან გვაწუხებს აქ მოწებებული იდენტობები, „მუდმივი ვალი“, რომ სულ უნდა ვიაქტიუროთ, ყველაფერს გამოვეხმაუროთ, რათა მივიწყებულად ან განდეგილად არ ვიგრძნოთ თავი.

თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად მთელი რიგი შესაძლებლობები იხსნება, რაც საკუთარი თავის სასურველი კუთხით წარმოჩენას, პროფესიულ და პირად საქმიანობებთან დაკავშირებულ საშუალებებს გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ყველას შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც გვინდა, ვიყოთ — მთელი სივრცე ჩვენს წინაა გადაშლილი და უსასრულო იდეების განხორციელება შეგვიძლია. ბევრი რამაა რთული, მაგრამ მთლიანობაში ძალიან მარტივია ე. წ. „ციფრული იდენტობის“ შექმნა, სასურველის მიღება და მთელ მსოფლიოსთან კავშირის შენარჩუნება. დროთა განმავლობაში კი სოციალური ქსელები ერთგვარ რეზიუმეებად გვექცა — აქ ვწერთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, სად გვიმუშავია, რა უნარ-ჩვევებს ვფლობთ და რა არის ჩვენი შემდგომი საქმიანი მიზანი.

სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ მარიამ კვარაცხელიასთან, ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელთან ერთად.

M: მარიამ, დღევანდელ რეალობაში ბევრი ჩვენგანი იყენებს სოციალურ ქსელებს „თვითპიარისთვის“ — როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია ეს ტენდენცია და რამ განაპირობა ამგვარი მოცემულობა?

სისწრაფე, ხელმისაწვდომობა, სწრაფად განახლებადი ინფორმაცია — ეს ის კომპონენტებია, რასაც ნებისმიერი ციფრული სოციალური პლატფორმა გვთავაზობს და კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ამ პლატფორმების აქტიურად გამოყენებას. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიყენებთ ასე აქტიურად ციფრულ პლატფორმებს საკუთარი თავის წარმოსაჩენად, შეიძლება იყოს ის, რომ თითოეულ მათგანს ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ზოგჯერ ფუნდამენტური ფსიქოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მარტივი ხერხები გააჩნია.

ასე ვთქვათ, ჩვენ არ ვეჯაჭვებით კონკრეტულ პლატფორმებს, ჩვენ ვეჯაჭვებით იმ ემოციებს, რომლებსაც ამ პლატფორმების საშუალებით ვიღებთ. ისეთი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები, როგორებიცაა სოციუმისადმი მიკუთვნილობის განცდა, აღიარება, ემოციური ექსპრესია და თვითდემონსტრაცია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ძალიან მარტივად კმაყოფილდება და ამის გამო ის უკვე თვითგამოხატვის ერთ-ერთ აქტიურ ხელსაწყოდ გვევლინება.

M: ამის ფონზე, რა უპირატესობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ სოციალურ ქსელებს თანამედროვე რეზიუმეს სახით ვიყენებთ?

სოციალური მედიის პლატფორმა დროთა განმავლობაში გახდა პერსონალური ბრენდინგისა და თვითპოზიციონირების აქტიური ხელსაწყო, რომელიც საშუალებას იძლევა, დავტოვოთ გარკვეული შთაბეჭდილება პროფესიულ წრეში, მცირე დროში დავფაროთ დიდი აუდიტორია და სხარტად მივაწოდოთ სათქმელი საკუთარი პიროვნების შესახებ მიზნობრივ ჯგუფებს.

„ციფრული რეზიუმეს“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობაა. სოციალური მედია პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, მოიცვან გლობალური მასშტაბი. შესაბამისად, დამქირავებელსა და პოტენციურ თანამშრომლებს გადაკვეთის წერტილების პოვნა უფრო სწრაფად შეუძლიათ. გარდა ამისა, რეზიუმეს ეს ფორმა თვითპოზიციონირების უფრო დინამიკურ და ვიზუალურად მიმზიდველ გზას გვთავაზობს.

ე. წ. ციფრული რეზიუმე  საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენაში გვეხმარება და გაცილებით დიდ მასშტაბზე გასვლის საშუალებას გვაძლევს, ვიდრე ეს ტრადიციული ალტერნატივის შემთხვევაში ხერხდება.

მაგალითად, ლინქდინის სწორად გამოყენების შემთხვევაში არჩეულ სფეროში თვითდამკვიდრება სულ უფრო მარტივი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ლინქდინის მიზნობრივ ჯგუფებში თემატურ საკითხებზე კომენტარების დაწერა, სტატიების გამოქვეყნება, სამეცნიერო თუ ბიზნეს ლიტერატურის მოკლე მიმოხილვის გაზიარება და სხვა… მსგავსი ტიპის აქტივობების საშუალებით შეგვიძლია, შევქმნათ მყარი ასოციაციური კავშირები ჩვენსა და ჩვენს პროფესიულ მიმართულებას შორის.

M: ამის საპირისპიროდ, რა ნაკლოვანებები აქვს ამ ყველაფერს? მაგალითად, ზოგჯერ ადამიანები მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ „ზედმეტად კარგად“ წარმოაჩინონ თავი და რამდენად აბნევს ეს დამსაქმებლებს?

რა თქმა უნდა, დადებით თვისებებთან ერთად, ციფრული პლატფორმების გამოყენება გარკვეულ საფრთხესაც მოიაზრებს — თუ მაგალითად თვითპოზიციონირების პროცესი ძალიან ჭარბი, გადამეტებული ან სულაც ყალბი ხდება. კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხეა პირად და პროფესიულ კონტენტს შორის სწორი ბალანსის დაცვა, ერთმანეთისგან გამიჯვნა და სწორი პროპორციით მიწოდება. ძალიან ხშირად კონტენტის ხასიათი სოციალური ქსელის ამოცანასთან თანხვედრაში ვერ მოდის. მაგ.: ლინქდინზე და facebook-ზე ერთი და იგივე აუდიტორია სხვადასხვა მოლოდინებით შედის, შესაბამისად, კონტენტის ფილტრაცია და შეფასებაც სწორედ კონტექსტისა და სოციალური პლატფორმის ჩარჩოს მიხედვით ხდება. 

M: ასევე, საინტერესოა, დამსაქმებლებისთვის რამდენად გამოსადეგია სოციალური ქსელის რეზიუმედ წარმოჩენა?

სოციალური ქსელი, გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფად დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავების საშუალებას იძლევა, ძალიან დინამიკურია და ხშირად ადამიანის უნებლიე ქცევის შესახებაც ვიგებთ. სტანდარტულ რეზიუმეში ადამიანები გვაძლევენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც უნდათ, რომ მათზე ვიცოდეთ — რა თქმა უნდა, ზოგჯერ „ქაღალდის რეზიუმეს“ ფორმა და ვიზუალიც შეიძლება მეტყველებდეს ინდივიდის ქცევაზე, თუმცა სოციალურ ქსელში უფრო აქტიურად და ცოცხალ რეჟიმში იკვეთება პიროვნების ინტერესები, დემონსტრაციული თუ უნებლიე ქცევა. ვფიქრობ, ეს ყველა დამსაქმებლისთვის ერთნაირად საინტერესოა.

M: ცოტა ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, თუკი სოციალურ ქსელებს რეზიუმეებად აღვიქვამთ, როგორ უნდა მოვახერხოთ პირადი და საქმიანი პოსტების გაფილტვრა? ეს ხომ არ გვაიძულებს, რომ მუდმივად მხოლოდ პროფესიული მხარე წარმოვაჩინოთ?

პირველ რიგში, უნდა შევძლოთ სოციალური ქსელების დიფერენცირება მათი ძირითადი სამიზნე აუდიტორიისა და ფუნქციის მიხედვით, შემდეგ განვსაზღვროთ კონტენტის შინაარსი. 

მთავარი კითხვები, რომლებიც ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, ასე ჟღერს: როგორ მინდა, რომ დამინახონ?, რა საკითხზე მინდა, რომ ვახსენდებოდე ადამიანებს? ვინ არის ჩემი აუდიტორია? ალბათ, მსგავსი შეკითხვების დასმის შემდგომ უფრო მარტივი იქნება ზღვრის გავლება პირადულ და კარიერულ კონტენტს შორის.

M: დაბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა, როგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები პროფესიული კუთხით სწორად და რომელია საუკეთესო მათგანი?

რთულია ვთქვათ, რომელია საუკეთესო, თუ არ ვიცით რისთვის გვსურს ამ პლატფორმების გამოყენება. მაგალითად, თუკი დიზაინერისთვის Behance, pinterest ან ინსტაგრამი შეიძლება იყოს უფრო ხელსაყრელი, სხვა პროფესიის წარმომადგენლისთვის ეს პლატფორმები შეიძლება სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. თუ გვინდა, რომ პლატფორმა ჩვენი თვითპოზიციონირებისთვის საუკეთესო ადგილი გახდეს, მაშინ პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ამ პლატფორმის  პრინციპი და აუდიტორია, შემდეგ კი გავაანალიზოთ, რამდენად მოდის თანხვედრაში ჩვენს კარიერულ მიმართულებასთან.

ყველა პროფესიულ მიმართულებას, ისევე როგორც ადამიანს, გააჩნია თავისი ხასიათი/მახასიათებლები და სწორედ ამ ხასიათთან უნდა რეზონირებდეს ჩვენი სამიზნეც. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ის კიდევ ერთი კარგი ხელსაწყო საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად.


ავტორი: ქეთია ბელქანია

როგორ გავააქტიუროთ ვირტუალური „მოქმედების ღილაკი“ iPhone-ზე?

ბავშვებმა მარცხის მიღება უნდა ისწავლონ — Hot Wheels-ის კამპანია