ახალი კვლევის თანახმად, სოციალური მედია ჩვენს გონებას ხელს უშლის, განიცადოს ღრმა, სრულყოფილი მოწყენილობა. შესაძლოა, ეს ნეგატიურ ფაქტად სულაც არ გეჩვენებოდეთ, მაგრამ მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, მოწყენილობა ხშირად ინოვაციის საფუძველია.
აქ საუბარია მოწყენილობის ე. წ. „ღრმა“ დონეზე, რომელიც სრულიად განსხვავებულია მისი საწყისი, ზედაპირული დონისგან — მაგალითად, როცა ფილმის დაწყების მოლოდინში უსაშველო რეკლამები გვღლის. ასეთ დროს მოწყენილობის გაფანტვას ხშირად სოციალური ქსელების დათვალიერებით ვცდილობთ, როგორებიცაა Facebook, Instagram, TikTok და ა. შ. შესაბამისად, ჩვენი მოწყენილობის დონე ვერასდროს გადადის კრეატიულობის ფაზაში.
„შესაძლოა, ღრმა მოწყენილობას ზედმეტად ნეგატიურ კონცეფციად აღიქვამდეთ, მაგრამ რეალურად ზოგჯერ ძალიან პოზიტიურიც კია — ეს ი შემთხვევაში, თუ ადამიანებს დაუბრკოლებელი აზროვნებისა და განვითარებისთვის შესაბამისი საშუალება მიეცემათ. ცხადია, პანდემია ტრაგიკული, დესტრუქციული გამოცდილება იყო, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა სწორედ ამ დროს იპოვა ახალი ინტერესი თუ მიმართულება ცხოვრებაში“, — განმარტავს ტიმოთი ჰილი, სოციოლოგი დიდი ბრიტანეთის ბატის უნივერსიტეტიდან.
ჰილმა და მისმა კოლეგებმა კვლევა 15 ადამიანზე ჩაატარეს, რათა დაედგინათ, პანდემიის დროს როგორ ირთობდნენ თავს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მათგანისთვის მოწყენილობისგან თავის დაღწევის საშუალებას სოციალური მედია წარმოადგენდა — ამ ქცევას ტერმინ doomscrolling-ით აღწერენ.
ხოლო ის მონაწილეები, რომლებიც მოწყენილობის უფრო ღრმა დონეს განიცდიდნენ, მეტ მოუსვენრობასა და სიცარიელეს გრძნობდნენ. ამან კი ამ სიცარიელის შევსების მოტივაცია გააჩინა — შედეგად, მათ კულინარიის, ველოსიპედით სეირნობის თუ სხვა ჰობებისადმი ინტერესი აღმოაჩინეს. „მთავარი პრობლემა ის არის, რომ სოციალურ მედიას ზედაპირული მოწყენილობის შემსუბუქება შეუძლია. ყურადღების გაფანტვა კი მთელ დროსა და ენერგიას შთანთქავს, რაც ადამიანებს ღრმა მოწყენილობის ფაზაში გადასვლასა და საინტერესო მისწრაფებების აღმოჩენაში უშლის ხელს“, — აღნიშნავს ჰილი.
აღნიშნული კვლევა სხვა მოსაზრებებსა და დასკვნებს ეხმიანება, რომელთა მიხედვითაც, მოწყენილობა შემოქმედებითობის არსებითი საფუძველია.