მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Instagram და TikTok, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს აუდიტორიის გასაზრდელად, მათი უარყოფითი მხარეც უნდა გავითვალისწინოთ. ხშირად ბრენდები და კომპანიები ზეწოლის ქვეშ ექცევიან, რათა თავიანთი კონტენტი თუ ონლაინ ქცევა მიმდინარე ტენდენციებს მოარგონ.
ახალ წიგნში Filterworld კაილ ჩაიკა ცხადყოფს, თუ როგორ იმოქმედა Big Tech კომპანიების მიერ შექმნილმა ალგორითმებმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე… როგორც ავტორი აღნიშნავს, შედეგად დიზაინისა და კულტურის ჰომოგენიზაცია მივიღეთ. ყველაფერი, მაღაზიის განლაგებით დაწყებული, რესტორნის კერძებით დასრულებული, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ფიზიკურ ფორმად იქცა.
„სამსახურიდან გამომდინარე, ბევრს ვმოგზაურობდი და შევამჩნიე, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ქალაქში მხოლოდ ერთი სახის ყავის კაფე მხვდებოდა: მინიმალისტური ინტერიერით, ხის დეტალებით, ავოკადოს ნაწარმით. რეალურად, გეოგრაფიულად სრულიად დაუკავშირებელ ადგილებზე ვსაუბრობ, თუმცა თითოეულ მათგან ციფრული პლატფორმები აკავშირებდა. ყველა ეს კაფე ერთმანეთს ჰგავდა, რადგან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ესთეტიკასა და ზოგად სტილს მიჰყვებოდნენ“, — განმარტავს კაილი.
ამ თვალსაზრისით, ავტორი მთავარ პრობლემად ალგორითმებს ასახელებს. ვინაიდან პლატფორმებზე ალგორითმულად ენიჭება უპირატესობა ტრენდებს, ბრენდებიც „იძულებულნი“ არიან, ფეხდაფეხ მიჰყვნენ მათ. რა თქმა უნდა, თუკი აუდიტორიის სოც.მედიით გაზრდა სურთ. „ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი ალგორითმული არხის იმ მიზნით გამოყენებაა, რომ ხალხს აჩვენოთ, რა არის კარგი თქვენს ბიზნესში ან პროდუქტში“.
კაილის თქმით, სოციალურ მედიაში გამეფებული ეკოსისტემა უნდა დაინგრეს. როგორც განმარტავს, ის მეტისმეტად აბსოლუტური გახდა და მანიპულაციური ხასიათი შეიძინა. „ალგორითმების შესანარჩუნებლად დიდი ზეწოლა იგრძნობა, რაც ტენდენციებსა და ფორმატებზე მორგებას ნიშნავს. თუმცა აუდიტორიის მოსაზიდად ამ მოცემულობის სწორად გამოყენებაც შეიძლება — აუცილებელია, თითოეულმა ბრენდმა უნიკალური იდენტობა შეინარჩუნოს და ასე მიიქციოს ყურადღება“.