5
Feb
2014

სოციალური მედიის მითოლოგია

5 Feb 2014

საქართველოში  სოციალურმა ქსელებმა ბიზნესის გამოყენებაში ფეხი ალბათ 2010 წლიდან აიდგეს  და პრინციპში, ვამაყობ, რომ ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვისაც ამ სფეროში მუშაობა მოუწია. ისიც კი მახსოვს, იმდენად მცირე იყო მაშინ ამ საქმიანობიდან  შემოსავალი, დედაჩემი მეუბნებოდა: “რას აკლავ თავს ინტერნეტში ბოდიალს, გზის ფულადაც კი არ გყოფნისო”.

pasha-statiebi
pasha-statiebi

გავიდა დრო, როგორც იტყვიან ხოლმე, გამოხდა ხანი და ახლა სოციალურ მედიაში მომუშავე კადრებზე არ წყდება მოთხოვნა. ეს იანვარი განსაკუთრებით აქტიური იყო და სწორედ ამან გადამაწყვეტინა დამეწერა მთავარი შეცდომების შესახებ, რაც მარკეტერებს ემართებათ ხოლმე:

მითი პირველი: “ფეისბუქზე პოსტვა ყველას შეუძლია”

რამდენადაც სერიოზულად ჟღერს თანამდებობა “სოციალური მედიის მენეჯერი”, “სოციალური მედიის პროდიუსერი”, “სოციალური ქსელების კოორდინატორი”, იმდენად ცუდ მდგომარეობაში დგები, როცა გიწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: “და რას აკეთებ?” ვიბნეოდი და ვუხსნიდი მარტივად “ინტერნეტ რეკლამა”, “ფეისბუქზე პოსტვა” და ა.შ. რა ასოციაცია უჩნდებათ ამ დროს? საკუთარი შვილები, შვილიშვილები, dummmyახალგაზრდები, რომლებიც “ისედაც ფეისბუქზე სხედან და ეგ ყველას შეუძლია”.

მინახავს კომპანიები, რომლებმაც ამ პრინციპით გადაწყვიტეს შვილების დასაქმება. ფეისბუქზე პოსტვა ნამდვილად ყველას შეუძლია. ამისთვის არც დიპლომია საჭირო (არც მე მაქვს სოც.მედია მენეჯერის დიპლომი) და არც შუბლზე გაკრული სტატუსი, უმეტესწილად ეს გამოცდილების საკითხია, ზოგადი განათლებისაც და საკუთარი ხედვებისაც. შეიძლება დიპლომი არ გქონდეს, მაგრამ გაერკვე ყველაფერში, შექმნა საკუთარი სტილი. ან პირიქით – შეიძლება ყველაზე ძვირიან უნივერსიტეტში გავლილი გქონდეს სოციალური მედიის კურსები და ტრენინგები, ან ბიზნეს/მარკეტინგული განათლებით გქონდეს ორი დიპლომი, მაგრამ ვერაფერი გააკეთო ამ სფეროში.

ასე რომ,  ვინც იცის, როგორ დარეგისტრირდეს ფეისბუქზე, ან ვინც “ბევრლაიქიანი” ფეიჯი მართა “თუ ყავა ლაიქ, თუ ჩაი შეარ” მეთოდებით, ნუ ენდობით.

ძალიან ბევრჯერ მომდის იმ გვერდებზე, რომლებსაც ვმართავ მსგავსი წერილები “ვარ დიდი გვერდების ადმინისტრატორი, გიმართავთ გვერდს იაფად. 100 ლაიქი 20 ლარად” და გაჩვენებს შთამბეჭდავ სტატისტიკას.  (სხვათაშორის, დაახლოებით 2 კვირაა მსგავს გვერდებს ფეისბუქმა ბრძოლა გამოუცხადა და მგონი დარჩა ერი მშიერი.)

მე მინდა, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი კადრი ყავდეს ამ სფეროს და ამიტომ მსგავსი ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორებს ვურჩევ: განავითარეთ თქვენი თავი სხვა მიმართულებით. ამავე სფეროში, თუმცა იმის გარეშე, რასაც ახლა აკეთებთ.

და მე რას ვაკეთებ ახლა, თითქმის 4 წლიანი მუშაობის შემდეგ? ჩემი ყოველდღიური საქმიანობაა ფეიჯებზე პოსტვა, კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ყოველკვირეული მონიტორინგის ჩაბარება როგორც კომპანიასთან, ისე საკუთარ თავთან, სარეკლამო ვიზუალის და ტექსტის შერჩევა, კონტენტის შექმნა, პრეზენტაციების კეთება, ათასობით მომხმარებელთან პირადი ურთიერთობა და ბევრი ისეთი რამ, რაც უკვე იმდენად ჩვევაში მაქვს გადაზრდილი, რომ ვეღარც ვამჩნევ თუ ვაკეთებ.  რაც მთავარია, არასდროს მავიწყდება, რომ შეიძლება საკმარისად ბევრი არ ვიცი. ს იმდენად განვითარებადი სფეროა, რომ გუშინდელი სტატისტიკები არასდროს არ არის ახალი, გუშინდელი ტრენდი დღეს აღარ არის ტრენდი. ამიტომ, ტვინს უფლებას ვაძლევ იმდენად მეტი ინფორმაცია მიიღოს რამდენის დატევაც შეუძლია.

მითი მეორე: “ფეისბუქით გაყიდვები ერთ თვეში გაგეზრდებათ”

იცით რამდენი კომპანია მეგულება ამ მითით მოტყუებული? ადრე წავიკითხე, ერთ-ერთი ამ სფეროში მოღვაწე ადამიანის ფრაზა იყო: “გააანალიზეთ, რომ სოციალური მედია არ არის დიდი სვლები ჭადრაკის დაფაზე. ეს არის პატარა სვლები, გაკეთებული ყოველდღიურად, რომელიც მიგიყვანს მთავარ მიზნამდე”.

formula

ბრენდის იმიჯი, პროდუქტის პოპულარიზაცია, თავის დამკვიდრება ახალი ბიზნესისთვის, ეს ისეთივე პროცესია სოციალურ მედიაში, როგორც ჩვეულებრივ ტრადიციულ მედიაში და ბიზნესში. რამდენიმე წარმატებული ისტორია, ისედაც წარმატებული კომპანიებისა, არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვები კამპანიის დაწყებიდან 1, 2 ან 3 თვეში 30%-ით გაიზრდება. სოციალური მედია ის სამომავლო გეგმაა, რაც განაპირობებს შემდგომში შენი კომპანიის სტაბილურობას.

მითი მესამე: “მთავარია რიცხვი”

შეიძლება დროთა განმავლობაში ეს მითი ქრება, მაგრამ ჯერ კიდევ აქტუალურია ლაიქების ყიდვის, 100 ლაიქი 20 ლარად შემოთავაზებების დაჯერება. არადა, ნეტავ თუ უფიქრიათ რაშია საჭირო ასეთი ლაიქები? რა მოუტანა ამან ბრენდს? გარდა იმისა, რომ ყველაფერი ნათლად ჩანს: 200 000 ლაიქი და 257 Talking About. ვიდრე ლაიქების მნიშვნელობას არ გავატოლებთ პოტენციურ მომხმარებელთან და არა ციფრთან, მაშინ განსაკუთრებით უნდა დავშორდეთ მეორე მითის სინამდვილედ გადაქცევის შანსებს.

მითი მეოთხე: “ტყუილი ფულის ხარჯვაა აქ გაკეთებული რეკლამა”

და ამას როცა ამბობენ, პარალელურად ტელევიზიაში გადის ასიათასი ლარის ღირებულების რეკლამა, რომელსაც იმ მომენტში ან ნახავს სამიზნე აუდიტორია და ან არა. ბიუჯეტის მაქსიმალური შეზღუდვა ამ სფეროში არასწორია. არადა, ისეთ თანხებზეა ლაპარაკი, რადგან ჯერჯერობით საქართველოს ბაზარი არც ისე დიდია, რომ თუნდაც პატარა კომპანია “შეწვდება”.

როცა შეგიძლია სულ სათითაოდ გამიზნო რეკლამა ასაკის, სქესის, სამუშაო ადგილის, ლოკაციის მიხედვით, ამ დროს შენს ფულს ანდობ ტრადიციულ მედიას, რომელიც მართალია, აუცილებელია საიმიჯოდ, ცნობადობისთვის, გაყიდვებისთვის, მაგრამ მთლად მარტოსაც არაფერი შეუძლია სხვა სახეობის მედიის დახმარების გარეშე ამ ეპოქაში.

მითი მეხუთე:  “დავპოსტეთ და დავპოსტეთ, არაუშავს, დაავიწყდებათ”

ერთგან წავიკითხე ფრაზა: “რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში. რაც ხდება ტვიტერში, სამუდამოდ რჩება გუგლში!” 

ლასვეგასითქვენ დაგავიწყდათ “არაი თუმოროუს“ თავის მართლება გვერდის კომენტარში, რომ ის იკეას კოპირებული რეკლამა სპეციალურად გააკეთეს? – მე არა. ან გავიწყდებათ კომპანიების შეცდომები, თუნდაც შეცდომა ნაწერში იყოს, ან მძიმე იყოს არასწორად დასმული? მგონი – არა.

ასე რომ, ინბოქსსაც კი  ყურები აქვს. დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი თქვენი არასწორი ნაბიჯი, შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი იმიჯის მტერი. რამდენადაც კარგია სოციალური მედია, იმდენად სახიფათოა. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ პირველი მითის გამოცდილება, ვიდრე კამპანიის დაწყებას ვცდიდეთ.

კიდევ ბევრია ამ თემაზე საწერი და ვეცდები, დროდადრო ჩემი “მთელი დღე უსაქმურად ფეისბუქზე ჯდომის” განმავლობაში გამოვნახო ხოლმე მარკეტერისთვის დრო. იმედი მაქვს, მეც დავეხმარები ამ მითებს ნამდვილად მითებად გადაქცევაში.

ავტორი: თინი ოსეფაშვილი



განხილვა