in

სოციალური მეწარმეობის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში

სოციალური მეწარმეობა სოციალური ეკონომიკის ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათება. ეს არის ბიზნესის წარმოების განსხვავებული ფორმა, სადაც მთავარი მიზანი პირადი ფინანსური სარგებლის მიღებაზე მეტად საზოგადოებრივად სასარგებლო მისიის შესრულებაა.

სოციალურ მეწარმეობას ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ გააჩნია. ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებით  გვხვდება, თუმცა ზოგადად, ტერმინი „სოციალური მეწარმეობა“ ახალია, ტრადიციულ მეწარმეობასთან შედარებით. იგი მსოფლიო მასშტაბით XX საუკუნის 70-იან წლებში იწყებს გავრცელებას, ხოლო მისი აქტიური განვითარება 90-იანი წლებიდან იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო წესრიგის ცვლილების ფონზე ევროპასა და ამერიკაში „დიდი სახელმწიფოს“ იდეა კრიზისში შედის და ინდივიდუალური სამეწარმეო ინიციატივები პრობლემების მოგვარების მთავარ გზად ცხადდება. აღნიშნულის ფონზე სოციალური მეწარმეობის იდეა მეტ პოპულარობას იძენს, ინსტიტუციონალიზდება და რიგ ქვეყნებში პოლიტიკურ აღიარებასაც იპოვებს.

სოციალური მეწარმეობა ასევე დიდ ინტერესს იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2015 წლის რეზოლუციასთან, “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის”, კავშირში, რადგან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია. ამის მტკიცებულებას თანამედროვე სამყაროში მოქმედი მრავალი სოციალური საწარმო და მათი საქმიანობით მიღწეული შედეგები გვაძლევს. მაგალითად, გრამენ ბანკი (Grameen Bank) ბანგლადეშში, მუჰამედ იუნუსის მიერ დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ქონების გარანტიის გარეშე მცირე სესხებს აძლევს. მისი საქმიანობა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას. გრამენ ბანკის საქმიანობა დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მიზნებთან: სიღარიბის აღმოფხვრა (SDG 1) და გენდერული თანასწორობა (SDG 5).

ასევე სანიმუშო მაგალითია იტალიური სოციალური საწარმო „სანპატრიგნანო” (SanPatrignano), რომელიც 1978 წელს წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციისთვის დაარსდა. საწარმო მომხმარებლებს უზრუნველყოფს თავშესაფრით და სარეაბილიტაციო მომსახურებით, აძლევს განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობებს. მისი საქმიანობა ერთდროულად მრავალი მიზნის მიღწევას ემსახურება, კერძოდ, როგორიცაა: სიღარიბისა (SDG 1) და შიმშილის (SDG 2) აღმოფხვრა, ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა (SDG 3), განათლების უზრუნველყოფა (SDG 4), ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (SDG 8), ინკლუზიური ინდუსტრიალიზაცია (SDG 9), უთანასწორობის შემცირება (SDG 10), მდგრადი ქალაქები (SDG 11) და ეკოსისტემების დაცვა (SDG 15).

ქართული მაგალითებიდან საინტერესოა სოციალური საწარმო „სამეზობლო – მულტიფუნქციური ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს რეგიონისა და ადგილობრივი თემის გააქტიურებას, დასაქმებას და ქმნის სივრცეს არაფორმალური შეხვედრებისთვის და აქტივობებისთვის. პანდემიის დროსაც კი, საწარმომ 100-ზე მეტ სტუმარს და 15-ამდე ღონისძიებას გაუწია მასპინძლობა. დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა 50-ს აღწევს. საწარმო თავისი საქმიანობებით ხელს უწყობს შემდეგი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას (SDG 11) მდგრადი ქალაქები და თემები, (SDG 4) განათლების უზრუნველყოფა, (SDG 8) ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა.

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“ აგროვებს და ამუშავებს ქაღალდის ნარჩენებს, რითაც ქმნის ეკომეგობრულ პროდუქტებს. საწარმომ უკვე შეაგროვა და გადაამუშავა 200 ტონამდე მაკულატურა. პასუხისმგებლობიანი მოხმარება და წარმოება (SDG 12) და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა (SDG 13) არის მდგრადი განვითარების ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც ,,მწვანე საჩუქარი“ თავისი საქმიანობებით უწყობს ხელს.

მაგალითების სახით განხილული ინიციატივები აჩვენებს, რომ სოციალური მეწარმეობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და მას შეუძლია, გარდაქმნას საზოგადოება უკეთესობისკენ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ინკლუზიურ განვითარებას და მოაქვს საზოგადოებისთვის სარგებელი. მეწარმეობის აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებულად საჭიროა ისეთი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიცაა სიღარიბე, უთანასწორობა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა.

სოციალური მეწარმეობის განვითარება, სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარების ერთგვარი მოდელია თავისუფალი ბაზრის კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში. ის თავისუფალ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას და სახელმწიფოსა და თემის დონეზე კეთილდღეობის მიღწევას უწყობს ხელს.

საქართველოსთვის სოციალური ეკონომიკა შედარებით ახალი ფენომენია. სოციალური მეწარმეობაც არ არის განმარტებული არცერთ ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტში. ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციები თვითაღიარებულის სტატუსით საქმიანობენ. ის ფაქტი, რომ დღეს კანონი არ იცნობს ტერმინებს ,,სოციალური მეწარმე“ და,,სოციალური მეწარმეობა“, პირდაპირ მიუთითებს სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარების მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერის ნაკლებობაზე. ამასთანავე, დაბალია სოციალური  მეწარმეობის შესახებ ცნობადობა საზოგადოებაში და სუსტია მხარდაჭერა აკადემიურ წრეებში.

საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი განვითარების გზაზე, თუმცა ამისთვის უპირველესად სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარებაა საჭირო, რასაც სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე ვერ მივაღწევთ.

ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავჯდომარე.

[პარტნიორის კონტენტი]

Fendi – ანტრეპრენერი დებისა და კარლ ლაგერფელდის მემკვიდრეობა

ChatGPT-ით დაწერილ ტექსტებს OpenAI შესაბამისი სიმბოლოთი აღნიშნავს?!