in ,

სოციალური ქსელების პირველი მაუწყებელი საქართველოში – IMEDIA HUB

Startauperi
Startauperi

IMEDIA HUB არის IHUB Tbilisi-სა და DEVI.GE-ის ბაზაზე შექმნილი, სოციალური ქსელების პირველი მაუწყებელი საქართველოში. მედია ჯგუფის დამფუძნებლები 38 წლის პროფესორი გიორგი ზაუტაშვილი და 25 წლის ილია ღლონტი არიან. დამფუძნებლებმა მარკეტერთან უფრო დეტალურად ისაუბრეს IMEDIA HUB-ის არსისა და მათი პროექტების შესახებ.

M: რას წარმოადგენს IMEDIA HUB?

გიორგი ზაუტაშვილი: IMEDIA HUB საქართველოში პირველი სოციალური ქსელების მაუწყებელია და წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულების მედია და მარკეტინგული გამოცდილების მქონე ადამიანების გაერთიანებას. მთავარი არსი არის სატელევიზიო ფორმატის (რამდენიმე HD+ კამერით, სარეჟისორო პულტით და ა.შ.) Livestreaming-ის უზრუნველყოფა სოციალურ ქსელში ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს და შეზღუდვების გარეშე.

M: რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ილია ღლონტი: ამ ეტაპზე, ორ მომსახურებას ვთავაზობთ: პირველი ჩვენი, ან დამკვეთის Facebook გვერდიდან დამკვეთის ნებისმიერი ღონისძიების ტრანსლირებაა. ხოლო მეორე, უნიკალური კონტენტის გენერირება, რომელიც ამ ეტაპზე მოიცავს ორ საავტორო გადაცემას: Face to Facebook – სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანების პირდაპირი ტრანსლაცია ჩვენს გვერდზე და მაყურებელთან ინტერაქცია და INSIDER – გადაცემა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რა ხდება სხვადსხვა კომპანიების შიგნით, როგორ მზადდება ეს თუ ის პროდუქტი და ა.შ.

ჩვენ DEVI.GE-ზე ვახორციელებთ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებისა და ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციებს. ვართ რაგბის კავშირის ერთ-ერთი მედია პარტნიორი. ექსკლუზიური უფლებებით ვახორციელებთ “დიდი 10”-ის, საქართველოს სარაგბო ჩემპიონატისა და უმაღლესი ლიგის ონლაინ ტრანსლაციებს. იგეგმება შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის, ქვიშის რაგბისა და სხვა სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებაც. ვაშუქებთ ავტორბოლებსაც, მათ შორის: საქართველოს BMW კლუბის შეჯიბრებს, წყვილთა რბოლასა და ჯომარდობის ჩემპიონატს.

livestreaming imediahub

M: როგორ გაჩნდა მედია-ჯგუფის შექმნის იდეა და როგორ განხორციელდა ის?

ილია ღლონტი: IHUB Tbilisi-ის გუნდს ჰქონდა თავისი რუბრიკა “საქმიანი დილის” ეთერში, ასევე ვწერდით სტატიებს “ფორბსისა” და “ბიზნესკონტაქტისთვის”. გარკვეული ეტაპის შემდეგ, ამ ყველაფრის გაციფრულების საჭიროება დადგა, რა დროსაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი კონტენტი გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანი იქნებოდა სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტში. თუმცა, ამ სივრცის სრულად ასათვისებლად, არც ტექნოლოგიები გვქონდა და არც საკმარისი ცოდნა. ამ დროს, გამოჩნდა ახალი სტარტაპი DEVI.GE, რომლის ხელმძღვანელი და დამაარსებელიც გიორგი ზაუტაშვილია. მოლაპარაკებებისა და იდეების გაცვლის შედეგად, ასეთი მაუწყებლის ჩამოყალიბება გადაწყდა.

M: რა პროფესიის ხართ და ადრე რას საქმიანობდით?

ილია ღლონტი: პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნოლოგიების განვითარებით დავკავდი. IHUB Tbilisi-ის დირექტორობასთან ერთად, Seed Forum საქართველოს ფონდის ხელმძღვანელი ვარ.

გიორგი ზაუტაშვილი: ვიყავი ლექტორი და ვკითხულობდი ლექციებს ეკონომიკაში, ასევე გახლავართ გამომცემლობა “ლაბირინთის” დამფუძნებელი და ბიზნესმენი.

IMEDIA HUB LOGO

 

M: რამდენად მომგებიანი ბიზნესია?

გიორგი ზაუტაშვილი: დღეისთვის ბიზნესის მომგებიანობაზე კონკრეტულად საუბარი შეუძლებელია, თუმცა არავინ იწყებს ისეთ ბიზნესს, რომელიც წამგებიანი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგი პროექტი ბარტერული საფუძვლით განვახორციელეთ, ზოგი კი, საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა.

M: რამდენად დიდია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან?

სოციალურ ქსელებში, კონკრეტულ მედია პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა დიდი მედია მოთამაშეები არ ჩქარობენ აქ შესვლას, რადგან ეს სივრცე არაპროფესიული და არასტაბილური პროდუქტითაა გაჯერებული. ჩვენი გვერდის მიმართ ინტერესს რაც შეეხება, 1 თვეა რაც Facebook-ის გვერდი არსებობს, რომელზეც, კვირის განმავლობაში, აუდიტორიაზე წვდომის რაოდენობა (reach) 100 000-ს აღემატება, ხოლო ჩართული მაყურებლის რაოდენობა 15 000-ია. 

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

გიორგი ზაუტაშვილი: დღეისთვის მთავარი გეგმაა, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ისეთ მაუწყებლად, რომელსაც თავისი კონკრეტული ბადე აქვს და კონრეტული მომხმარებელი ჰყავს. ასევე ვაპირებთ, რომ საქართველოში, სოციალურ ქსელში “ლაივსტრიმინგი” ჩვენს სახელს უკავშირდებოდეს.

imedia hub1

MAPS.ME – Offline Map With Directions. By MY COM

ყველაფერს ეშველება! – გაიგრილეთ ტვინი Fanta-სთან ერთად