წინა სტატიაში, რომელიც CENN-ისა და UNDP-ის ერთობლივ, ნარჩენების შემცირების კამპანიას ეხებოდა, უკვე მოგიყევით იმ კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის მიმართულებით, თუმცა ეს ამბავი ამით არ სრულდება.
პლასტმასის ნარჩენების შემცირება მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და მწვანე ინიციატივებზე გადასვლა ყველას მხრიდან დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ ინდივიდს, დიდ თუ პატარა კომპანიას შეუძლია, სარგებლის მომტანი იყოს ამ კუთხით და ცვლილებები შეიტანოს ნარჩენების შემცირებაში.
ამ პროცესებს აქტიურად ნერგავენ გლობალური ბრენდები, როგორებიცაა, მაგალითად: Nike, APPLE, Tesla და სხვა. ისინი ცდილობენ, თავიანთი საქმიანობით შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე და გახდნენ მაგალითი სხვა ბრენდებისთვისაც.
ამ მიმართულებას საფუძველს თავისივე ოფისში უყრის თავად CENN-იც, რომლის საოფისე კულტურაც სრულად მწვანე კონცეფციას ეყრდნობა. ორგანიზაცია გვიზიარებს გზამკვლევს, რომელშიც აღწერილია, როგორ უნდა იმუშაონ კომპანიებმა გარემოს დაცვაზე, დაზოგონ ენერგია და კორპორაციულ კულტურაში მდგრადი ცვლილებები გაატარონ.
CENN-ის ბიზნესკამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები შედარებით მცირე ზომის რეგიონული საწარმოებიც. ესენია: „მწვანე საქმე”, „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი”, „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ”. Marketer.ge თითოეულ მათგანს გაესაუბრა. საწარმოების წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს თავიანთი ხედვა და ის შედეგი, რაც კამპანიაში ჩართვის შემდეგ მიიღეს.
გიორგი გაგანაშვილი, სოციალური საწარმო „მწვანე საქმე“:
„სოციალური საწარმო „მწვანე საქმე“ მდებარეობს თბილისში და მასში ჩართულნი არიან შშმ პირები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ შაბათ-კვირას და ვაკეთებთ ხელნაკეთ ნივთებს. ჩვენი მიზანია შშმ პირთა უნარ-ჩვევების გამოვლენა, გამომუშავება და განვითარება. ჩვენი საქმიანობის ძირითადი ხაზია პლასტმასის ბოთლებისგან სხვადასხვა დეკორატიული ნივთების შექმნა. ბოთლების ქვედა ნაწილისგან ვამზადებთ სასანთლეებს, ყვავილის ქოთნებს, საფანქრეებს, სანათებს, რომლებიც მსუბუქია და არ ტყდება. ისინი გაფორმებულია გადამუშავებული ქაღალდით, რომლებიც იხატება ან ფორმდება მცენარეებით.
CENN-ის საქმიანობას მუდმივად თვალ-ყურს ვადევნებთ და, როდესაც გამოცხადდა კონკურსი პლასტმასის გამოყენების შემცირების შესახებ, ვიფიქრეთ, რომ ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენ ვესწრაფვით.
შედეგად, მეტი სერიოზულობით მოვეკიდეთ ჩვენს საქმიანობას ნარჩენების მართვის მიმართულებით. ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც გვესწრებოდნენ ჩვენი ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები. გავაცანით, თუ რა სახის ნარჩენები არსებობს, რა ზიანი მოაქვთ დედამიწისთვის და სამყაროსთვის. დაგეგმილ აქტივობებში ოჯახის წევრებიც შემოგვიერთდნენ. დავიწყეთ პლასატმასების, ელემენტების, ქაღალდების შეგროვება, რომელსაც ვაწვდით ჩვენს მეგობარ საწარმოს – სოციალური თერაპიის სახლს, სადაც ხდება ნარჩენების სეპარატირება და შესაბამის ცენტრებში ჩაბარება”.
ნანა ბარამიძე, „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (სოციალური თერაპიის სახლი)”:
„სოციალური თერაპიის სახლი 1990 წლიდან დღემდე უწყვეტად უზრუნველყოფს შშმ პირების მომსახურებას. ჩვენი დღის ცენტრის ბაზაზე მოქმედებს სხვადასხვა პროფილის სახელოსნოები, სადაც ხდება შშმ პირთა ფუნქციური უნარ-ჩვევების გამომუშავება და გაღრმავება, მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა და სოციუმში ინტეგრაცია. ჩვენთან იქმნება ხელნაკეთი ნივთები, ხის აქსესუარები, გადამუშავებული ქაღალდისგან დამზადებული ხელნაკეთი წიგნაკები, დეკორაციული სუვენირები ინტერიერისთვის და ა.შ. სახლის წევრებს საზოგადოებრივ და სოციალურ პროცესებში აქტიურად ჩართვის საშუალება ეძლევათ.
მეგობარი სოციალური საწარმოსგან გავიგეთ, რომ CENN-მა გამოაცხადა კონკურსი ამ მიმართულებით და შევავსეთ განაცხადი, სადაც მოვხვდით ათ კონკურსანტს შორის, რის შედეგადაც, დავიწყეთ ყოველთვიური ანალიზი, რა რაოდენობის პლასტმასის შეძენა გვიწევს, რომელია აუცილებელი და რომლის შემცირება ან სრულიად აღმოფხვრა შეგვიძლია. ჩავატარეთ რამდენიმე კოლეგიალური შეხვედრა, გავაცანით თანამშრომლებს, თუ რა მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. გადავწყვიტეთ, სემინარებისა და ღონისძიებების დროს აღარ გვეყიდა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი. ასევე, ჩვენს სახელოსნოში დავბეჭდეთ ბრენდირებული ჭიქები ჩვენი ბენეფიციარებისთვის. შევკერეთ ნაჭრის ჩანთები მრავალჯერადი გამოყენებისთვის და კიდევ მრავალი სასარგებლო აქტივობა განვახორციელეთ, რაც მუდმივ სახეს მიიღებს”.
ნიკოლოზ გიუნაშვილი, „მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი”:
„მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მდებარეობს ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დაარსების დღიდან აქცენტი გვაქვს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, ბავშთა უფლებები, ქალთა უფლებები, დემოკრატია, მრავალფეროვნება და სხვა. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მივიღოთ უკუკავშირი, დავხვეწოთ ყოველდღიური მუშაობა, გავიცნოთ სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ინდივიდები და CENN-ის კამპანიაშიც ასე ჩავერთეთ.
კამპანიის ფარგლებში, უფრო დიდი ძალებით განვაგრძეთ პლასტმასის შეგროვება, დახარისხება. ასევე აღსანიშნავია კომუნიკაციის შესაძლებლობა და რეკომენდაციების გაცვლა სწორედ იმ ადამიანებთან თუ ბიზნესებთან, რომლებიც იმავე პრობლემის პრევენციაზე საუბრობენ/მუშაობენ. ამ ყველაფრით არა მხოლოდ ვსწავლობთ, არამედ, ახალი ინფორმაციის უმეტესობას პრაქტიკაში ვნერგავთ, რაც საბოლოო შედეგზე, რაღა თქმა უნდა დადებითად აისახება”.
სტატია შექმნილია პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების დანერგვის ხელშეწყობა, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
[R]