ჩვენ ყველა ვთამაშობთ სოციალურ თამაშებს ! ვთამაშობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში – თანამშრომლებთან, ოჯახში და ჩვენი სოციალური გარემოცვის სხავდასხვა წევრებთან მიმართებაში…
სოციალურ თამაშებს ჩვენი ფსიქოსისტემა განაპირობებს. ვთამაშობთ ხან ჩვენივე წამოწყებულ თამაშს, ხან კი სხვის მიერ ინიცირებული თამაშის უნებლიე მოთამაშე ვხდებით. ვთამაშობთ ხან დიდი ინტენსივობით და სიხშირით, ხან უფრო ნაკლებად, სხვადასხვა კონტექსტში ისე, რომ ხშირად ამის შესახებ ჩვენს უმრავლესობას მცირედი წარმოდგენაც კი არ აქვს.
ამის შესახებ ერიკ ბენრე თავის წიგნში „თამაშები, რომლებსაც ხალხი თამაშობს – ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგია“ მოგვითხრობს, ძირითადად რთულად ადაპტირებული ტექსტით. ამ ავტორზე რამდენიმე წლის წინ ჩემმა ყოფილმა კოლეგამ მირჩია. როგორც იქნა, წიგნი ხელში ჩამივარდა და შევეცდები მთელი წიგნის იდეა ამ პოსტში მოკლედ გადმოვცე.
ბერნე აღნიშნავს, რომ სოციალური თამაში არ არის ყოველთვის ასოცირებული გართობასთან და არ არის ყოველთვის სახალისო. არსებობს სოციალური თამაშები, რომელთაც სერიოზული და ხანდახან ფატალური შედეგიც კი მოაქვთ.
ერიკ ბერნე გვთავაზობს სოციალური თამაშების გარკვეულ ტაქსონომიას, რომელიც კლასიფიციკაციას უკეთებს თამაშების მთელ სპექტრს. ბერნეს მიერ შემოთავაზებული თამაშების ძირითადი ჯგუფებია:
• ცხოვრებისეული თამაშები („ალკოჰოლიკი“,“დებიტორი“, „ეს რა ჩამადენინე“)
• ცოლ-ქმრული თამაშები ( „კუთხე“, „სასამართლო დარბაზი“, „გულგრილი ქალი“, „ძლიერ დაკავებული“, „ნახე რამდენი ვეცადე“)
• წვეულების თამაშები („საშინელებაა, ხომ …“, „ჩემი ბრალია“, „ამრევი“)
• სექსუალური თამაშები („პერვერსია“, „დაე მათ იჩხუბონ“, „რაპო“, „წინდა“, „აღელვება“)
• დანაშაულებრივი თამაშები („პოლიცია და მძარცველები“, „აქედან როგორ დავაღწიოთ თავი“)
• ფსიქიატრის კაბინეტის თამაშები („მე მხოლოდ და მხოლოდ ვცდილობ დაგეხმარო“,“გასაჭირში“, „სულელი“, „გლეხი“, „ფსიქიატრია“, „ხის ფეხი“)
• კარგი თამაშები („კავალერი“, „მინდა, რომ დაგეხმარო“, „ალყა სახლში“, „გაუხარდებათ, რომ მიხვდებიან, რომ მიცნობდნენ“)
როგორც ვხედავთ, სოციალური თამაშები ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ფარავს. და ეს ყველაფერი არ არის, არსებობს თამაშები, რომლებიც ჯერ კლინიკურად არ არის შესწავლილი. როგორც ყველა თამაშში, სოციალურ თამაშშიც არის როლები. თამაშს იწყებს ერთი და შემდეგ სხვების აყოლას ცდილობს მათი თანხმობის გარეშე. მაგალითისთვის, თამაში „ალკოჰოლიკი“ ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი თამაშია.
თამაში გულისხმობს ხუთამდე როლს: 1) თვით „ალკოჰოლიკი“ – ადამიანი, რომელიც გარკვეულ მავნე ჩვევას მისდევს. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე მიჯაჭვულობა ან სხვა ნებისმიერი მავნე ჩვევა; 2) „მდევნელი“, რომელიც მას ამ ჩვევის გამო დევნის; 3) „გადამრჩენელი“, ადამიანი, რომელიც ცდილობს მის დახმარებას მავნე ჩვევისგან გასათავისუფლებლად; 4) „ფარული მოკავშირე“, რომელიც მავნე ჩვევის მიუხედავად მაინც იმეტებს ფულს „ალკოჰოლიკისთვის“ 5) „ბარმენი“, რომელიც მის მავნე ჩვევას აღასრულებს, თუმცა იცის როდის გაჩერდეს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თამაშს თამაშობს ადამიანი ძირითადად არა „დალევის“ პროცესისგან სიამოვნების მისაღებად (მაგალითად, როგორც ნამდვილი ალკოჰოლიკების უმეტესობა), არამედ უპირატესად მისი თანმდევი შედეგით არის დაინტერესებული. ასეთი შედეგი შეიძლება იყოს დაჩაგრულის მდგომარეობა „მდევნელის“ საყვედურის გამო ან მეორე დღის ნაბახუსევი და მასთან დაკავშირებული ისტორიების მოყოლის შანსი. „ალკოჰოლიკის“ მოთამაშესთვის ნაბახუსევი არა იმდენად ფიზიოლოგიური სირთულეა, რამდენადაც ფსიქოლოგიური ფენომენი. მათთვის ორი ყველაზე საყვარელი სალაპარაკო თემაა „რამდენი სასმელი აურიეს“ და „მეორე დილით“. თუ „ალკოჰოლიკი“ წარმატებული მოთამაშეა, მაშინ სხვა როლების შესასრულებლად ყოველთვის მოიძებნება ადამიანები მის გარემოცვაში. ამაში ჩართულები ყოველი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.
რატომ ვთამაშობთ?
ეს არანაკლებ საინტერესო თემაა, ვიდრე თვითონ თამაში. ყველაფერი იმით იწყება, რომ ყველა ადამიანს ფუნდამენტური საჭიროებები დაყვება ბავშვობიდან. ერთ-ერთი ასეთია დროის „სტრუქტურირების შიმშილი“ (სტრუცტურე-ჰუნგერ), რაც გამოიხატება ყოველდღიურ ურთიერთობებში არსებული უხერხული მომენტების შევსების აუცილებლობაში. „მეტი რა ვთქვა ამის შემდეგ…“, „ახლა რა თემაზე ვესაუბრო…“ და ა.შ. ასეთი საჭიროების მაგალითებია.
ადამიანის მუდმივი პრობლემაა თავისუფალი დროის სტრუქტურირება. „სტრუქტურირების შიმშილის“ მთავარი დანიშნულებაა მოწყენილობის თავიდან აცილება. დიდი ხნის გაგრძელების შემთხვევაში „სტრუქტურირების შიმშილს“ შეუძლია ნეგატიური შედეგების მოტანა ემოციური (და შედეგად ბილოგიურიც) გადაგვარების თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ადამიანი იმყოფება სხვა ადამიანების გარემოცვაში, მისი ქვეცნობიერის მიზანია მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჯგუფის სხვა წევრებთან მისი ტრანზაქციის შედეგად. ასეთი სარგებელი შეიძლება იყოს: დაძაბულობის მოხსნა, უხერხული სიტუაციების აცილება „იმპულსების“ მიღება (რაც მომდინარეობის სხვების მიერ ადამიანის აღიარების მოთხოვნილებიდან). თუმცა, მას დროის სტრუქტურირების ინსტრუმენტაჟის თვალსაზრისით შეზღუდული არჩევანი აქვს. ის შესაძლებელია ტრადიციული რიტუალური და ნახევრად რიტუალური სოციალური ურთიერთგაცვლით დაკავდეს. ამის მაგალითია მოქცევის მიღებული ეტიკეტი. ხშირად ნახევრად რიტუალური სტრუქტურირება შედეგად გვაძლევს უსაგნო საუბარს, რომელიც ე.წ. „პასთაიმია“ (“პასტიმე”) და იგი დროის მოხერხებულად გაყვანის საშუალებას იძლევა (მაგ. ამინდზე საუბარი).
დროის სტრუქტურიზების ერთ-ერთი მოსახერხებელი შემთხვევაა, როცა ადამიანი უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს სოციალურ ურთიერთობებში. ასეთი ქცევა გარეგნულად საინტერესო და სათავგადასავლო ხასიათს ატარებს, თუმცა მასში რაღაც კანონზომიერება არსებობს და დაუწერელი წესებით რეგულირება. ასეთ ქცევას მივყავართ სწორედ თამაშებამდე… თამაშია სწორედ სოციალური კონტაქტის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფორმა სოციალური ურთიერთობებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღწევად.
როგორია თამაშის ფსიქოლოგიური საფუძველი?
ყოველ კონკრეტულ მომენტში ადამიანი საკუთარი ეგოს გარკვეულ მდგომარეობაში იმყოფება. ასეთი მგდომარების სამი ფართო ტიპი არსებობს: 1) ეგოს მდგომარეობა, რომელიც საკუთარ მშობლებთან ასოცირდება; 2) ეგოს მდგომარეობა, რომელიც გარემოს ობიექტურად აღიქვამს; 3) ეგოს მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ადრეულ ბავშვობაში მიღებულ შთაბეჭდილებებს ეხმიანება. გადატანით, ეგოს ამ მდგომარეობებს შესაბამისად „მშობელი“, „ზრდასრული“ და „ბავშვი“ ეწოდებათ. ყოველ კონკრეტულ მომენტში ადამიანი მოქმედებს „მშობლის“, „ზრდასრულის“ ან „ბავშვის“ პოზიციიდან და მეტნაკლები მოქნილობით შეუძლია ერთი პოზიციიდან მეორეში გადასვლა.
სამივე მდგომარეობას სასიცოცხლოდ კრიტიკული დანიშნულება აქვს ადამიანის სრულყოფილი და პროდუქტიული ცხოვრებისთვის. ორ ადმიანს შორის სოციალური ტრანზაქცია სწორედ აღნიშნული რომელიმე ეგოს მდგომარეობიდან მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, ხშირად ტანზაქციის გარეშე ფორმა (სოციალურ დონეზე) და მისი შეფარული შინაარსი (ფსიქოლოგიურ დონეზე) შეიძლება სხვადასხვა ეგოს მდგომარეობიდან მიმდინარეობდეს. ხშირია გაყიდვების პროფესიაში. მაგალითად, როცა გამყიდველი გეუბნება, რომ „ეს ძალიან კარგი ავტომობილია, მაგრამ შენ ალბათ ვერ შეძლებ მის შეძენას“, მაშინ გარეგნულად სოციალურ დონეზე გამყიდველი შენ როგორ „მოზარდს“ ისე მოგმართავს, თუმცა იმავდროულად ფსიქოლოგიურ დონეზე გამყიდველის „მოზარდი“ შენს „ბავშვს“ ეხმიანება, რითაც ის პროდუქტის ყიდვის ინსპირაციას აძლიერებს. ასეთი ტრანზაქციები გვხვდება თითქმის ყველგან, ბავშვებში, დაოჯახებულ წყვილებში, ორ ახლადგაცნობილს შორის ფლირტის დროს და ა.შ.
შესაბამისად, თამაში ეს არის სოციალური ტრაზაქციების სერია, რომელიც მოზანმიმართულია გარკვეულ შედეგზე. ეს არის გარეგნულად დამაჯერებელი ტრანზაქციების ერთობლიობა, რომელსაც ქვე–მოტივი უდევს საფუძვლად. ადამიანი ხშირად თამაშობს ისე, რომ ბოლომდე ამას ვერ აცნობიერებს.
დიდია სოციალური თამაშების სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. ის გადაეცემა თაობიდან თაობას. სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა სახის თამაშს ანიჭებს უპირატესობას. ყველა საზოგადოებაში მშობლები თავის შვილებს ბეჯითად ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ საზოგადოებაში და რომელი „პასთაიმი“ ან რიტუალი გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციაში და არა იმას, თუ როგორი თამაშები უნდა აითვისონ შვილებმა და როგორი არა; თუ რომელი თამაშის საშუალება აღმოფხვრან დროულად და უმტკივნეულოდ. სოციალური თამაშები ხომ შემდეგში მათი ცხოვრების ძირითად დინამიკას განაპირობებენ ოჯახსა და საზოგადოებაში.
სოციალური თამაშების გააზრებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ინდივიდის პერსპექტივიდან გამომდინარე. ადამიანი ისეთ მეგობრებს და გარემოცვას ირჩევს, რომლებიც იგივე ტიპის თამაშებს თამაშობენ. თუ ისე არ თამაშობ, როგორც სხვა შენს ჯგუფში, მაშინ აუცილებლად გაირიცხები ჯგუფიდან. ეს თამაშის პერსონალური განზომილებაა. რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონვე აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში, თუ რომელ სოციალურ თამაშს ვთამაშობთ ან დროულად მივხვდეთ, რომელი თამაშისაკენ გვიბიძგებენ სხვები, რათა ჩვენი სოციალური გარემოს უფრო კეთილსინდისიერი და მართალი წევრები გავხდეთ.
ყველას წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში!
ავტორი: თენგო ლომიტაშვილი