in

რაზეა დამოკიდებული სოციალური მედიის ბიუჯეტი და როგორ გავთვალოთ ის

სოციალურ მედიას დღეს თითქმის ყველა ბიზნესი იყენებს, მაგრამ მისი გამოყენება დიდ თანხასთანაც არის დაკავშირებული. აუცილებელია ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრა და გარკვევა, რომელ არხზე რამდენი დაგეხარჯებათ. ასევე, ადამიანური რესურსების გათვალისწინება.

ამ სტატიაში სწორედ მსგავს რეკომენდაციებს მიმოვიხილავთ.

იმისთვის, რომ ბიუჯეტი სწორად გავთვალოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ, რაში გვჭირდება სოციალურ მედიაში ფულის გადახდა. 

  • პირველი, ეს არის ადამიანური რესურსი, რომელიც მოიცავს მინიმუმ ერთ თანამშრომელს და ეს არის სოციალური მედიის მენეჯერი. დამატებით შეიძლება გყავდეთ კონტენტმარკეტერი, კონტენტკრეატორი, გრაფიკოსდიზაინერი და ედვერთაიზერიც;
  • მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია რეკლამა;
  • მესამე – ტექნოლოგია, რომელსაც იყენებთ სოციალურ მედიაში;
  • მეოთხე კი ის არხები, რომლებსაც ირჩევთ თქვენი ბიზნესგვერდების შესაქმნელად.

თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი ინდივიდუალურია და განისაზღვრება იმის მიხედვით, თავად რამდენის გადახდა შეგიძლიათ. სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით Facebook-ს აქვს იმის ფუფუნება, რომ მოგცეთ საშუალება, რეკლამა გაუშვათ 5 დოლარითაც და 500 დოლარითაც. რა თქმა უნდა, ამ ორს შორის არის ფუნქციური სხვაობა და მეტი ბიუჯეტი მეტად აუდიტორიაზე მორგებული რეკლამის განთავსების საშუალებას იძლევა, თუმცა არჩევანი თქვენზეა. ზოგადად, ჯობს, რომ რეკლამაში ფულის სწორად გასახარჯად ედვერთაიზერი დაიქირაოთ, ერთჯერადად მაინც, რომელიც თავიდან გაწერს ბიუჯეტს და დააკვალიანებს სოცმედია მენეჯერს, სამომავლოდ რის მიხედვით გახარჯოს სარეკლამო ბიუჯეტი.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ესეც თქვენს სურვილებსა და  ბიზნესსაჭიროებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ Canva-ს პრემიუმპაკეტი, გამოყოთ თანხა SEO ოპტიმიზაციისთვის, ანალიტიკური აპლიკაციებისთვის და სხვა.

ადამიანური რესურსის შემთხვევაში კი, ცხადია, სასურველია მთლიანი სოცმედია გუნდის ყოლა, თუმცა ესეც თქვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მინიმალური ბიუჯეტი მაინც უნდა გათვალოთ სოცმედია მენეჯერისა და გრაფიკოსდიზაინერის პოზიციებზე, რადგან ვიზუალური მასალა და პოსტების განთავსება თუ რეპორტების მომზადება თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია.

ბიუჯეტის გამოყოფის ვარიანტები

ფრილანსერი თანამშრომლები

იმის მაგიერ, რომ დაიქირაოთ მუდმივი თანამშრომლები, რომლებიც დილიდან საღამომდე ოფისში ისხდებიან, შეგიძლიათ დღეს ძალიან აპრობირებულ მეთოდს, ფრილანსერ თანამშრომლებს მიმართოთ. ისინი თქვენთან დისტანციურად ან ჰიბრიდულად იმუშავებენ და კონკრეტული დავალების მიხედვით  მოგიწევთ მათი სამუშაოს ანაზღაურება. პირობითად, ცალკეული ანაზღაურება თვიური რეპორტისთვის, ცალკეული ანაზღაურება კვირაში ერთი პოსტის დადებისა და დასპონსორებისთვის და ა.შ. თუ თქვენი გვერდი ყოველდღიურ და ინტენსიურ აქტიურობას მოითხოვს, მაშინ ალბათ სრულ განაკვეთზე ჯობს ფიქრი, მაგრამ თუ ასეთი აქტივობა არ გაქვთ, ფრილანსერები თქვენთვის კარგი გამოსავალია.

სააგენტო

სარეკლამო და ციფრულ სააგენტოებს აქვთ სოცმედია მომსახურებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქირაობთ სააგენტოს, რომელიც აუთსორსზე იღებს თქვენს გვერდებს, მართავს მათ და გაწვდით ანალიტიკას. ეს, რა თქმა უნდა, მეტი დაგიჯდებათ, ვიდრე ფრილანსერები, მაგრამ შეიძლება საერთო ჯამში უფრო ბიუჯეტური იყოს, ვიდრე მთლიანი გუნდის სათითაოდ აყვანა და თითოეულისთვის ხელფასის დანიშვნა. კომპანიისთვის ეს შეიძლება საინტერესო ვარიანტი იყოს, რადგან სააგენტო გაძლევთ ყოვლისმომცველ, სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც სარგებელს მოგიტანთ.

სოცმედია არხები, რომლებზეც შეიძლება მოგიწიოთ ბიუჯეტის დახარჯვა

ძირითადი პლატფორმები, რომლებსაც საქართველოში იყენებენ:

  • Facebook
  • Instagram
  • YouTube
  • LinkedIn
  • TikTok

ეს უკანასკნელი საქართველოში რეკლამის ბიუჯეტს არ ითხოვს (ჯერჯერობით), თუმცა სხვა ყველა ჩამოთვლილ პლატფორმაზე რეკლამის გაშვება ფასიანია, ამიტომ კარგად უნდა აარჩიოთ, რომელი მათგანი სჭირდება თქვენს ბიზნესს. მაგალითად, თქვენი კომპანია შეიძლება ფოკუსირებული იყოს Facebook-ზე, Instagram-ზე და YouTube-ზე. ამის განსაზღვრაში სოციალური მედიის მენეჯერი და მარკეტერი დაგეხმარებიან. 

ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რაც ამ ნაწილში უნდა გაითვალისწინოთ, არის პლატფორმის მიხედვით რეკლამის მორგება. ფულის და დროის დაზოგვის მიზნით, კომპანიები ხშირად ერთსა და იმავე რეკლამას აკოპირებენ ყველა სოციალურ ქსელში, რაც არასწორია და შეიძლება მეტ დანახარჯებთან მიგვიყვანოს. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს სხვადასხვა გამოცდილებისთვის. ამიტომ თქვენც უნდა მოერგოთ ამ ყველაფერს და თითოეული პლატფორმისთვის უნიკალურად შეიმუშაოთ რეკლამა. 

ბოლოს, ისიც გაითვალისწინეთ, რომ სოციალური მედიის მარკეტინგის პლატფორმების ღირებულება ცვალებადია. ახალმა ტენდენციებმა და ტექნოლოგიებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რამდენი დაგიჯდებათ თქვენი მარკეტინგული ძალისხმევა. ყველა ვარიანტში, სოციალური მედიის მარკეტინგის ძირითადი კომპონენტების კარგად გააზრება არის საწყისი წერტილი ყველა სხვა ხარჯის აღსარიცხად.

British Airways-მა თანამშრომლები ბრიჯერტონის პერსონაჟებად აქცია

აი, როგორ გადმოიტანეს სპილოს ხმები ბრენდინგში